როგორ იყენებს რუსეთი 2024 წლის მარტში მოსკოვში განხორციელებულ ტერორისტულ აქტს უკრაინის წინააღმდეგ
2024 წლის 22 მარტს მოსკოვის ოლქის ქალაქ კრასნოგორსში მდებარე საკონცერტო დარბაზ „კროკუს სითი ჰოლზე“ განხორციელდა რუსეთის წინააღმდეგ გასულ ორ ათწლეულში ყველაზე მასშტაბური და სისხლისმღვრელი ტერორისტული აქტი. შეიარაღებულმა პირებმა ჯერ ავტომატებით გაუხსნეს ცეცხლი დარბაზში შეკრებილ ხალხს, შემდეგ კი ძლიერი ხანძარი გააჩაღეს, რასაც საბოლოო ჯამში 144 გარდაცვლილი და ასობით დაშავებული მოჰყვა.
ტერაქტიდან მეორე დღეს, 23 მარტს, რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა დააკავა 12 პირი; მათგან ტაჯიკეთის ოთხი მოქალაქე უშუალოდ ტერაქტის მონაწილედ გამოცხადდა, მათი ფოტოები გამოქვეყნდა.
იმავე დღეს ტერაქტზე პასუხისმგებლობა „ისლამური სახელმწიფოს“ ხორასნის განშტოებამ (ISIS-K) აიღო. დაჯგუფებამ ტერაქტის მიზეზად დაასახელა „მძვინვარე ომი“ „ისლამურ სახელმწიფოსა“ და ისლამთან მებრძოლ ქვეყნებს შორის, რაშიც იგულისხმება მოსკოვის ინტერვენცია ავღანეთში, ჩეჩნეთსა და სირიაში.
რუსეთის მხრიდან უკანასკნელ წლებში განხორციელებული სამხედრო ინტერვენციებიდან გამოირჩევა სირიაში ბაშარ ალ-ასადის მთავრობის მიერ წარმოებულ სამოქალაქო ომში რუსეთის სამხედრო ქვედანაყოფების მონაწილეობა. 2015 წლის 30 სექტემბერს რუსეთმა მხარდაჭერა გამოუცხადა სირიის ხელისუფლებას ოპოზიციისა და ისლამური სახელმწიფოს - ISIS- ის წინააღმდეგ მიმდინარე ბრძოლებში. ამის გამო, ISIS-K - რომლის რიგებში მყოფი მებრძოლები ცენტრალური აზიიდან აცხადებენ, რომ ისინი პირადად არიან მოსკოვის რეჟიმის მიერ დაზარალებულნი - რუსეთს აცხადებს ბრძოლის ერთ-ერთ სამიზნედ, როგორც „მუსლიმების რეგულარული ჩაგვრის თანამონაწილე ქვეყანას“.1
უნდა აღინიშნოს, რომ 2024 წლის მარტის თვეში რუსეთის დაზვერვის სამსახურებმა არა მხოლოდ ვერ აღკვეთეს მოსალოდნელი თავდასხმა, არამედ უგულებელყვეს კიდეც გაფრთხილებები, რომ მოსკოვი წარმოადგენდა ტერორისტების სამიზნეს. ვაშინგტონის თანახმად, აშშ-ის საელჩო ჯერ კიდევ 2023 წ. ნოემბრიდან აწარმოებდა სიტუაციის მონიტორინგს და ჰქონდა ინფორმაცია, რომ ISIS-K-ის წევრები თავდასხმას გეგმავდნენ რუსეთზე. ამ ცნობებს აწვდიდნენ და სიფრთხილისკენ მოუწოდებდნენ როგორც აშშ-ის მოქალაქეებს, ასევე რუსეთის ხელისუფლებას.1 თუმცა, საპასუხოდ, 2024 წ. 19 მარტს უშიშროების ფედერალური სამსახურის კოლეგიის სხდომაზე რუსეთის პრეზიდენტმა აშშ-ის საელჩოს გაფრთხილებას უწოდა „პროვოკაციული“ შანტაჟი, რომელიც ემსახურება რუსული საზოგადოების დაშინებასა და დესტაბილიზაციას. ამ რეაქციით, იგი ეცადა, შეენარჩუნებინა რუსეთის სადაზვერვო ძალების რეპუტაცია, რომელიც, მისი აზრით, არ საჭიროებდა დასავლეთის რჩევებსა და დახმარებას, თუმცა მაინც მოუწოდა მათ ტერორიზმთან ბრძოლის საშუალებების გაძლიერებისაკენ.
დასავლური მედიის ცნობით, რუსეთის ხელისუფლებამ უარყო როგორც აშშ ინფორმაციის სინამდვილე, ასევე, ირანის გაფრთხილებებიც მოსალოდნელ ტერაქტზე.2 2024 წ. იანვარში სწორედ ISIS-K-ის მიერ განხორციელებული დაბომბვები ირანში აღმოჩნდა ისლამური რევოლუციის შემდეგ ყველაზე მასშტაბური სისხლისღვრა. იმავე თვეში ავღანეთში დააკავეს ISIS-K-ის 35 წევრი, მეთაურის ჩათვლით, რომლებმაც პასუხისმგებლობა აიღეს თავდასხმაზე. შესაბამისად, ირანის ხელთ არსებული ინფორმაცია შესაძლო ტერაქტზე და მისი გაზიარება დიპლომატიური მოკავშირისათვის არ იყო საფუძველს მოკლებული.
საბოლოო ჯამში ტერორისტული აქტი მაინც განხორციელდა, რამაც ზოგისთვის გამოავლინა რუსეთის დაუცველობის დონე და გააჩინა უსაფრთხოების სამსახურების შესაძლებლობებთან დაკავშირებული ეჭვები, თუმცა, ასევე, არსებობს მისაზრება, რომ ფსბ მონწილეობდა თავდასხმის ინიცირებაში.
მიუხედავად ISIS-K-ის მიერ პასუხისმგებლობის აღებისა და დაკავებული ტერორისტებისგან მიღებული აღიარებისა, ტერაქტის შემდგომ მიმართვებში რუსეთის პრეზიდენტი მომხდარში ადანაშაულებს კიევის „ნეო-ნაცისტურ რეჟიმსა“ და მის მხარდამჭერ კოლექტიურ დასავლეთს, რომლის გაფრთხილებებსაც ახასიათებს, როგორც „არასრულყოფილს“ და „ზოგადს“. პუტინის თქმით, ტერორისტები გადაადგილდებოდნენ უკრაინის მიმართულებით, სადაც მათ „უმზადებდნენ ფანჯარას სახელმწიფო საზღვრის გადასაკვეთად“.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პოპულისტური მიმართვებითა და ტრაგედიით მანიპულირებით, რუსეთის ხელისუფლება ცდილობს, „გაამწვავოს ანტიუკრაინული ისტერია რუსულ საზოგადოებაში, შექმნას პირობები რუსეთის მოქალაქეების გაზრდილი მობილიზაციისთვის უკრაინის წინააღმდეგ კრიმინალური აგრესიის გასახორციელებლად და საერთაშორისო საზოგადოების თვალში უკრაინის დისკრედიტაციისთვის“.4
გარდა უკრაინის წინააღმდეგ მებრძოლების მობილიზაციისა, ზოგი მკვლევარი რუსეთის მიზნებს სისტემური კონტროლის გასამყარებლად სიკვდილით დასჯის რესტავრაციასა და საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებაშიც ხედავს.5 თუმცა, საიმიგრაციო კონტროლის გამკაცრება ნაკლებად სავარაუდოა რუსეთში სამუშაო ძალის სიმცირიდან გამომდინარე. მოვლენების მომავალი განვითარება აჩვენებს, რამდენად ეფექტიანია რუსეთის ხელისფულების მიერ წარმოებული პოლიტიკა ტერიროზმის შემთხვევების აღკვეთასა და, ზოგადად, ტერორისტული ორგანიზაციების წინააღმდეგ ბრძოლაში.
ბირთვული უსაფრთხოება და დაცულობა უკრაინაში6
ზაპოროჟიის ბირთული ელექტროსადგურის მე-4 ბლოკმა ცხელიდან ცივი გამორთვის მდგომარეობას მიაღწია - განაცხადა IAEA-ის გენერალურმა მდივანმა რაფაელ მარიანო გროსიმ 2024 წლის 13 აპრილს. ამის შემდეგ ექვსივე რეაქტორის ბლოკი ცივი გამორთვის მდგომარეობაშია. ეს გადაწყვეტილება მიღებული იყო IAEA-ის რეკომენდაციით მას შემდეგ, რაც ზაპოროჟიის ბირთვული ელექტროსადგურის მიმდებარე ქალაქ ენერგოდარში დასრულდა ზამთრის გათბობის სეზონი. სააგენტო განაგრძობს ინფრასტრუქტურის მონიტორინგს და ადასტურებს, რომ ცივი გამორთვის რეჟიმი აძლიერებს მის დაცულობას და უსაფრთხოებას.
ზაპოროჟიის ბირთვულმა ელექტროსადგურმა 2022 წლის სექტემბერში შეწყვიტა ელექტროენერგიის გამომუშავება ერთიანი ეროვნული ქსელისათვის, მაგრამ 2022 წლის ოქტომბრიდან ინარჩუნებდა ექვსიდან ერთ-ერთ რეაქტორის ბლოკს ცხელი გამორთვის მდგომარეობაში, რაც უზრუნველყოფდა გათბობის მიწოდებას ადგილობრივი მაცხოვრებლებისათვის და წყლის ორთქლის გამოყენებას ობიექტზე თხევადი ნარჩენების მართვისთვის.
მიუხედავად იმისა, რომ მე-4 ბლოკის ცივი გამორთვის რეჟიმში გადაყვანის ღონისძიება დადებითია ბირთვული უსაფრთხოებისთვის, სიტუაცია რჩება უკიდურესად მყიფე იმ დროს, როდესაც ევროპის უმსხვილესი ბირთვული ელექტროსადგური სერიოზული საფრთხის წინაშე დგას. 2024 წლის აპრილის თვის დასაწყისში უპილოტო თვითმფრინავების მიერ განხორციელებული რამდენიმე დარტყმა მიმართული იყო ობიექტზე. IAEA-ის გენერალური დირექტორის განცხადებით, სიტუაცია ამ მთავარ ბირთვულ ობიექტზე რჩება ძალიან სახიფათო. პოტენციური რისკებიდან IAEA-ის ექსპერტთა ჯგუფის წევრები გამოყოფენ საარტილერიო ცეცხლს, რომლის ხმაც ხშირად ისმის - როგორც ახლო, ისე შორი მანძილიდან.
2024 წლის 18 აპრილს IAEA-ის გენერალურმა დირექტორმა რაფაელ მარიანო გროსიმ დაადასტურა, რომ უკრაინის ზაპოროჟიის ბირთვული ელექტროსადგურის ტრენინგ-ცენტრზე დრონებმა მიიტანეს შეტევა, თუმცა ამას მსხვერპლი და ნგრევა არ მოყოლია. ეს იყო დრონებით თავდასხმის რიგით მესამე შემთხვევა აპრილის თვის მანძილზე. IAEA-ის ექსპერტების ზოგადი განცხადებით, დრონები დროულად იყო ნეიტრალიზებული; სხვა ინფორმაცია უცნობია, რადგანაც ექსპერტებს არ მისცეს უფლება შეემოწმებინათ ტრენინგ-ცენტრი და მათ მხოლოდ ბირთვული ელექტროსადგურის გარე პერიმეტრის დათვალიერება შეძლეს.
ჯერჯერობით უპილოტო თვითმფრინავების მიერ განხირციელებულ დარტყმას ბირთვული ობიექტისთვის დაზიანება არ მიუყენებიათ. თუმცა, როგორც IAEA -ის გენერალურმა დირექტორმა გროსიმ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს განუცხადა, ეს დაუფიქრებელი თავდასხმები დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.
აპრილის შუა რიცხვებიდან ზაპოროჟიის ბირთვულ ელექტროსადგურზე IAEA-ის ექსპერტთა ახალი გუნდი ჩავიდა, რომლებმაც ჩაანაცვლეს მანამდე სიტუაციის მონიტორინგში ჩართული კოლეგები. ეს არის ობიექტზე IAEA-ის ექსპერტთა მე-18 გუნდი მას შემდეგ, რაც 2022 წლის სექტემბრიდან შედგა შეთანხმება, რომ სადგურზე მუდმივად იმუშავებდა დამკვირვებელთა ჯგუფი ბირთვული ავარიის თავიდან ასაცილებლად.
როგორც IAEA-ის გენერალური დირექტორი აღნიშნავს, დღეს ესპერტთა გუნდის ყოფნა ზაპორიჟიის ბირთვულ ელექტროსადგურზე საჭიროა იმაზე მეტად, ვიდრე ოდესმე. ამის შესახებ მუდმივად ხდება გაეროს უშიშროების საბჭოს ინფორმირება სააგენტოს გენერალური დირექტორის მხრიდან. გაეროს უშიშროების საბჭოს წევრები ამ გუნდს უცხადებს მტკიცე მხარდაჭერას და ყველა თანხმდება, რომ IAEA-ის როლი შეუცვლელია ობიექტის უსაფრთხოებისა და დაცულობის უზრუნველსაყოფად, რადგან სიტუაცია ნებისმიერ დროს შეიძლება მოულოდნელად და დრამატულად გაუარესდეს - აცხადებს IAEA-ის გენერალური დირექტორი.
მიუხედავად იმისა, რომ ყველა რეაქტორი ახლა ცივ გამორთვაშია, ბირთვული უსაფრთხოების და დაცულობის მდგომარეობა არასტაბილურია, რის გამოც IAEA-ის ახალი გუნდი გააგრძელებს ობიექტის მონიტორინგს ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შვიდი შეუცვლელი საყრდენის, ისევე როგორც ხუთი კონკრეტული პრინციპის დასაცავად ბირთვული ავარიის თავიდან ასაცილებლად.
IAEA-ის გუნდის წევრები ასევე აგრძელებენ სიტუაციის მონიტორინგს ხმელნიცკის, რივნისა და სამხრეთ უკრაინის ბირთვულ ელექტროსადგურებზე და ჩერნობილის ობიექტზე. ექსპერტები აცხადებენ, რომ ბირთვული უსაფრთხოება და დაცულობა უზრუნველყოფილია, მიუხედავად მიმდინარე სამხედრო ოპერაციებისა, მათ შორის საჰაერო თავდასხმის გამო გამოცხადებული განგაშისა. ამასთან აღსანიშნავია, რომ დაგეგმილი ტექნიკური და საწვავის შევსების სამუშაოები მიმდინარეობს რივნეს ბირთვული ელექტროსადგურის ოთხი რეაქტორიდან ორში და სამხრეთ უკრაინის ატომური ელექტროსადგურის ერთ ბლოკში. ჩერნობილის ობიექტზე მყოფმა IAEA-ის ექსპერტებმა წარმატებული როტაცია ჩაატარეს აპრილის თვეში.
ამასთან, აპრილის ბოლოს გავრცელდა ინფრომაცია იმის შესახებ, რომ რუსეთმა ზაპორიჟიის ბლოკის გვერდით შექმნა პლატფორმა სამხედრო თავდამსხმელი დრონების გასაშვებად. ეს ნიშნავს, რომ რუსი ოკუპანტები ზაპორიჟიას ოკუპირებულ ბირთვული ელექტროსადგურის რეაქტორების ტერიტორიაზე კამიკაძე დრონებს იყენებენ.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა გამოაქვეყნა რუსეთის FPV დრონის მიერ გადაღებული და უკრაინის მხარის მიერ რადიოელექტრონული დაზვერვის დახმარებით მოპოვებული ვიდეო. იგი შეიცავს მარკირებას UT4D.TT, რომელიც მიუთითებს, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მიაწოდა დრონები ზაპორიჟიის ბირთვულ ობიექტზე განთავსებულ საოკუპაციო ძალებს.
ვიდეოში ჩანს, რომ კამიკაძე დრონი დაფრინავს ZNPP-ის ენერგეტიკულ ობიექტებზე და მიემართება უკრაინის მიერ კონტროლის ქვეშ მყოფი ქალაქების - ნიკოპოლისა და მარგანეცის მიმართულებით, ეს ქალაქები ხშირად ხდება რუსული თავდასხმების სამიზნე.
ბაბელის გამოცემისათვის მიცემულ კომენტარში, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა ანდრეი ჩერნიაკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსები იყენებენ ZNPP-ის ტერიტორიას უპილოტო თვითმფრინავების გასაშვებად. თანაც, რუსული ძალები სარგებლობენ იმით, რომ უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ძალები ვერ ამოიღებენ სამიზნეში და დაუბრუნებემ ცეცხლს ობიექტის მიმდებარე კილომეტრნახევრიან ზონის თავზე მფრინავ ობიექტს. კერძოდ, GUR-ის ცნობით, რუსებმა დრონების გაშვების ადგილები ZNPP-ის მეექვსე რეაქტორის გვერდით შეარჩიეს.
ასევე, 2023 წლის ზაფხულში, რუსმა ოკუპანტებმა დაიწყეს ზაპორიჟიის ბირთვული ელექტროსადგურის ტერიტორიის გამოყენება FPV თვითმფრინავის მფრინავების მომზადებისთვის - ამას აკეთებს ე.წ. "არხანგელის" სკოლა, რომელსაც აფინანსებს რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი დირექტორატი. უკრაინის დაზვერვამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსული არმიის ასეთი ქმედებები მოწმობს რუსეთის უპასუხისმგებლო აქტივობას მის მიერ ოკუპირებულ ბირთვულ ობიექტზე და შეიძლება გამოიწვიოს კატასტროფული შედეგები.
რეაქტორების სიახლოვეში ასეთი აქტივობების შედეგად სიტუაცია შეიძლება ადვილად გამოვიდეს კონტროლიდან, და შეიქმნას მასშტაბური ავარიის საფრთხე.
გამოყენებული წყაროები:
- Mallonee, M. K., Grise, K., & Lau, C. (2024, March 23). US had warned Russia ISIS was determined to attack. Retrieved from CNN: https://edition.cnn.com/2024/03/23/europe/us-had-warned-russia-isis-was-determined-to-attack-intl-hnk/index.html
- Hafezi, P. (2024, April 1). Exclusive: Iran alerted Russia to security threat before Moscow attack. Retrieved from Reuters: https://www.reuters.com/world/iran-alerted-russia-security-threat-before-moscow-attack-sources-say-2024-04-01/
- Mackinnon, A. (2024, March 27). Moscow Terrorist Attack Undercuts Putin’s Strongman Image. Retrieved from Foreign Policy: https://foreignpolicy.com/2024/03/27/moscow-attack-putin-islamic-state-fsb-russia/
- Comment of the Ministry of Foreign Affairs of Ukraine on the shooting in Krasnogorsk near Moscow. (2024, March 22). Retrieved from Ministry of Foreign Affairs of Ukraine: https://mfa.gov.ua/en/news/komentar-mzs-ukrayini-shchodo-strilyanini-u-pidmoskovnomu-krasnogorsku
- Vinogradov, M. (2024, March 27). What Will the Political Fallout Be From the Moscow Terrorist Attack? Retrieved from Carnegie Endowment for International Peace: https://carnegieendowment.org/politika/92066
- Update 223 – IAEA Director General Statement on Situation in Ukraine, 13 April 2024. Available at: https://www.iaea.org/newscenter/pressreleases/update-223-iaea-director-general-statement-on-situation-in-ukraine
- Update 224 – IAEA Director General Statement on Situation in Ukraine, 18 April 2024. Available at: https://www.iaea.org/newscenter/pressreleases/update-224-iaea-director-general-statement-on-situation-in-ukraine
- UA - GUR has Published Evidence of Russian Troops Launching Kamikadze Drones over the Occupied ZNPP. May 02, 2024. Available at: https://zn.ua/ukr/war/hur-opublikuvalo-dokazi-zapusku-rosijskimi-vijskami-droniv-kamikadze-nad-okupovanoju-zaes.html