ბირთვული ესკალაციის საფრთხე რუსეთის ომში უკრაინის წინააღმდეგ
2023 წლის 2 თებერვალს, სტალინგრადის ბრძოლის დასრულებიდან 80 წლისთავის აღნიშვნის ცერემონიალზე, რუსეთის ქალაქ ვოლგოგრადში ვლადიმერ პუტინმა გააკრიტიკა გერმანია უკრაინის შეიარაღებაში დახმარებისთვის და უკრაინაში რუსეთის შეჭრა ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ ბრძოლას შეადარა. როგორც დასავლეთის საინფორმაციო საშუალებები აღნიშნავენ, თავისი გზავნილით რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ მზად არის, რუსეთის მთელი არსენალი გამოიყენოს ამ ბრძოლაში, რაც ბირთვულ იარაღსაც მოიცავს.
„მათ, ვისაც რუსეთის დამარცხების იმედი აქვს ბრძოლის ველზე, როგორც ჩანს, არ ესმით, რომ რუსეთთან თანამედროვე ომი მათთვის ძალიან განსხვავებული იქნება.. ჩვენ არ ვაგზავნით ჩვენს ტანკებს მათ ტერიტორიაზე, მაგრამ გვაქვს საშუალება რეაგირებისთვის. ეს არ შემოიფარგლება ჯავშანტექნიკის გამოყენებით. ეს ყველამ უნდა გაიგოს."
კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა უარი თქვა პუტინის კომენტარების დაზუსტებაზე, მაგრამ განუცხადა ჟურნალისტებს, რომ „როგორც კი (უკრაინას) ახალი იარაღს მიაწოდებს კოლექტიური დასავლეთი, რუსეთი უფრო სრულად გამოიყენებს თავის პოტენციალს რეაგირებისთვის“.
აღნიშნული გზავნილები მიანიშნებს, რომ რუსეთის ხელისუფლება კვლავაც აგრძელებს უკრაინასთან ომის ესკალაციის მუქარას, რომელიც მან რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დაწყებისთანავე გააჟღერა. მუქარის ბოლო მცდელობა იყო 2022 წ. დეკემბერში, როდესაც პუტინმა მსოფლიო გააფრთხილა ბირთვული ომის „მზარდი“ საფრთხის შესახებ, ხოლო იანვარში რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა თავის პირად Telegram პოსტში განაცხადა, რომ ომში წაგებულმა რუსეთმა შეიძლება „ბირთვული ომი დაიწყოს. "ბირთვული ძალები არ აგებენ დიდ კონფლიქტებს, რომლებზეც მათი ბედია დამოკიდებული", დაწერა მედვედევმა
17 იანვარს მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე Zoom-ის საშუალებით გამოსვლისას, ცნობილმა მეცნიერმა, აშშ დიპლომატმა და პოლიტიკოსმა, ჰენრი კისინჯერმა, განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა უნდა გააგრძელოს და, საჭიროების შემთხვევაში, გააძლიეროს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა, სანამ ცეცხლის შეწყვეტის საზღვრების შეთანხმება არ იქნება მიღწეული. რეალპოლიტიკის პატრიარქი მეცნიერი თვლის, რომ ბრძოლები დასრულდება მაშინ, როცა უკრაინა დაიბრუნებს ომამდელ საზღვრებს, რუსეთი უარს იტყვის ახალი ტერიტორიების ხელში ჩაგდებაზე, მაგრამ არ დათმობს ყირიმის და დონბასის ნაწილს, რომლებსაც აკონტროლებდა 2022 წლის 24 თებერვლამდე. საუბარში კისინჯერმა ასევე თქვა, რომ მან შეიცვალა შეხედულება 2022 წლის ივლისის შემედეგ და რომ ომის შემდეგ უკრაინას ხედავს მჭიდროდ დაკავშირებულს ნატოსთან, ან მის შემადგენელ ნაწილად და, მნიშვნელოვანია, რომ დასავლეთმა შეინარჩუნოს სანქციები სამშვიდობო მოლაპარაკებების მიმდინარეობისას.
უკრაინის ნატოში გაწევრიანების ადვოკატირებისას, ჰენრი კისინჯერმა აშშ-ს საგარეო პოლიტიკის ისთებლიშმენტს მოუწოდა პრიორიტეტად დასახოს ომის ესკალაციის და მისი რუსეთის წინააღმდეგ ომად გადაქცევის თავიდან აცილება. ”რუსეთის, როგორც სახელმწიფოს განადგურება ... გახსნის მის უზარმაზარ ტერიტორიას შიდა კონფლიქტისთვის და გარე ინტერვენციისთვის იმ დროს, როდესაც მის ტერიტორიაზე 15,000 და მეტი ბირთვული იარაღია,” - განაცხადა მან. კისინჯერმა, რომელმაც გასულ თვეში დაწერა კომენტარი თემაზე „როგორ ავიცილოთ თავიდან მსოფლიო ომი“, ასევე, მოუწოდა მსოფლიოს, მისცეს „რუსეთს შესაძლებლობა ხელახლა შეუერთდეს საერთაშორისო სისტემას“ და „გაიხსნას“ მისთვის, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი „დააკმაყოფილებს საჭირო პირობებს“ მშვიდობის უზრუნველსაყოფად. ჯერჯერობით რუსეთ-აშშ-ს შორის არსებული ურთიერთობები ამის შესაძლებლობას გამორიცხავს.
რუსეთის მიერ წარმოებული საერთაშორისო პოლიტიკა და უკრაინის წინააღმდეგ ომის მიმდინარეობის დინამიკა სულ უფრო ართულებს ჰენრი კისინჯერის რეკომენდაციებისა და რჩევების გათვალისწინებას აშშ-ს, ევროკავშირისა და ნატოს წევრი სახელმწიფოების ხელისუფლებებისათვის. მაგალითად, 2023 წლის 31 იანვარს აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რუსეთი არღვევს შეერთებულ შტატებთან ბირთვული იარაღის კონტროლის მთავარ შეთანხმებას - უარს ამბობს ახალი სტარტის (New START) ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, მის ბირთვულ ობიექტებზე აშშ ინსპექტირების დაშვებაზე. რუსეთმა, ასევე, ვერ შეასრულა New START-ის ხელშეკრულებით აღებული ვალდებულება - მოიწვიოს ორმხრივი საკონსულტაციო კომისიის სხდომა ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადების შესაბამისად.
ახალი სტარტის ხელშეკრულების თანახმად - ერთადერთი შეთანხმება, რომელიც არეგულირებს მსოფლიოს ორ უდიდეს ბირთვულ არსენალს - ვაშინგტონსა და მოსკოვს უფლება აქვთ განახორციელონ ერთმანეთის იარაღის ობიექტების ინსპექტირება, მაგრამ Covid-19 პანდემიის გამო, ინსპექტირება შეჩერებულია 2020 წლიდან. ხელშეკრულების ფარგლებში ორმხრივი საკონსულტაციო კომისიის სხდომა ეგვიპტეში ნოემბრის ბოლოს იყო დაგეგმილი, მაგრამ მოულოდნელად გაუქმდა. შეერთებულმა შტატებმა ამაში რუსეთი დაადანაშაულა; სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება რუსეთმა "ცალმხრივად" მიიღო.
ხელშეკრულება ზღუდავს განლაგებული კონტინენტთაშორისი დისტანციური მოქმედების ბირთვული იარაღის რაოდენობას, რომელიც შეიძლება ჰქონდეს როგორც აშშ-ს, ისე რუსეთს. ის ბოლოს 2021 წლის დასაწყისში გაგრძელდა ხუთი წლით. ჯონ ერატმა, შეიარაღების კონტროლისა და გაუვრცელებლობის ცენტრის პოლიტიკის უფროსმა დირექტორმა, 31 იანვარს CNN-სთვის მიცემულ ინტერვიუში ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის მხრიდან შეუსრულებლობა არ ნიშნავს, რომ ის ფარულად ამზადებს ბირთვულ იარაღს დიდი რაოდენობით, არამედ, სავარაუდოა, რომ რუსეთი იყენებს ხელშეკრულების ვალდებულებების შეუსრულებლობას, როგორც ბერკეტს, რომ საკუთარი პირობებით დაასრულოს ომი.
„ჩვენ დიდი ხანია მხარს ვუჭერთ რუსეთთან შეიარაღების სტრატეგიულ კონტროლს, მივეცით ხმა New START-ს 2010 წელს და მხარს ვუჭერთ ხელშეკრულების გაგრძელებას როგორც ტრამპის, ისე ბაიდენის ადმინისტრაციის დროს. მაგრამ ძალიან მკაფიოდ რომ ვთქვათ, ახალი START-ის ხელშეკრულების ვალდებულებების შესრულება გადამწყვეტი იქნება სენატის მოსკოვთან სტრატეგიული შეიარაღების კონტროლის შესახებ ნებისმიერი მომავალი ხელშეკრულების განსახილველად“, - წერენ დემოკრატი სენატორები ბობ მენენდესი, ჯეკ რიდი, მარკ უორნერი ერთობლივ განცხადებაში.
აშშ შეიარაღების კონტროლისა და გაუვრცელებლობის ცენტრის მონაცემებით, რუსეთს აქვს დაახლოებით 5977 ბირთვული ქობინი, რომელთაგან 1588 სამხედრო გამოყენებისათვის არის მზად. ცენტრის მონაცემებით, აშშ-ს აქვს 5550 ბირთვული ქობინი, მათ შორის 3800 აქტიური ქობინი.
აშშ ადმინისტრაციის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ მზად არიან, განიხილონ შეიარაღების კონტროლის შეთანხმება, მაშინაც კი, როდესაც რუსეთი აწარმოებს ომს უკრაინაში, ბირთვული კატასტროფის რისკის შესამცირებლად. მაგრამ რუსეთმა ბოლო დღეებში მიუთითა, რომ აშშ-ს მხარდაჭერა უკრაინისადმი ხელს უშლის ხელშეკრულების განახლებას.
2023 წლის 31 იანვარს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებთან 2011 წლიდან ძალაში შესული ორმხრივი ბირთვული იარაღის კონტროლის ხელშეკრულების (New START) მოქმედების ვადა შესაძლოა სამ წელიწადში (2026 წ) ამოიწუროს ჩანაცვლების გარეშე. ამ შემთხვევაში ორ ქვეყანას შორის ბირთვული იარაღის კონტროლის შესახებ არცერთი მოქმედი ხელშეკრულება აღარ იარსებებს.
ბირთვული უსაფრთხოების პრობლემები უკრაინაში
Assessed Control of Terrain in Ukraine as of February 5, 2023, 3:00 PM ET . Interactive Map: Russia's Invasion of Ukraine. © 2022 Institute for the Study of War and AEI's Critical Threats Project made possible by the Dr. Jack London Geospatial Fund at ISW.
Available at: https://arcg.is/09O0OS
საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს ე.წ. გაეროს ინსპექტორები, რომლებიც სამხრეთ უკრაინაში ზაპორიჟიას ბირთვული ელექტროსადგურის მონიტორინგს ახორციელებენ, აცხადებენ, რომ 2023 წლის 26 იანვარს ბირთვული ობიექტის მახლობლად ადგილი ჰქონდა საარტილერიო დარტყმას და აფეთქებას. ეს ფაქტი ინსპექტორების და საერთაშორისო დამკვორვებლების დიდ შეშფოთებას იწვევს, რადგან მიანიშნებს, რომ ბირთვული უსაფრთხოების დონე ობიექტზე არ გაუმჯობესებულა, მიუხედავად იმისა, რომ გაერომ სთხოვა კიევსა და მოსკოვს, ობიექტის გარშემო შექმნან ცეცხლის შეწყვეტის საგანგებო ზონა.
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, რაფაელ მარიანო გროსიმ, ამავე დღეს განაცხადა, რომ აფეთქებების ხმა ბირთვულ ელექტროსადგურთან ისმის „თითქმის ყოველდღიურად“. 25 იანვარს ბირთვული ობიექტის ოფისის ფანჯრების წინ რვაჯერ გაისმა ძლიერი აფეთქების ხმა, რაც მიუთითებს სამხედრო მოქმედებების მიმდინარეობაზე კონფლიქტის ფრონტის ხაზზე, რომელიც ობიექტთან სიახლოვეში მდებარეობს. მას შემდეგ, რაც რუსეთმა 11 თვის წინ დაიკავა ზაპორიჟიას ბირთვული ელექტროსადგური და მისი მართვა ძალადობრივად აიღო ხელში, გაეროს ბირთვული დამკვირვებელი, IAEA, აფრთხილებს მსოფლიოს ბირთვული უსაფრთხოების გაუარესებული მდგომარეობის და ბირთვული კატასტროფის მზარდი პოტენციალის შესახებ. 2022 წ. ზაფხულში ბირთვული ელექტროსადგურზე მომხდარმა აფეთქებებმა, რომლებშიც თითოეული მხარე მეორეს ადანაშაულებდა, ის ფაქტობრივად საბრძოლო ზონად აქცია და სადგურის ექვსივე რეაქტორი უსაფრთხოების ვითარების გამო სიფრთხილის მიზნით დაიხურა.
სააგენტოს განცხადებაში არ არის მითითებული სამხედრო დეტალები აფეთქებების შესახებ, თუმცა ისინი ემთხვევა უკრაინელი ოფიციალური პირების მიერ ზაპორიჟიას რეგიონში, მდინარის აღმოსავლეთ სანაპიროზე, და დნიპროპეტროვსკში, მდინარის დასავლეთ სანაპიროზე, თავდასხმების შესახებ უახლეს ინფორმაციას. .
უკრაინის ხელისუფლება უკვე თვეებია ადანაშაულებს რუსეთს, რომ ის იყენებს ბირთვული ელექტროსადგურის ტერიტორიას, რომელიც მდებარეობს მდინარე დნიპროს აღმოსავლეთ ნაპირზე, როგორც სამხედრო იარაღის საწყობს, საიდანაც ამარაგებს ჭურვებით მდინარის დასავლეთ სანაპიროებზე მდებარე ქალაქ ნიკოპოლთან მიმდინარე სამხედრო ოპერაციას, სულ რაღაც 10 მილის მოშორებით.
IAEA დირექტორი იანვარში ატარებდა მოლაპარაკებებს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ზაპორიჟიას ბირთვულ ელექტროსადგურის გარშემო საგანგებოდ დაცული ტერიტორიული ზონის შექმნის თაობაზე. იმავე თემაზე ბ-ნი გროსი ადრე ესაუბრა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს. მოლაპარაკებებმა შედეგი ჯერ არ გამოიღო. ზაპორიჟიას ბირთვული ელექტროსადგურის კონტროლი უკრაინის ენერგეტიკული სექტორზე მოსკოვს მნიშვნელოვან ბერკეტს აძლევს. რუსული ძალები უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტების მიმართ სარაკეტო და უპილოტო დარტყმებს ახორციელებენ ოქტომბრის თვიდან.
„მე თვეების განმავლობაში ვითხოვდი ზაპორიჟიას ატომურ ელექტროსადგურზე ბირთვული უსაფრთხოებისა და უსაფრთხოების დაცვის ზონის შექმნას. მადლობელი ვარ იმ ძლიერი მხარდაჭერისთვის, რომელიც მივიღე მრავალი მსოფლიო ლიდერისგან, მათ შორის ევროპისგან, მაგრამ მეტია საჭირო. ჩვენ ვერ გავჩერდებით“, - განაცხადა რაფაელ მარიანო გროსიმ ევროპარლამენტში გამოსვლისას 2023 წ. იანვრის ბოლო კვირაში. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ უკრაინასა და რუსეთთან მოლაპარაკებები რთული იყო, რადგან ისინი ეხებოდა მგრძნობიარე სამხედრო საკითხებს.
გენერალურმა დირექტორმა ასევე აცნობა ევროკავშირს უკრაინის სხვა ბირთვულ ობიექტებში IAEA-ს მუდმივი ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის მისიების შექმნის შესახებ. ის პირადად დაესწრო IAEA-ს დროშის აღმართვის ცერემონიას სამხრეთ უკრაინასა და რივნეს ატომურ ელექტროსადგურებზე, და ჩერნობილის საგანგებო ზონაში. იანვრის ბოლო კვირის დასაწყისში, IAEA-ს მისია, ასევე, მივიდა ხმელნიცკის ბირთვულ ელექტროსადგურზე.
„ახლა IAEA-ს ჰყავს მუდმივმოქმედი (ექსპერტთა) ჯგუფები, რომლებიც განთავსებულია უკრაინის ყველა ბირთვულ ელექტროსადგურზე და ჩერნობილში. ისინი ადგილობრივ მომსახურე პერსონალს აწვდიან ტექნიკურ დახმარებას და რჩევებს, აფასებენ საჭიროებებს და გვაწვდიან ინფორმაციას მათი აღმოჩენების შესახებ ვენაში. მათი მუშაობა წარმოადგენს მნიშვნელოვან ეტაპს, რომ დავეხმაროთ უკრაინას ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის უზრუნველყოფაში ამ ტრაგიკული ომის დროს“, - განაცხადა რაფაელ მარიანო გროსიმ.
აღსანიშნავია, რომ ბირთვულ ობიექტებზე ჩასვლის შემდეგ, IAEA-ს ექსპერტებმა ვერ შეამჩნიეს რაიმე შეუსაბამობა ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის ღონისძიებებში, რაც მოსალოდნელია ნებისმიერი ასეთი რისკების წინაშე არსებული ბირთვული ობიექტზე. ბირთვული ელექტროსადგურის ობიექტებზე რეგულარულად ხდება ქარხნის აღჭურვილობისა და მარაგების განახლება და ახალი მასალების მიწოდება.
გამოყენებული წყაროები:
Interactive Map: Russia's Invasion of Ukraine. © 2022 Institute for the Study of War and AEI's Critical Threats Project made possible by the Dr. Jack London Geospatial Fund at ISW. Available at: https://arcg.is/09O0OS
Putin evokes Stalingrad to predict victory over 'new Nazism' in Ukraine, By Tatiana Gomozova, Reuters, February 3, 20232. Available at: https://www.reuters.com/world/europe/putin-expected-channel-stalingrad-victory-key-moment-ukraine-war-2023-02-02/
Ukraine war: 80 years on, we are facing German tanks again – Putin, By Matt Murphy, 3 February 2023, BBC News, 3 February 2023. Available at: https://www.bbc.com/news/world-europe-64502504?fbclid=IwAR1dtTYGo1Z3hKcpy9csNCZd-xpCt7Y0qJdsClbsyo0yHoWs2xrgkhQ9qlw
Kissinger’s Post-War Vision Puts Ukraine in NATO but Also Has an ‘Opening to Russia’, in Russia Matters, A blog on the U.S.-Russia relationship. January 18, 2023, Available at: https://www.russiamatters.org/blog/kissingers-post-war-vision-puts-ukraine-nato-also-has-opening-russia
US says Russia is violating key nuclear arms control agreement. By Michael Callahan, Jennifer Hansler, Haley Britzky and Kylie Atwood, CNN, January 31, 2023. Avaialbale at: https://edition.cnn.com/2023/01/31/politics/us-russia-nuclear-arms-control-treaty?fbclid=IwAR30hESr9QMYyCfxzpPcCQ6g6Z-AAJQmJYA_2Dk7So-6Tr8yQaxRKznIiqE
Russia postpones nuclear arms control talks with US, State Department says, By Kylie Atwood and Jennifer Hansler, CNN 28, November 2022, Available at: https://edition.cnn.com/2022/11/28/politics/us-russia-arms-control-talks/index.html
Nuclear experts at the Zaporizhzhia power plant raise concerns about nearby explosions. The New York Times, 27 January 2023. Available at: https://www.nytimes.com/live/2023/01/27/world/russia-ukraine-news/zaporizhzhia-power-plant-explosions-ukraine?smid=url-share
Update 144 – IAEA Director General Statement on Situation in Ukraine, 26 January 2023. Available at: https://www.iaea.org/newscenter/pressreleases/update-144-iaea-director-general-statement-on-situation-in-ukraine