შესავალი
2022 წლის 24 თებერვალს რუსეთმა დაიწყო სამხედრო აგრესია უკრაინის სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ, რაც დიდ გამოწვევას წარმოადგენს მეორე მსოლფიო ომის შემდგომ ჩამოყალიბებული გლობალური უსაფრთხოების სისტემისათვის და სერიოზულ პრობლემებს უქმნის მსოფლიოს ბირთვულ უსაფრთხოებასა და ბირთვულ გაუვრცელებლობას. აშშ პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის, და სხვა მსოფლიოს ლიდერების შეფასებით, რუსეთმა დაიწყო არაპროვოცირებული და უსამართლო შეტევა უკრაინის წინააღმდეგ. რუსეთი ომის პირობებში იყენებს დეზინფორმაციის კამპანიას და ცდილობს ბირთვული უსაფრთხოების უზრუნველმყოფი საერთაშორისო ინსტიტუტების დისკრედიტაცია მოახდინოს. ეს მცდელობა მიმართულია, უპირველეს ყოვლისა, ატომური ენერგიების საერთაშორისო სააგენტოს წინააღმდეგ, რაც კითხვის ქვეშ აყენებს სააგენტოს წევრი ქვეყნის კონტროლის ქვეშ არსებული სამოქალაქო დანიშნულების ბირთვული ენერგეტიკული ობიექტებისა და ბირთვული მასალების უსაფრთხოებას. სამხედრო აგრესიის დაწყებისთანავე რუსეთმა დაიწყო უკრაინაში არსებული ბირთვული მშვიდობიანი ობიექტების ოკუპაცია.
25 თებერვალს რუსეთის სამხედრო შენაერთებმა კონტროლის ქვეშ მოაქცია (ყოფილი) ჩერნობილის ბირთვული ელექტროსადგური და დაიქვემდებარა იქ მომსახურე პერსონალი.
4 მარტს რუსეთის არმიამ დაბომბა ზაპოროჟიეს ბირთვული ელექტროსადგურის ტერიტორია, რის შედეგადაც ცეცხლი გაუჩნდა პირველი რეაქტორის მიმდებარე ერთ-ერთ ადმინისტრაციულ შენობას. ზაპოროჟიეს რეაქტორები ჯერჯერობით უსაფრთხოდ მუშაობენ, თუმცა ობიექტი რუსეთის ძალების კონტროლის ქვეშ გადავიდა.
უკრაინაში დღემდე მოქმედებს 15 ბირთვული სამოქალაქო დანიშნულების რეაქტორი ოთხ ბირთვულ ელექტროსადგურზე (რივნოს, ხმელნიცკის, ზაპოროჟიეს და სამხრეთ უკრაინის, იხ. ფოტო), რომლებიც გამოიმუშავებს ქვეყნის ელექტროენერგიაზე მოთხოვნის დაახლოებით ნახევარს.
ატომური ენერგიების საერთაშორისო სააგენტო მონიტორინგს უწევს უკრაინაში შექმნილ სიტუაციას, და აფასებს უკრაინაში მოქმედი ბირთვული ობიექტების დაცულობის და უსფართხოების დონეს, ინარჩუნებს მუდმივ კონტაქტს უკრაინის რადიაციული უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე სააგენტოებსა და უწყებებთან, თუმცა, რუსეთის სამხედრო ძალების შეტევა სამოქალაქო დანიშნულების ბირთვულ ობიექტებზე იწვევს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სისტემის დასუსტებას უკრაინის ტერიტორიაზე, რაც უახლოეს მომავალში შეიძლება რადიაციული ინციდენტის გამომწვევი მიზეზი გახდეს.
წყარო: https://www.bbc.com/pidgin/world-60616142
მდგომარეობა ჩერნობილის ბირთვულ ობიექტზე
9 მარტის დილის 6 საათზე უკრაინის სპეციალური საკომუნიკაციო და ინფორმაციის დაცვის სახელმწიფო სამსახურმა განაცხადა, რომ ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა ჩერნობილის კომპლექსს მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების გამო.
ზოგადად, ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვა საშიშია მოქმედი რეაქტორებისათვის. 2011 წ. ფუკუსიმას ბირთვულ ელექტროსადგურზე მომხდარი ინციდენტის საფუძველზე შეიძლება დადასტურებულად ითქვას, რომ ელექტროენერგიით მომარაგების შეფერხება საფრთხეს უქმნის რეაქტორის გაციების სისტემის უწყვეტ რეჟიმში მუშაობას და იწვევს რადიაციულ ინციდენტს. მიუხედავად იმისა, რომ ომის დაწყებამდე ჩერნობილის ტერიტორიაზე ყველა რეაქტორის მოქმედება შეჩერებული იყო, ობიექტზე მოქმედებს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების და დაცულობის უზრუნველმყოფი სისტემა, რომლის შეუფერხებელი მუშაობა საჭიროებს უწყვეტ ენერგომომარაგებას.
ჩერნობილის ბირთვულ ელექტროსადგურს 4 ერთეული რეაქტორი ჰქონდა. 1986 წ. მე-4 ბლოკი განადგურდა, დანარჩენი სამი რეაქტორი აგრძელებდა მუშაობას 2000 წლამდე. რეაქტორებიდან საწვავის ამოღების ბოლო ვადა იყო 2013 წ. ამ პერიოდისათვის საწვავის ყველა ანაკრები დროებით საცავში გადაიტანეს, რომელიც წარმოადგენს წყლის აუზს, სადაც გამოყენებული საწვავის გაციება/დეაქტივაცია ხდება. საწვავის საბოლოო გაციება უნდა გაგრძელდეს 2045-2065 წლამდე, რის შემდეგაც დაიწყება რეაქტორის დაშლა და დეკომისია.
ექსპერტები აცხადებენ, რომ დღეისათვის ჩერნობილის საცავში მოთავსებული ძველი საწვავი დაახლოებით 20 წლისაა. ის შედარებით გაგრილებულია და მისი უსაფრთხოება 2 თვის განმავლობაში იქნება დაცული ელექტროენერგიის მომარაგების გარეშეც. ატომური ენერგიების საერთაშორისო სააგენტოს 3 მარტის განცხადებაში ნათქვამია, რომ 1986 წლის ჩერნობილის ინციდენტის შემდგომ შექმნილ დროებით საცავში წყლის რაოდენობა საკმარისია იმისათვის, რომ ჯერ-ჯერობით გამოყენებული საწვავის გაგრილება შესაძლებელი იყოს ელექტრომომარაგების გარეშეც, მით უმეტეს, რომ ჩერნობილს აქვს დიზელის გენერატორები საგანგებო მდგომარეობისათცის, რომელთა გამოყენება შესაძლებელია ელექტროენერგიის სრული გათიშვის შემთხვევაში.
არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ატომური ენერგიების საერთაშორისო სააგენტო წუხილს გამოთქვამს ელექტროენერგიის მომარაგების საკითხის გარშემო (Update 8 - https://www.iaea.org/newscenter/pressreleases/update-8-iaea-director-general-statement-on-situation-in-ukraine. სააგენტო, ასევე, შეშფოთებულია ჩერნობილის ბირთვული ელექტროსადგურის მენეჯმენტის უსაფრთხოდ მუშაობის უზრუნველყოფის შესაძლებლობით. ჩერნობილის ტერიტორიაზე 210 ტექნიკური პერსონალი და დაცვა უწყვეტ რეჟიმში, ცვლის გარეშე, აგრძელებს მუშაობას მას შემდეგ, რაც რუსეთის სამხედრო ძალებმა აიღო კონტროლი ამ კომპლექსზე.
ამასთან, როგორც უკრაინის მარეგულირებელი სააგენტო აღნიშნავს, მოსამსახურეებს აქვთ შეზღუდული ხელმისაწვდომობა წყალზე, საკვებსა და სამედიცინო პროდუქტებზე და მათი მდგომარეობა უარესდება. ატომური ენერგიების საერთაშორისო სააგენტო აღნიშნავს, რომ აუცილებელია არსებული მომსახურე პერსონალის სამუშაო ცვლის რეჟიმის/ გეგმის შემუშავება და როტაციის გზით მოსამსახურეების დასვენების უზრუნველყოფა, რაც მნიშვნელოვანია ობიექტის უსაფრთხოდ ფუნქციონირებისათვის.
მდგომარეობა ზაპოროჟიეს ბირთვულ ობიექტზე
ატომური ენერგიების საერთაშორისო სააგენტო აღნიშნავს, რომ გარე ელექტროენერგიის მომარაგების შეწყვეტა გაცილებით სერიოზულ საფრთხეს ქმნის ზაპოროჟიეს ბირთვული ელექტროსადგურის შემთხვევაში, სადაც ოპერირებს და მუშა მდგომარეობაშია ბირთვული რეაქტორები. დღევანდელი მდგომარეობით, რუსეთის სამხედრო ძალებს ოკუპირებული აქვთ ელექტროსადგური და აკონტროლებენ მას.
2 მარტს ატომური ენერგიების საერთაშორისო სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა დაადასტურა, რომ ზაპოროჟიეს ბირთვულ ელექტროსადგურთან ცეცხლის გაჩენას არ გამოუწვევია რადიაციული ამოფრქვევა, თუმცა მხოლოდ ბედის იმედად არ შეიძლება დარჩენა - აუცილებელია შეიარაღებული კონფლიქტის შეწყვეტა და ბირთვული ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რადგან მათი რისკის ქვეშ დაყენება პოტენციურად ემუქრება ადამიანის ჯანმრთელობას და გარემოს უსაფრთხოებას როგორც უკრაინაში, ისე მის მეზობელ ქვეყნებში და მთელ მსოფლიოში.
გენერალურმა მდივანმა სთხოვა წევრ სახელმწიფოებს, ადეკვატური ტექნიკური დახმარება გაუწიონ ბირთვულ ობიექტებს უკრაინაში დაცული და უსაფრთხო მუშაობის უზრუნველსაყოფად.
2022 წ 2 მარტს ატომური ენერგიების საერთაშორისო სააგენტოს მმართველი საბჭოს შეხვედრაზე სააგენტოს გენერალური დირექტორი, რაფაელ მარიანო გროსი, გამოყოფს შვიდ სავალდებულო მოთხოვნას შესასრულებლად, ე.წ. საბაზისო მოთხოვნებს, რომელთა დაცვა აუცილებელია უკრაინაში ბირთვული უსაფრთხოების, დაცულობისა და დაცვის ფორმალური გარანტიების შესასრულებლად.
შვიდი საბაზისო მოთხოვნა ბირთვული უსაფრთხოების, დაცულობისა და ატომური ენერგიების საერთაშორისო სააგენტოს დაცვის ფორმალური გარანტიების (IAEA Safeguard) შესასრულებლად (https://www.iaea.org/newscenter/pressreleases/iaea-director-general-grossis-initiative-to-travel-to-ukraine):
- ბირთვული ობიექტის ფიზიკური ერთიანობის შენარჩუნება - იქნება ეს რეაქტორი, რეაქტორის საწვავის ანაკრები თუ რადიოაქტიური ნარჩენის დროებითი შესანახი/სამარხი.
- ნებისმიერ დროს დაცვისა და უსაფრთხოების ყველა სისტემისა და მოწყობილობის სრულყოფილად ფუნქციონირება.
- ოპერატიული მოსამსახურეების მიერ მათზე დაკისრებული ობიექტის დაცვისა და უსაფრთხოების ვალდებულებების შესრულება და მათ მიერ გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობის უზრუნველყოფა გარედან მიმართული ზეწოლის/ წნეხის გარეშე.
- ყველა ბირთვული ობიექტისათვის ელექტროენერგიის მიწოდების უწყვეტი გარე წყაროს არსებობა.
- ყველა ბირთვული ობიექტისათვის უწყვეტი ლოგისტიკური მომარაგების ჯაჭვის და მოსამსახურეთა ტრანსპორტირების შეუზღუდავი საშუალებებით უზრუნველყოფა ობიექტის შიგნით და მის გარეთ გადასაადგილებლად.
- ყველა ბირთვულ ობიექტზე და მის გარეთ (1) რადიაციის მონიტორინგის სისტემების არსებობა და (2) საგანგებო მდგომარეობისთვის მომზადებისა და მასზე რეაგირების ღონისძიებების გატარება.
- რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოების საკითხების მარეგულირებელ უწყებასა და სხვა სახელმწიფო უწყებებს შორის სანდო კომუნიკაციის მიმდინარეობა.
ატომური ენერგიების საერთაშორისო სააგენტოს გენერალური მდივანი გაემგზავრა ანტალიაში, სადაც 10 მარტს იმართება უკრაინისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის მოლაპარაკებები თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მიწვევით. გენერალური მდივანი გაამახვილებს ყურადღებას უკრაინაში განთავსებული ბირთვული ობიექტების დაცულობასა და უსაფრთხოებაზე.