ბირთვული ესკალაციის საფრთხე რუსეთის ომში უკრაინის წინააღმდეგ
IAEA გენერალური მდივნის ახალი ინიციატივა ზაპორიჟიის ბირთვული უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესახებ
2023 წლის 22 მაისს ვაშინგტონ პოსტში გამოქვეყნებულ სტატიის თანახმად, ევროპელი დიპლომატები აცხადებენ, რომ IAEA-ს გენერალური დირექტორი ცდილობს გაეროს უშიშროების საბჭოში შეთანხმების მიღწევას, რათა უზრუნველყოს უკრაინის ზაპოროჟიის ბირთვული ელექტროსადგურის (ZNPP) დაცულობა და უსაფრთხოება უკრაინის სამხედრო ძალების მიერ დაგეგმილი კონტრშეტევის წინ. IAEA-ს ექსპერტები თვლიან, რომ კონტრშეტევის დროს კიევის ძალების გადაადგილება შეიძლება ბირთვული ობიექტის გავლით მოხდეს.
შესაბამისად, მოსალოდნელი ბირთვული კატასტროფის შედეგების შესამცირებლად, IAEA-ს გენერალური დირექტორი, რაფაელ მარიანო გროსი გეგმავს 2023 წლის 30 მაისს გაეროს უშიშროების საბჭოს წარუდგინოს ხუთი პრინციპი: (1) ქარხანაში მძიმე სამხედრო ტექნიკისა და სამხედრო პერსონალის განთავსების აკრძალვა; (2) ბირთვული ობიექტის ტერიტორიიდან და მისი მიმართულებით სროლის აკრძალვა, მათ შორის ადგილზე პერსონალზე თავდასხმის აკრძალვა; (3) ბირთვული ობიექტის უსაფრთხოების და დაცულობის ყველა სისტემის დაცვა; (4) ყველა გარეშე ელექტრონერგიის მიწოდების სისტემის დაცვა; და (5) ზემოაღნიშნული პრინციპების შესაბამისობის მონიტორინგი.
ექსპერტები ერთხმად აღნიშნავენ, რომ ეს გეგმა ნაკლებად ამბიციურია, ვიდრე გროსის თავდაპირველი მცდელობა, შეექმნა სრულყოფილი უსაფრთხოების ზონა ბირთვული ინფრასტრუქტურის ირგვლივ. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ამ გეგმას მაინც შეუძლია გააუმჯობესოს არასტაბილური სიტუაცია.
ვაშინგტონ პოსტი აცხადებს, რომ გროსიმ უკვე მოიპოვა მოსკოვის მხარდაჭერა ხუთპუნქტიანი გეგმის მიმართ, თუმცა ამ ეტაპზე, საერთაშორისო დამკვირვებლები აღიარებენ, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებს შორის კონსენსუსის მიღწევა რთულად წარმოსადგენია. ასევე ნათელია, რომ უკრაინის ხელისუფლება არ აპირებს, შუამავლის უფლებამოსილება მისცეს საერთაშორისო ძალებს, სანამ რუსეთი სრულად არ გაიყვანს სამხედრო ძალებს ენერგოდარიდან.
ვაშინგტონ პოსტის სტატიის მიხედვით, უკანასკნელ თვეებში ინტერნეტში გაჟონილი ათობით უაღრესად გასაიდუმლოებული დოკუმენტის თანახმად, თებერვლის შუა რიცხვებში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „დაჟინებით მოითხოვა მთავრობის ოფიციალური პირებისგან, ხელი შეეშალათ IAEA-ს გენერალური დირექტორი გროსისთვის, დაეთანხმებინა კიევი არსებული რეალობის პირობებში ZNPP-ს დემილიტარიზაციაზე, რადგან ეს არ შედიოდა კიევის ინტერესებში. ამის დასტურია მაისის თვეში უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის მიერ გაკეთებული განცხადებები საერთაშორისო ფორუმებზე.
2023 წლის 19 მაისს საუდის არაბეთში, არაბთა ლიგაში, სიტყვით გამოსვლისას ზელენსკიმ თქვა, რომ დარწმუნებულია, რომ არცერთი ერი არ აღიარებს ბირთვული სადგურის სამხედრო ოკუპაციას, რათა მტერმა გამოიყენოს იგი მსოფლიოს შანტაჟისთვის ბირთვული კატასტროფის გამო. ამას გარდა, ორი დღის შემდეგ, 21 მაისს დიდი შვიდეულის ლიდერების შეხვედრაზე იაპონიის ქალაქ ჰიროსიმაში მან განაცხადა, რომ რუსეთის მიერ ბირთვული ობიექტის აღების გამო შეიძლება უკრაინის საზღვრებს მიღმა მცხოვრებ ადამიანებს რადიაციული საფრთხე დაემუქროს.
2022 წლის აგვისტოს თვიდან IAEA-მ მოახერხა ბირთვული უსაფრთხოების ექსპერტების მცირე ჯგუფის განთავსება ზაპორიჟიას ბირთვულ ელექტროსადგურზე. მას შემდეგ, IAEA რეგულარულად ცვლის დამკვირვებელი ექსპერტებით დაკომპლექტებულ გუნდებს - ისინი ბირთვული ინსპექტორები არიან და არ აქვთ სპეციფიკური სამხედრო გამოცდილება IAEA-ს ვიწრო მანდატის გამო.
ელეტროენერგიის მიწოდების და პერსონალის დაცულობის პრობლემები ზაპოროჟიის ბირთვულ ობიექტზე
მიუხედავად იმისა, რომ ZNPP-ს ბირთვული ობიექტის ექვსი რეაქტორი სექტემბრის თვიდან ცივი გამორთვის რეჟიმშია, ადგილზე ჯერ კიდევ ათიათასობით კილოგრამი რადიოაქტიური მასალა ინახება. ამასთან, ობიექტმა რამდენჯერმე დაკარგა წვდომა გარეშე ელექტროენერგიის მიწოდების სისტემებზე ტერიტორიის დაბომბვის გამო, რის გამოც დაწესებულების თანამშრომლებმა მოიხმარეს დიზელის გენერატორები, რათა უზრუნველყოფილიყო რეაქტორებისა და დახარჯული საწვავის აუზების უწყვეტი გაგრილება.
2023 ელის 22 მაისს, დილით, ატომური ენერგიების საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) განცხადებით, ZNPP კიდევ ერთხელ, უკვე მეშვიდეჯერ, დაკარგა წვდომა გარე ენერგეტიკული მომარაგების სისტემაზე რამდენიმე საათის განმავლობაში, რაც ართულებს ობიექტზე ბირთვული დაცულობისა და უსაფრთხოების ისედაც უკიდურესად მწვავე მდგომარეობას და ხაზს უსვამს მისი დაცვისა და ავარიის თავიდან აცილების ზომების მიღების გადაუდებელ აუცილებლობას.
ქარხანაში მყოფი IAEA-ს ექსპერტების თქმით, ZNPP-ის ერთადერთი დარჩენილი გარე 750 კილოვოლტი (კვ) ელექტროგადამცემი ხაზი გაწყდა ადგილობრივი დროით დილის 05:30 საათზე და ხელახლა დაუკავშირდა ხუთი საათის შემდეგ. ZNPP-ს არ გააჩნია სარეზერვო ელექტროგადამცემი ხაზები, რადგან ბოლო მოქმედი 330 კვ ელექტროგადამცემი ხაზი დაზიანდა მდინარე დნეპროს მარჯვენა სანაპიროზე 2023 წლის 1 მარტს. ეს სარეზერვო ელექტროგადამცემი ხაზი ჯერ კიდევ არ არის გარემონტებული, რაც იმას ნიშნავს, რომ როდესაც 750 კვ ხაზი იკარგება, სადგური დამოკიდებული ხდება დიზელის გენერატორებზე, რომლებიც მისი ბოლო თავდაცვის ხაზია ელექტროენერგიის მიწოდებისთვის.
ZNPP-ის ექვსი რეაქტორიდან ხუთი უკვე ცივ გამორთვაში იყო 22 მაისის ელექტროენერგიის გათიშვამდე და მზადება მიმდინარეობდა ასევე მე-5 ბლოკის ცხელიდან ცივზე გადასაყვანად. მიმდებარე ელექტროენერგიის აღდგენის შემდეგ, მე-5 ბლოკი უბრუნდება ცხელ გამორთვას.
„ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ახლა, რათა თავიდან ავიცილოთ ევროპაში ბირთვული ავარიის რეალური საშიშროება, რასაც თანმდევი შედეგები მოჰყვება საზოგადოებისა და გარემოსთვის“, - განაცხადა გენერალურმა დირექტორმა გროსიმ.
ბირთვული დაცულობის და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად IAEA-ს მიერ გაცხადებული შვიდი შეუცვლელი საყრდენიდან ერთ-ერთი ხაზს უსვამს ბირთვული ობიექტების ქსელიდან უსაფრთხო ელექტრომომარაგების აუცილებლობას. ასევე მნიშვნელოვანია ბირთვულ ობიექტზე პერსონალის დაცვა მათ მიმართ შესაძლო ზეწოლისა და გარე ძალების ზემოქმედებისგან.
ამასთან დაკავშირებით, აღსანიშნავია, რომ 2023 წლის 19 მაისს ქალაქ ენერგოდართან ახლოს, სადაც ZNPP-ს თანამშრომლების უმეტესობა ცხოვრობს, საარტილერიო ცეცხლი გახსნეს, რაც მიუთითებს რეგიონში მზარდ დაძაბულებას.
გენერალურმა დირექტორმა გროსიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი გადაწყვეტილება, უზრუნველყოს ევროპის უდიდესი ატომური ელექტროსადგურის დაცვა, რომელიც 15- თვიანი კონფლიქტის განმავლობაში რამდენჯერმე დაიბომბა, და თქვა, რომ სამხედროებმა არ უნდა ესროლონ ბირთვულ ობიექტს და არ უნდა გამოიყენონ ის სამხედრო ბაზად. „კონფლიქტის დროს ქარხნის დაცვის პრინციპების ერთობლიობაზე შეთანხმება ყველას ინტერესში უნდა იყოს“, - განაცხადა მან. თუმცა, ბირთვული ობიექტის პერსონალი და მათი ოჯახები კონფლიქტის დროს უკიდურესად მძიმე და სტრესულ პირობებში იმყოფებიან.
ენერგოდარიდან ზოგიერთი მაცხოვრებლის ბოლოდროინდელმა ევაკუაციამ დაამატებითი გაურკვევლობა შესძინა საშტატო ვითარებას. IAEA-ს ექსპერტებმა ამ თვის დასაწყისში დააფიქსირეს ქარხნის პერსონალის შემცირება მიუხედავად იმისა, რომ 15 მაისს, რეგულარული თანამშრომლები დაბრუნდნენ ქარხანაში და განაგრძეს მუშაობა, სამუშაო ძალის რაოდენობა ჯერ კიდევ გაცილებით დაბალია კონფლიქტამდელ დონეზე, და აშკარად არასაკმარისია რეგულარული სამუშაოების შესასრულებლად.
IAEA-ს ექსპერტები ასევე აცხადებენ, რომ პერსონალის შემცირებული რაოდენობა განპირობებული იყო ბოლოდროინდელი არდადეგების პერიოდითა და რეგიონში არსებული ვითარებით,
„ბირთვული ელექტროსადგურის უსაფრთხოდ ფუნქციონირების ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში შენარჩუნება შეუძლებელია მხოლოდ აუცილებელი პერსონალით. ობიექტის უსაფრთხოება, თუნდაც გათიშულ მდგომარეობაში, მოითხოვს ობიექტის აღჭურვილობის ადეკვატურ შენარჩუნებას ისევე, როგორც სხვა რეგულარულ და მნიშვნელოვან სამუშაოებს. შემაშფოთებელია, რომ დადგენილ ტექნიკურ პროგრამას უკვე მრავალი თვეა არ იცავენ“, - განაცხადა გენერალურმა დირექტორმა გროსიმ.
IAEA-ს დამკვირვებელთა გუნდის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ მაისის დასაწყისში ადგილზე ნაკლები პერსონალი იყო, მთავარ საკონტროლო ოთახებში მომუშავე ძირითადი პერსონალი ხელმისაწვდომი იყო, და ეს ეხებოდა ყველა ცვლას. IAEA-ს ექსპერტები ჩართული იყვნენ პერსონალთან ერთად რეაქტორის მართვის ოთახებში წარმართულ საქმიანობაში; ისინი ადასტურებენ, რომ პრიორიტეტი რჩება საკმარისი პერსონალის ყოლა, რათა დააკმაყოფილდეს ყველა შესაბამისი მარეგულირებელი მოთხოვნა, მათ შორის ბირთვული და სამრეწველო უსაფრთხოებისთვის.
არსებული გარემოებების გათვალისწინებით, მაისის ბოლოს IAEA-ს გენერალურმა დირექტორმა გროსიმ გამოთქვა შეშფოთება, რომ პერსონალთან დაკავშირებით რთულმა სიტუაციამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ZNPP-ის უნარზე სათანადოდ შეინარჩუნოს სისტემები, რომლებიც მნიშვნელოვანია ბირთვული დაცულობისა და უსაფრთხოებისთვის. საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში ეს ზრდის ატომური ავარიის რისკს და მასთან დაკავშირებულ შედეგებს მოსახლეობასა და გარემოზე. პერსონალი მზად უნდა იყოს ზაპოროჟიის ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოების დონის სათანადოდ შესანარჩუნებლად. „ჩვენი შეფასებაა, რომ მოქმედი პერსონალის ამჟამინდელი დონე საკმარისია. მაგრამ ეს არ არის მთავარი ბირთვული ელექტროსადგურის უსაფრთხო და მდგრადი ექსპლუატაციისათვის.“
IAEA-ს ექსპერტთა გუნდი ასევე იტყობინება, რომ ბირთვული ობიექტის უსაფრთხო ფუნქციონირებას ხელს უშლის გარე კონტრაქტორების არარსებობა (რომლებიც წარსულში ასრულებდნენ ტექნიკური სამუშაოების ნაწილს) და სარემონტო სამუშაოებისთვის საჭირო სათადარიგო ნაწილების ნაკლებობა, კრიტიკული კომპონენტების ჩათვლით.
IAEA-ს ექსპერტები, ასევე, აკვირდებიან კახოვკას წყალსაცავის სიმაღლეს, რადგანაც ის უზრუნველყოფს გამაგრილებელ წყალს ZNPP-თვის. წყალსაცავის სიმაღლე მნიშვნელოვნად გაიზარდა ბოლო ერთი თვის განმავლობაში და 6 მაისს ის იყო ისტორიულად მაღალ დონეზე 17,12 მ., რამაც გამოიწვია შეშფოთება, რომ მაღალმა დონემ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ბირთვული ელექტროსადგურის გამართულ ფუნქციონირებაზე. სიმაღლე ამჟამად სტაბილურია 17.06 მეტრზე. ZNPP-ს უბნის სიმაღლე კი 22 მეტრია, რაც დაახლოებით ხუთი მეტრით მაღალია წყალსაცავის ამჟამინდელ სიმაღლეზე.
”მე ვაგრძელებ ინტენსიურ მოლაპარაკებებს ყველა ჩართულ მხარესთან ზაპორიჟიას ატომური ელექტროსადგურის დაცვის უზრუნველსაყოფად. მე არ გავჩერდები, სანამ ეს არ იქნება მიღწეული“, - აცხადებს IAEA-ს გენერალური დირექტორი, რაფაელ მარიანო გროსი.
გამოყენებული წყაროები:
Update 159 – IAEA Director General Statement on Situation in Ukraine, 22 May 2023, Available at: https://www.iaea.org/newscenter/pressreleases/update-159-iaea-director-general-statement-on-situation-in-ukraine
Update 158 – IAEA Director General Statement on Situation in Ukraine , 19 May 2023, Available at: https://www.iaea.org/newscenter/pressreleases/update-158-iaea-director-general-statement-on-situation-in-ukraine
Update 157 – IAEA Director General Statement on Situation in Ukraine , 19 May 2023, Available at: https://www.iaea.org/newscenter/pressreleases/update-157-iaea-director-general-statement-on-situation-in-ukraine