ბირთვული ესკალაციის საფრთხე რუსეთის ომში უკრაინის წინააღმდეგ

Ukraine war16

Russia’s invasion of Ukraine in maps — latest updates, A visual guide to the war, FT Visual & Data Journalism team.

Available at: https://www.ft.com/content/4351d5b0-0888-4b47-9368-6bc4dfbccbf5

2023 წლის 21 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ერის მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური მოხსენებით (state of the union address) მიმართა მოსახლეობას. ბევრის აზრით, მოხსენებაში მისი მთავარი გზავნილი ბირთვულ ესკალაციას ეხებოდა. პუტინის განცხადებით, რუსეთი „აჩერებს მონაწილეობას ახალი სტარტის (NEW START) ხელშეკრულებაში, რომელიც აშშ-სა და რუსეთს შორის შეიარაღების კონტროლის საკითხებზე ხელმოწერილი ხელშეკრულებებიდან უახლესია. ამის გამო, ბირთვული შეიარაღების კონტროლის სამომავლო პერსპექტივები კიდევ უფრო ბუნდოვანი გახდა და დასავლეთის მედიაში მკვლევრებმა აქტიურად დაიწყეს მსჯელობა, თუ რა მიზანი ჰქონდა პუტინის ამ გადაწყვეტილებას.

ზოგიერთი მიმომხილველის აზრით, პუტინის განცხადება ნიშნავს ბირთვული იარაღის საკითხებზე ურთიერთობების შემდგომ ესკალაციას რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის უკრაინაში მიმდინარე ომის გამო. აშშ-თვის გაუგებარია, რას ნიშნავს ხელშეკრულების მოქმედების შეჩერება, რადგან ახალი სტარტის ხელშეკრულების შესრულება ისედაც პრობლემური გახდა უკანასკნელ წლებში: ორიოდე თვის წინ აშშ ღიად ადანაშაულებდა რუსეთს ხელშეკრულებით განსაზღვრული ინსპექტირების შეჩერების გამო და რუსეთი უარს ამბობდა მათ ხელახლა დაწყებაზე.

ორი დღის შემდეგ, 23 თებერვალს, რუსეთის მხრიდან ბირთვული ძალების გაძლიერების გეგმა უფრო ცხადად გამოჩნდა პუტინის ახალ განცხადებაში, რომელიც გაკეთდა ე.წ. „სამშობლოს დამცველის სახალხო დღესასწაულის“ (ყოფილი საბჭოთა არმიის დღის) აღსანიშნავ გამოსვლაში. „როგორც ადრე, ჩვენ დიდ ყურადღებას მივაქცევთ ბირთვული ტრიადის გაძლიერებას“, - თქვა პუტინმა, რაც ნიშნავს ხმელეთზე, ზღვასა და ჰაერზე დაფუძნებული ბირთვული სარაკეტო ძალების შემდგომ გაძლიერებას.

პუტინმა ასევე განმარტა, რომ პირველად წელს განთავსდება სარმატის ტიპის ბალისტიკური რაკეტები. ასევე, გაგრძელდება ჰიპერბგერითი საჰაერო სისტემების Kinzhal მასობრივი წარმოება და დაიწყება საზღვაო ბაზაზე დაფუძნებული ცირკონის Zircon ჰიპერბგერითი რაკეტების მასობრივი წარმოება. არსებული ინფორმაციით, რუსეთს უკვე გამოცხადებული აქვს, რომ აპირებს სამხრეთ აფრიკაში ჩინეთთან ერთად სამხედრო წვრთნების ჩატარებას, რისთვისაც იქ ჰიპერბგერითი რაკეტებით აღჭურვილი ფრეგატი გაგზავნა, რაც დასავლეთის მხრიდან დიდ კრიტიკას იმსახურებს.

დასავლეთის მედიის და სამეცნიერო პუბლიკაციების ავტორთა აზრით, პუტინის ნარატივი კვლავაც ტყუილებზეა აგებული: ის თავის გამოსვლაში იმეორებს, რომ დასავლეთმა დაიწყო ომი და რომ დასავლეთის ქმედებების გამო რუსეთი აძლიერებს ბირთვულ შეიარაღებას, რათა დასავლეთმა სტრატეგიულად ვერ მოუგოს რუსეთს. პუტინი შეეცადა, დაერწმუნებინა მსმენელები, რომ რუსეთს აქვს რეზერვი კონფრონტაციის გასაგრძელებლად; მან დარწმუნებით განაცხადა, რომ რუსეთი გადაიტანს საერთაშორისო სანქციებს და, უკრაინისთვის დასავლეთის დახმარების მიუხედავად, იქნება გამარჯვებული ამ ომში. უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ, ყოფილმა პრეზიდენტმა მედვედევმა განმარტა, რომ ვაშინგტონმა ახალი სტარტის შეჩერებით მიიღო ის, რაც დაიმსახურა, და რომ რუსეთს გამარჯვების გარდა გადარჩენის გზა არ აქვს, ომში დამარცხების შემთხვევაში რუსეთი დაიშლება.

ამგვარად, მკვლევართა აზრით, პუტინის ძირითადი მიზანი შეიძლება იყოს ის, რომ დაარწმუნოს საკუთარ ხალხი, რომ ის ებრძვის შეერთებულ შტატებს და ამისათვის საკმარისი ძალა და რესურსი აქვს. ამის კიდევ ერთი დასტურია საერთაშორისო მედიაში, კერძოდ, CNN-ზე გავრცელებული ინფორმაცია, რომ რუსეთი ცდილობდა ჩაეტარებინა კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტის გამოცდა იმ დროს, როდესაც პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინაში იმყოფებოდა - 2023 წლის 20 თებერვალს. ეს მცდელობა რუსეთს ჩაეშალა - იარაღის გამოცდა არ იყო წარმატებული. ამის შესახებ მედიას დაუდასტურა ორმა აშშ ოფიციალურმა პირმა. მათი აზრით, მსგავსი იარაღის გამოცდა არ წარმოადგენს საფრთხეს შეერთებული შტატებისთვის და აშშ არ განიხილავს გამოცდას ანომალიად ან ესკალაციად. თუმცა CNN-ის ცნობით, მნიშვნელოვანი იყო ტესტირების დრო: ერთ-ერთი წყაროს მიხედვით, რაკეტა წარუმატებლად გაუშვეს მაშინ, როდესაც ბაიდენი უკრაინაში იმყოფებოდა. მოგვიანებით ეს დრო დაზუსტდა და დღეს მიჩნეულია, რომ ტესტი რეალურად ჩატარდა შაბათს, 2023 წლის 18 თებერვალს.

ტესტის დრო მიანიშნებს, რომ აშშ და რუსეთი პრეზიდენტ ბაიდენის კიევში ვიზიტის წინ ურთიერთობდნენ რამდენიმე სხვადასხვა არხით, რაც ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა, 20 თებერვალს დაადასტურა.

ექსპერტები თვლიან, რომ რუსეთის მხრიდან ახალი სტარტის შეჩერების საპასუხოდ აშშ-მ უნდა სთხოვოს პუტინს, გადახედოს თავის გადაწყვეტილებას, რადგან როგორც რუსეთის, ისევე აშშ-ს ინტერესებში შედის შეუზღუდავი ბირთვული კონკურენციის, გამალებული შეიარაღების, თავიდან აცილება და გაუვრცელებლობის რეჟიმის მხარდაჭერა. ეს შესაძლებელი იყო ცივი ომის დროს, ვიეტნამისა და ავღანეთის ომების დროს. ამ კონფლიქტებმა ხელი არ შეუშალა დაპირისპირებულ მხარეებს იარაღის კონტროლის მოლაპარაკებებში და ხელშეკრულებების დადებაში. უკრაინის ომი კი ახალი სტარტის ხელშეკრულებას კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის სტრატეგიულ ბირთვულ ურთიერთობებში გარკვეული სტაბილურობისა და პროგნოზირებადობის უზრუნველსაყოფად

ბირთვული უსაფრთხოების პრობლემები უკრაინაში

2023 წლის 23 თებერვალს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ (IAEA) გამოაქვეყნა მოხსენება უკრაინაში ბირთვული უსაფრთხოების, დაცულობის და დაცვის გარანტიების შესახებ, რომელიც მოიცავს 2022 წლის თებერვლიდან 2023 წლის თებერვლამდე პერიოდს. 52-გვერდიან მოხსენებაში მიმოხილულია არსებული სიტუაცია და შეიარაღებული კონფლიქტის დროს ბირთვული ავარიის ალბათობის შემცირების მიზნით IAEA-ის მიერ გატარებული ღონისძიებები.

IAEA-ს გენერალურმა დირექტორმა რაფაელ მარიანო გროსიმ მოხსენებაში აღნიშნა, რომ უკვე ერთი წელია ისტორიაში პირველად ხდება, რომ ომი მიმდინარეობს ბირთვული ენერგიის ობიექტების გარშემო, და ეს ხდება უკრაინაში. მისი სიტყვებით, უკრაინის მოსახლეობასა და საერთაშორისო საზოგადოებას შეუძლიათ იმედი ჰქონდეთ, რომ IAEA და მისი გენერალური დირექტორი ყველაფერს გააკეთებენ მათი უფლებამოსილების ფარგლებში, რომ ხელი შეუწყონ ბირთვული ავარიის საშიშროების თავიდან აცილებას.

გროსიმ აღნიშნა, რომ უკრაინის ხუთი ბირთვული ელექტროსადგურიდან რამდენიმე, და ასევე სხვა ობიექტები, პირდაპირი დაბომბვის ქვეშ მოხვდა. შეიარაღებულ კონფლიქტში ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის უზრუნველსაყოფად IAEA-ს შვიდი შეუცვლელი საყრდენიდან უკრაინაში ყველა კომპრომეტირებულია, მათ შორის: ბირთვული ობიექტების ფიზიკური მთლიანობ, დაცულობისა და უსაფრთხოების სისტემების ფუნქციონირება, პერსონალის სამუშაო პირობები, უწყვეტი მიწოდების ჯაჭვების და საკომუნიკაციო არხების უსაფრთხოება, რადიაციული მონიტორინგი და საგანგებო ღონისძიებები, და გადამწყვეტი ელექტრომომარაგების უწყვეტობა ადგილზე.

გენერალურმა დირექტორმა გროსიმ განაცხადა, რომ IAEA ყოველ დღე ეხმარება უკრაინას ომის დაწყებიდან. ეს დახმარება მოიცავს IAEA-ს ინციდენტებისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მუდმივ ჩართულობას; IAEA-ს ცხრა ე.წ. მონიტორინგის მისიის ჩატარებას უკრაინაში; IAEA-ს დაცულობისა და უსაფრთხოების ექსპერტების განთავსებას უკრაინის ყველა ბირთვულ ობიექტზე, მათ შორის ზაპორიჟიას ატომურ ელექტროსადგურზე ომის ფრონტის ხაზზე; 7 მილიონ ევროზე მეტი საერთაშორისო დახმარების პაკეტის ხელშეწყობას; და მსოფლიოს ინფორმირებას უკრაინის ბირთვულ ობიექტებზე არსებული სიტუაციის შესახებ, 140-ზე მეტი ვებ-განახლებით, ოთხი მოხსენებით და მრავალჯერადი ბრიფინგებით, მათ შორის გაეროს გენერალური ასამბლეისა და უშიშროების საბჭოსთვის.

გროსიმ ხაზი გაუსვა მის სააგენტოს ძალისხმევას 2022 წლის სექტემბრიდან ზაპორიჟიას ატომურ ელექტროსადგურზე ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცვის ზონის განხორციელებისთვის.

მოხსენებაში აღნიშნულია, რომ ყველაზე პრობლემური აღმოჩნდა IAEA-ს ექსპერტების უკვე დაგვიანებული როტაცია უკრაინის ზაპორიჟიას ბირთვულ ელექტროსადგურზე (ZNPP), სადაც ისინი ცდილობენ უზრუნველყონ ბირთვული დაცულობა და უსაფრთხოება მიმდინარე სამხედრო კონფლიქტის დროს. იანვრის დასაწყისიდან ზაპორიჟიას ბირთვულ ელექტროსადგურში (ZNPP) დამსწრე სამი ISAMZ ექსპერტის დაგეგმილი როტაცია უკვე ორ კვირაზე მეტია ვერ განხორციელდა, თუმცა შემცვლელი გუნდი უკვე უკრაინაშია.

ISAMZ ასრულებს მთავარ როლს ომის დროს ამ ძირითადი ბირთვული ობიექტის დაცვაში - თავისი ექვსი რეაქტორით. მათი ყოფნა ხელს უწყობს ბირთვული დაცულობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებას. გენერალურმა დირექტორმა გროსიმ ISAMZ დააფუძნა გასული წლის 1 სექტემბერს და ამჟამინდელი გუნდი ქარხანაში მეხუთეა. როტაციის დროს IAEA-ს გუნდები კვეთენ ფრონტის ხაზს უკრაინის და რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებს შორის, რის გამოც მისიამ მოიპოვა ფართო საერთაშორისო საზოგადოების პატივისცემა და აღფრთოვანება.

მიუხედავად ამისა, უკრაინაში ბირთვული დაცულობისა და უსაფრთხოების მხრივ არასაიმედო სიტუაცია კვლავ გრძელდება. 2023 წლის 18-19 თებერვალს ZNPP-თან ახლოს გაისმა საარტილერიო ცეცხლის ხმა და შაბათს სამხრეთ უკრაინის ბირთვულ ელექტროსადგურს (SUNPP) რაკეტებმა გადაუფრინეს. 18 თებერვალს უკრაინის მასშტაბით განხორციელებულმა სარაკეტო თავდასხმებმა სამივე მოქმედი ბირთვული ელექტროსადგურის სიმძლავრე შეამცირდა.

ბირთვული დაცულობისა და უსაფრთხოების მუდმივი რისკების გათვალისწინებით, IAEA-ს გენერალური დირექტორი კვლავ მოითხოვს, რომ შეიქმნას ბირთვული დაცულობისა და უსაფრთხოების დაცვის ზონა ZNPP-ის ირგვლივ რაც შეიძლება მალე, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინასა და რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკებებმა უფრო ნელ პროგრესს მიაღწია. ვიდრე მოსალოდნელი იყო.

IAEA-ს გენერალური მდივანი ადასტურებს, რომ თებერვლის ბოლოსთვის დასრულდა ჩერნობილში IAEA-ს მხარდაჭერისა და დახმარების მისიის ექსპერტების დაგეგმილი როტაცია, ხოლო SUNPP-ის და ხმელნიცკის და რივნეს ატომური სადგურების გუნდების როტაცია იგეგმება უახლოეს კვირებში.

გამოყენებული წყაროები:

Interview: Steve Fetter on the meaning of Putin’s New START announcement, By John Mecklin | February 21, 2023. Availabla at: https://thebulletin.org/2023/02/interview-steve-fetter-on-the-meaning-of-putins-new-start-announcement/#.Y_XXWvHd-Y4.mailto

Putin promotes Russian escalation in annual speech, By Steve Rosenberg, Russia editor, Moscow, 21 February 2023. Available at: https://www.bbc.com/news/world-europe-64720695

US believes Russia had failed intercontinental ballistic missile test around when Biden was in Ukraine, By Oren Liebermann and Natasha Bertrand, CNN Updated 10:43 AM EST, 22 February 2023. Available at: https://edition.cnn.com/2023/02/21/politics/russia-intercontinental-ballistic-missile-test/index.html

Putin says Russia to deploy Sarmat nuclear missiles, Reuters, 23 February 2022. Available at: https://www.reuters.com/world/europe/putin-russia-pay-increased-attention-boosting-nuclear-forces-2023-02-22/

South Africa and Russia Are Old Friends. A War Isn’t Going to Change That. By John Eligon, New York Times, 17 February 2023. Available at: https://www.nytimes.com/2023/02/17/world/africa/south-africa-russia-china.html

Update 147 – IAEA Director General Statement on Situation in Ukraine, 20 February 2023. Available at: https://www.iaea.org/newscenter/pressreleases/update-147-iaea-director-general-statement-on-situation-in-ukraine

IAEA Releases Report on Nuclear Safety, Security and Safeguards in Ukraine, 23 February 2023. Available at: https://www.iaea.org/newscenter/pressreleases/iaea-releases-report-on-nuclear-safety-security-and-safeguards-in-ukraine