რუსეთის წინააღმდეგ აშშ და ევროკავშირის სანქციების განხორციელება და მისი მნიშვნელობა უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულ ომში

Ukraine war14

მასალა მომზადებულია შემდეგი სტატიის მიხედვით:

Darya Dolzikova, Daniel Salisbury. “Triple threat: Russia, Iran, and North Korea trade arms to get around sanctions”. Bulletin of the Atomic Scientists, December 28, 2022.

Available at: https://thebulletin.org/2022/12/triple-threat-russia-iran-and-north-korea-trade-arms-to-get-around-sanctions/

16 დეკემბერს აშშ ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის სააგენტოს დირექტორმა, უილიამ ბერნსმა, გამოთქვა შეშფოთება იმის თაობაზე, რომ სანქცირებულ რუსეთსა და ირანს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა იწყება. ამას ასაბუთებს უკანასკნელ თვეების მანძილზე გავრცელებული ინფრომაცია, რომ რუსული ძალები უკრაინის ქალაქების დაბომბვისას და ზოგადად უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ შეტევებში იყენებენ ირანული წარმოების UAVs დრონებს. ასევე ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ირანი აპირებს რუსეთისთვის რაკეტების გადაცემასაც, და რომ რუსეთმა ვაგნერის დანაყოფებისათვის ჩრდილოეთ კორეაში შეისყიდა ქვეითთა რაკეტები.

ეკონომიკურ და სამხედრო სფეროში სანქცირებულ და სამხედრო ემბარგოს ქვეშ მყოფ ქვეყნებს შორის თანამშრომლობა ახალი მოვლენა არ არის; ამის გამო არ არის გასაკვირი, რომ რუსეთი ცდილობს შეისყიდოს სამხედრო შეიარაღება ირანისა და ჩრდილოეთ კორეასგან. რუსეთის ეკონომიკის და რუსეთის სამხედრო შესყიდვების შემდგომ შეზღუდვებთან ერთად მოსკოვი გააგრძელებს სავაჭრო შესაძლებლობების გაფართოებას ირანსა და ჩრდილოეთ კორეასთან, რაშიც გამოიყენებს უკვე კარგად ნაცნობ უკანონო ვაჭრობისა და სანქციების გვერდის ავლის მეთოდებს. ამის საწინააღმდეგო ეფექტური ღონისძიებების გასატარებლად მნიშვნელოვანია იმის გაგება, თუ როგორ გამოიყენებს მოსკოვი სანქციების გვერდის ავლის პრაქტიკას და რა ახალ პრობლემებს შექმნის ის.

რუსეთისთვის დასავლეთთან ვაჭრობისა და ფინანსური ურთიერთქმედებების შეზღუდვები აიძულებს მას ფხენიანთან და თეირანთან მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობა განავითაროს, და ეს მხოლოდ ვაჭრობას არ ეხება. მაგალითად დრონების გაყიდვასთან ერთად ირანის ეროვნული გვარდია ატრენინგებს რუს სამხედროებს მათ UAV-ის გამოყენებაში. აშშ დაზვერვის მონაცემებით, ირანი აპირებს რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების გადაცემას (Fateh-110 და Zolfaghar). თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს კოორდინატორმა სტრატეგიული კომუნიკაციის სფეროში, ჯონ კირბიმ, დეკემბერში განაცხადა, რომ აშშ ასევე მოელის, რომ საპასუხოდ რუსეთი გადასცემს ირანს სუ-35 სამხედრო თვითმფრინავებს და შექმნის ირანული შაჰიდი დრონების ერთობლივ წარმოებას ირანთან.

ჯერჯერობით მხოლოდ ირანული დრონების გამოყენება დასტურდება რუსული სამხედრო შენაერთების მიერ უკრაინასთან ომში, თუმცა სამხედრო ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ჩრდილოეთ კორეის სამხედრო შესაძლებლობები შეიძლება მოთხოვნადი იყოს რუსულ ჯარში, რადგან ორივე ქვეყნის სამხედრო დოქტრინა დიდადაა დამოკიდებული არტილერიის გამოყენებაზე. ჩრდილოეთ კორეის ყუმბარები და რაკეტები ძირითადად შექმნილია ძველი საბჭოთა დროის დიზაინის შემდგომი გაუმჯობესების საფუძველზე, რაც აღმოჩნდა მოთხოვნადი იარაღის ბაზარზე, და ჩრდილოეთ კორეამ უკანასკნელ წლებში უკვე გაყიდა ეს შეიარაღება სხვა ქვეყნებში, რაც აჩენს იმის ეჭვს, რომ რუსეთმაც შეიძლება ისარგებლოს ამ შეიარაღების ხელმისაწვდომობით მისი ჯარისათვის.

ირანს, ჩრდილოეთ კორეასა და ყოფილ საბჭოთა კავშირს სანქციების ქვეშ ვაჭრობისა და ცხოვრების ხანგრძლივი გამოცდილება აქვთ.საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ხანა დასრულდა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ და რუსეთს, როგორც მის სამართალმემკვიდრეს, სანქციები მოეხსნა. თუმცა, 2014 წლის უკრაინის ყირიმის უკანონო ანექსიის შემდეგ, მალევე, დასავლეთის ქვეყნებმა განაახლეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციები, რომლებიც კიდევ უფრო გამკაცრდა 2022 წელს უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის დაწყების შემდეგ.

ირანი აშშ სავაჭრო ემბარგოს ქვეშ ისლამური რევოლუციის შემდეგ, 1979 წლიდან, არის, ხოლო 2006 წლიდან უკვე პროგრესირებადი ძვირადღირებული საერთაშორისო სავაჭრო სანქციების ქვეშ ხვდება, მათ შორის მას ეზღუდება შეიარაღების სისტემებით ვაჭრობა. მიუხედავად იმისა, რომ 2015 წ, აშშ, სხვა ბირთვულ სახელმწიფოებმა და გერმანიამ ირანთან ერთობლივი ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმა შეათანხმა (the Joint Comprehensive Plan of Action, JCPOA), და ირანის წინააღმდეგ მოქმედი საერთაშორისო სავაჭრო სანქციები შემსუბუქდა, შეიარაღებით ვაჭრობა დარჩა სანქციების ჩამონათვალში. თუმცა, ირანი მხარს უჭერდა სირიას 2011 წლიდან მიმდინარე სამოქალაქო ომის დროს.

ჩრდილოეთ კორეას განსხვავებული ისტორია აქვს სანქციებთან დაკავშირებით. მას სავაჭრო შეზღუდვები ჰქონდათ 50-იანი წლებიდან, შეიარაღებაზე და ტექნოლოგიებზე ემბარგოს ჩათვლით. 2006 წლიდან კი ჩრდილოეთ კორეაზე ვრცელდება პროგრესირებადი გაეროს სანქციები, რომელიც უკავშირდება ჩრდილოეთ კორეის მიერ ბირთვული სამხედრო პროგრამის წარმოებას. თუმცა ამას არ შეუშლია ხელი ჩრდილოეთ კორეისთვის, მიეწოდებინა შეიარაღება სირიის, მიანმარის, კუბის, კონგოს დემოკრატიული რესპულიკის, უგანდის მთავრობების მოთხოვნით.

დასავლეთის მკვლევრები და საერთაშორისო დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ ირანის, ჩრდილოეთ კორეისა და რუსეთის მიერ უკანონო სავაჭრო ურთიერთობების წარმართვის მეთოდებიდან რამდენიმე გამოირჩევა - მაგალითად, შესყიდვებისა და ფინანსური ოპერაციების განმახორციელებელი რთული ქსელების შექმნა, რომელიც იყენებს წარმომადგენელ კონპანიებს (ფრონტალურ კომპანიებს), საბანკო ანგარიშებს, შესყიდვების აგენტებს მესამე ქვეყანაში, სადაც არ ექცევა ყურადღება და სუსტად ხორციელდება სანქციების პოლიტიკა. ირანის, ჩრდილოეთ კორეისა და რუსეთის დიპლომატები და სადაზვერვო სააგენტოს წარმომადგენლები იყენებენ სახელმწიფო თანხებს და დიპლომატიურ პრივილეგიებს იმისთვის, რომ მხარი დაუჭირონ ამ ქსელების შექმნას და ოპერირებას. სამიზნე ქვეყანაში მოქმედი კორუფციაში გახვეული ფასილიტატორები ასეთ ქმედებებზე ხუჭავენ თვალს.

მაგალითად, ცნობილია, რომ რუსეთის ლოგისტიკური კომპანიების წარმომადგენლები მართავენ სემინარებს სანქცირებულ ქვეყნებთან ვაჭრობის წარმოების შესახებ, რომლის დროსაც ხაზს უსვამენ ე.წ. მეგობრული ქვეყნების (მაგალითად, თურქეთის), როგორც სატრანსპორტო ჰაბის, ღირებულებას.

ასეთ სამიზნე ქვეყნებად მოსკოვი, როგორც წესი, ირჩევს ქვეყნებს, რომლებთანაც შეიძლება უკანონო ვაჭრობის წარმოება - თურქეთი, გაერთიანებული არაბეთის ემირატები, ჰონგ-კონგი, ეს ქვეყნები ეხმარებიან სანქცირებულ ქვეყნებს სანქციების თავის არიდებაში, მათ შორის ირანს და ჩრდილოეთ კორეას.

ასეთ ქვეყანათა რიცხვშია ჩინეთიც - ის ადრე ჩრდილოეთ კორეას ეხმარებოდა სანქციების გვერდის ავლაში და ირანული ნავთობის ერთ-ერთი ძირითადი იმპორტიორი იყო აშშ სანქციების გვერდის ავლით. ჩინეთი, ასევე, შუამდგომლობდა სარაკეტო ტექნოლოგიების ტრანსფერებს ირანსა და ჩრდილოეთ კორეას შორის. ჰონგ-კონგი და ჩინეთი უკვე არიან შემჩნეული იმაში, რომ ამარაგებენ რუსეთს დასავლური ტექნოლოგიური კომპონენტებით იარაღის საწარმოებლად, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება დასავლური სანქციების ეფექტიანობის შესასუსტებლად რუსეთისათვის.

2022 წელს რუსეთის წინააღმდეგ აშშ და ევროკავშირის სანქციების სრულად გაზიარება მხოლოდ უკრაინის მხარდამჭერმა ცოტა ქვეყანამ თუ მოახერხა. შესაბამისად, მოსკოვის წინაშეა მესამე ქვეყნების ფართო სპექტრი, რომელთაგანაც ის აირჩევს მას, ვინც დათანხმდება ცალმხრივი სანქციების გვერდის ავლას.

ამასთან, არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რომელიც დამატებით ეხმარება რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში.მაგალითად, რუსეთის ვეტოს უფლება გაეროს უშიშროების საბჭოში ასევე ნიშნავს, რომ ნებისმიერი საერთაშორისო სავაჭრო შეზღუდვის მიღება შეუძლებელი იქნება.

ზოგადად, დასავლეთის ქვეყნების შესაძლებლობები საკმაოდ შეზღუდულია სამხედრო ან სტრატეგიული საქონლის გადაზიდვაზე იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი იპოვის გზებს, თავიდან აიცილოს გადაზიდვა დასავლეთის სანქციებისადმი თანამგრძნობი იურისდიქციების მეშვეობით. მაგალითად, თუ ჩრდილოეთ კორეა მოსკოვს სამხედრო საქონელს მიაწოდებს, საერთო სახმელეთო საზღვარი ვაჭრობის შეზღუდვის შესაძლებლობას არ მისცემს. იმავდროულად, როგორც ჩანს, რუსეთი და ირანი ქმნიან სავაჭრო დერეფანს კასპიისა და აზოვის ზღვების გავლით. გავრცელებული ინფორმაციით, ირანი ასევე აწვდის უპილოტო თვითმფრინავებს რუსეთს საჰაერო გზით. ასეთი გადაზიდვების ზედამხედველობა და აკრძალვა უფრო რთულია საზღვაო გადაზიდვებთან შედარებით. როგორც ჩანს, რუსეთი ასევე იყენებს კავკასიისა და ცენტრალური აზიის რამდენიმე ქვეყანას ევროკავშირიდან საქონლის გადასაზიდად. მოსკოვი შეიძლება შეეცადოს გამოიყენოს ეს რეგიონები, როგორც სახმელეთო გზა რუსეთსა და ირანს შორის საქონლის გადასაზიდად, რაც აკრძალვას დამოკიდებულს გახდის სატრანზიტო ქვეყნების შესაძლებლობებზე და სანქციების განხორციელების სურვილზე.

გარდა ამისა, რუსეთს სანქციების დაძლევის უფრო დიდი შესაძლებლობა აქვს, ვიდრე ირანს და ჩრდილოეთ კორეას: შედარებით ძლიერი ეკონომიკა, უფრო დიდი სამხედრო-ინდუსტრიული კომპლექსი, ისევე, როგორც მეტი სადაზვერვო, დიპლომატიური და კომერციული შესაძლებლობები საზღვარგარეთ. ეს ყველაფერი აძლევს რუსეთს უფრო დიდ რესურსებს სანქციების აცილების ოპერაციების განსახორციელებლად. მაგრამ, თავის მხრივ, რუსეთის ეკონომიკის, მისი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისა და მისი შეიარაღებული ძალების საჭიროებები ომის დროს ასევე ბევრად მეტია, ვიდრე, მაგალითად, ჩრდილოეთ კორეის.

რუსეთის სანქციების თავიდან აცილების მცდელობა მოითხოვს საპასუხო ზომების - ე.წ. კონტრზომების განხორციელების გაძლიერებას, ასევე, ამ ზომების ახალ გამოწვევებთან ადაპტაციას. იმ იურისდიქციებში, რომლებმაც მიიღეს სანქციები რუსეთის მიმართ, მთავარია კერძო სექტორის ცნობიერების ამაღლება სანქციების აცილების მეთოდების შესახებ. მთავრობებმა უნდა გააგრძელონ სანქციების თავიდან აცილებაში ჩართული სუბიექტების იდენტიფიცირება და სანქციების დაწესება; ამ საქმეში მათი დახმარება შეუძლიათ გამომძიებელ ჟურნალისტებს და კვლევით დაწესებულებებს. სანქციების აცილების დაფიქსირებულ შაბლონებზე, მაღალი რისკის მესამე ქვეყნებზე და სანქციების აცილების პირთათვის განსაკუთრებული ინტერესის მქონე საქონლის იდენტიფიცირება და რჩევების გაცემა დაეხმარება ბიზნესს, უფრო ნიუანსირებული და ეფექტიანი მიდგომა მიიღონ რუსეთზე სანქციების განხორციელებაში.

შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები აგრძელებენ თანამშრომლობას ქვეყნებთან, რომლებსაც შეუძლიათ შეასრულონ ისეთი მესამე ქვეყნების როლი, რაც ხელს შეუწყობს ამ ‘ექსპორტის კონტროლისა და სანქციების განხორციელებას’. განსაკუთრებით ღირებული შეიძლება აღმოჩნდეს ურთიერთობა ქვეყნებთან, რომლებიც გეოგრაფიულად მდებარეობს რუსეთსა და ირანს შორის და იმ ქვეყნებთან, რომლებსაც აქვთ სანქციების აცილების ფაქტები მათი უკანონო საქმიანობის შესახებ.

გარდა ამისა, აშშ-სთვის მნიშვნელოვანია ჩინეთთან დიალოგის შენარჩუნება, რომელიც რუსეთის მიმართ სანქციების ეფექტურობის მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორია. მთავრობებმა, მკვლევრებმა და ჟურნალისტებმა უნდა გააშუქონ ჩინეთის სუბიექტების ნებისმიერი მხარდაჭერა რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიისთვის, რაც პეკინს უფრო მეტი თავშეკავებისკენ უბიძგებს.

იმ შემთხვევებისთვის, როდესაც მესამე ქვეანაში სანქციების განხორციელება ნაკლებად სავარაუდოა, აშშ-ს მთავრობამ შეიმუშავა ექსტრატერიტორიული ინსტრუმენტების ნაკრები, რომელსაც იყენებს პროლიფერატორების დასასჯელად. ფარული ქმედების დახმარებით, მაგალითად, კომპრომეტირებული ტექნოლოგიის შეყვანით უკანონო მიწოდების ჯაჭვში, შეიძლება გამომჟღავნდეს სანქციების დამრღვევი ქვეყანა, რასაც მოჰყვება აშშ-ს მხრიდან პოლიტიკური და დიპლომატიური ქმედება. მოსალოდნელია, რომ ვაშინგტონში დაგეგმავენ და განახორციელებენ ასეთ ოპერაციებს უკრაინაში არსებული ჰუმანიტარული ვითარებისა და რუსეთის აგრესიის საფრთხის პასუხად.