რუსეთის ომი და ბირთვული კონფლიქტის საფრთხე
2002 წლის თებერვალში უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის დაწყებისთანავე რუსეთის პრეზიდენტმა და სხვა ხელმძღვანელმა პირებმა არაერთხელ გამოთქვეს მუქარა ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენების შესახებ, რამაც არნახულად გაზარდა რუსეთსა და ნატოს შორს ბირთვული დაპირისპირების რისკები.
უკრაინაში აგრესიის დაწყების მიზეზების შესახებ საუბრისას რუსეთის მმართველი პოლიტიკური ელიტა ხაზს უსვამს, რომ რუსეთისთვის მიუღებელია ნატოს შემდგომი გაფართოება და უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ინფრასტრუქტურის განვითარება. რუსეთის ინტერესებისა და სახელმწიფოს არსებობისთვის საფრთხეს წარმოადგენს მტრულად განწყობილი ქვეყნის შექმნა რუსეთის ისტორიულ მიწაზე, რომელიც ინტენსიურად მარაგდება უახლესი იარაღით, რის გამოც რუსეთის პასუხი ისეთი იქნება, რომლის პრეცედენტიც ისტორიაში არ ყოფილა.
მსგავსი განცხადებები რუსეთის ხელმძღვანელმა პირებმა გასული 2 წლის მანძილზე არაერთხელ გააკეთეს, რასაც ასევე მოჰყვებოდა რუსეთის ე.წ. „შეკავების ძალების“ სპეციალურ საბრძოლო მზადყოფნაში გადაყვანა, ან სამხედრო წვრთნების ჩატარება და ა.შ.
მსგავს განცხადებებს ექსპერტები და პოლიტიკოსები განმარტავენ როგორც პუტინის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარას რუსეთის წინააღმდეგ მოსალოდნელი გარე ინტერვენციის შეკავების მიზნით. ეს მუქარა მიმართულია ნატოსა და შეერთებული შტატების წინააღმდეგ, რომ შეაჩეროს მათი აქტიური ჩართულობა უკრაინის ომში. ამ პირობებში, შეკავების პოლიტიკის პრინციპების შესაბამისად, რუსეთი აცხადებს, რომ ინარჩუნებს ბირთვული იარაღის გამოყენების უფლებას.
ასევე, საერთაშორისო ურთიერთობების პრაქტიკოსი პოლიტიკოსებისა და ანალიტიკოსების საერთო აზრით, თუ ბირთვული იარაღი იქნება გამოყენებული რაიმე კონფლიქტში ბირთვულ სახელმწიფოებს შორის, არ არსებობს გარანტია, რომ ბრძოლას სწრაფად არ მოჰყვება ყოვლისმომცველი ურთიერთ-საპასუხო ბირთვული აფეთქებები, და როგორც 2022 წ აშშ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, ტაქტიკური ბირთვული იარაღის ყველა შესაძლო გამოყენება აუცილებლად დასრულდება „არმაგედონით“.
არსებული განწყობების მიუხედავად, 2024 წლის მანძილზეც გაგრძელდა რუსეთის პოლიტიკა - მაგალითად, პრეზიდენტმა პუტინმა ოფიციალურად გასცა ნებართვა სამხედრო წვრთნების ჩატარებაზე რუსეთის სუბსტრატეგიული ბირთვული იარაღის ნატოსა ან უკრაინის წინააღდეგ შესაძლო გამოყენების სადემონსტრაციოდ. წვრთნები ჩატარდა რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქში, რომელიც ესაზღვრება უკრაინას და რუსეთის მიერ ანექსირებულ უკრაინის ტერიტორიებს.
რუსეთის ხელმსუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ რუსეთის სტრატეგიული ბირთვული წვრთნები არის პასუხი საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებაზე, რომ ნატომ არ უნდა გამორიცხოს სახმელეთო ძალების უკრაინაში გაგზავნა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის დევიდ კემერონის მოწოდებაზე, რომ უკრაინამ უნდა შეძლოს დასავლეთის იარაღის გამოყენება რუსეთის ტერიტორიაზე არსებული სამიზნეების წინააღმდეგ. ასევე, 2024 წ. მაისის თვეში გერმანია აშშ-თან შეთანხმდა, რომ უკრაინას მიეცეს საშუალება, გამოიყენოს გარკვეული რაკეტები რუსეთის შიგნით სამიზნეებზე დასარტყმელად.
ამგვარად, პრობლემა ბირთვული ესკალაციის საფრთხის ზრდაშია, და საერთაშორისო მკვლევარები და პრაქტიკოსი პოლიტიკოსები აგრძელებენ მსჯელობას იმაზე, თუ ბირთვული გაუვრცელებლობის ნორმების გათვალისწინებით, როგორ უნდა აიცილოს თავიდან საერთაშორისო თანამეგობრობამ ბირთვული ესკალაციის შესაძლებლობა.
როდესაც ბირვული არსენალის მქონე სახელმწიფო გამოთქვამს ბირთვულ მუქარას მეორე ქვეყნის მიმართ და იძულებით ცდილობს მისი ინტერესების გატარებას, როგორც ამას აკეთებს რუსეთი, მსოფლიოს ყველა სახელმწიფოს ინტერესებშია, დაგმოს ასეთი მუქარა და მოითხოვოს, რომ დამნაშავეებმა თავი შეიკავონ პროვოკაციული ქმედებებისგან.
- უნდა აღინიშნოს, რომ ბირთვული იარაღის ნებისმიერი გამოყენება ან იარაღით მუქარა საერთაშორისო სამართლის დარღვევაა - აუცილებელია საერთაშორისო ინსტიტუტებმა თუ ორგანიზაციებმა ცალსახად დაგმოს ნებისმიერი და ყველა ბირთვული მუქარა, იქნება ეს აშკარა თუ არაპირდაპირი, და გარემოებების მიუხედავად
- გლობალური საერთაშორისო უსაფრთხოების ინსტიტუტების ფარგლებში, როგორიცაა ბირთვული გაუვრცელებლობის რეჟიმი - არაბირთვული იარაღის მქონე სახელმწიფოებს შეუძლიათ მოსთხოვონ მოსკოვსა და ვაშინგტონს, შეასრულონ ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულების (NPT) მუხლის VI მუხლის ვალდებულებები, ჩაერთონ ბირთვული იარაღის კონტროლის ახალ ჩარჩო შეთანხმებაზე მოლაპარაკებებში, სანამ ახალი სტრატეგიული შეიარაღების შემცირების ხელშეკრულება ამოიწურება 2026 წელს.
- ასევე, აშშ-ს და ნატოს ლიდერებმა უნდა განაგრძონ მიმდინარე პოლიტიკა და თავი შეიკავონ ბირთვული შურისძიების მუქარის შემცველი რიტორიკისგან, თავი შეიკავონ პროვოკაციული ბირთვული წვრთნების და ბელარუსში რუსული სუბსტრატეგიული ბირთვული იარაღის განლაგებაზე სწრაფი საპასუხო ქმედებისაგან.
ამასთან ერთად, საერთაშორისო მკვლევარების აზრით, რამდენიმე მნიშვნელოვანი თემა შეიძლება გახდეს სამსჯელო უახლოეს მომავალში, რაც ხელს შეუწყობს ბირთვული გაუვრცელებლობის ნორმების განმტკიცებას. კერძოდ:
- შეერთებულმა შტატებმა შეიძლება ხელი შეუწყოს ბირთვული თავდასხმის წინააღმდეგ სამართლებრივად სავალდებულო ნეგატიური უსაფრთხოების გარანტიების გაცემას მრავალი არაბირთვული იარაღის მქონე სახელმწიფოსთვის;
- ბირთვული იარაღისგან თავისუფალი ზონის ხელშეკრულებების განმტკიცების მიზნით აშშ-ს შეუძლია სამი ოქმის საბოლოო რატიფიცირება, რომლებიც მოიცავს სამხრეთ წყნარი ოკეანის, აფრიკისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს. სენატში ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ვერ მოხერხდა ამ ხელშეკრულებების რატიფიცირება;
- ასევე აშშ-მ შესაძლებელია, ჩინეთთან ერთად დაიწყოს მოლაპარაკებები გლობალურ ხელშეკრულებაზე, რათა უზრუნველყოს ბირთვული უსაფრთხოების უარყოფითი გარანტიები ყველა არაბირთვული იარაღის მქონე სახელმწიფოსთვის;
- ყველა სახელმწიფოს, რომელიც შეშფოთებულია ბირთვული ესკალაციით, ასევე შეუძლია მოუწოდოს NPT-ს მონაწილე ხუთ ბირთვული იარაღის მქონე სახელმწიფოს, გამოხატონ მხარდაჭერა 1973 წლის სსრკ-აშშ შეთანხმების მიმართ - ბირთვული ომის პრევენციის შესახებ, რომელიც მოითხოვს, რომ სახელმწიფოებმა თავი შეიკავონ ბირთვული საფრთხეებისგან და ბირთვული კონფლიქტის გაზრდილი რისკის დროს, „დაუყოვნებლივ შევიდნენ ერთმანეთთან სასწრაფო კონსულტაციებში და ყველა ღონე გამოიჩინონ ამ რისკის თავიდან ასაცილებლად“.
ბირთვული იარაღის გამოყენებისა და გამოყენების საფრთხეების წინააღმდეგ კონსენსუსის შესანარჩუნებლად და გასაძლიერებლად, ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ზეწოლა მათზე, ვინც შესაძლოა შეეცადოს დაარღვიოს ბირთვული ტაბუ - აცხადებს დარილ კიმბალი, შეიარაღების კონტროლის ასოციაციის (ACA) აღმასრულებელი დირექტორი და ორგანიზაციის ყოველთვიური ჟურნალის, Arms Control Today, გამომცემელი და კონტრიბუტორი.
რუსეთის საერთაშორისო პოლიტიკა ბირთვული გაივრცელებლობის ნორმებთან და ბირთვულ ტაბუსთან მიმართებაში
აღსანიშნავია, ასევე, რომ, ყველა საერთაშორისო დამკვირვებელი და მკვლევარი ადასტურებს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის მიზეზებისა და საერთაშორისო ურთიერთობების სისტემაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, გლობალური წესრიგი სერიოზული გამოწვევების წინაშე დადგა.
მსოფლიოს სამი ბირთვული სახელმწიფო, მათ შორის რუსეთი, ისევე როგორც ჩრდილოეთ კორეა და ჩინეთი, ასევე, ბირთვული გაუვრცელებლობის რეჟიმს გამიჯნული და უკვე პოტენციურად ბირთვული სახელმწიფო, ირანი, იზიარებენ, რომ დღეს მსოფლიოში არსებული გლობალური წესრიგი მათ არ ანიჭებს სტატუსს ან მოქმედების თავისუფლებას, და ითხოვენ ე.წ. გავლენის სფეროების „ცნობას“.
რაც შეეხება გავლენის სფეროებს, ჩინეთის „ძირითადი ინტერესები“ვრცელდება ტაივანსა და სამხრეთ ჩინეთის ზღვაზე; ირანის „წინააღმდეგობის ღერძი“ გადის ერაყში, ლიბანში, სირიაში, იემენში და სხვაგან; ჩრდილოეთ კორეის პრეტენზია ვრცელდება მთელ კორეის ნახევარკუნძულზე; ხოლო რუსეთის - "ახლო საზღვარგარეთ", რომელიც კრემლისთვის მოიცავს, მინიმუმ, იმ ქვეყნებს, რომლებიც შედიოდნენ მის ისტორიულ იმპერიაში. მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ ოთხივე ქვეყანა ხედავს შეერთებულ შტატებს, როგორც მთავარ დაბრკოლებას ამ გავლენის სფეროების ჩამოყალიბებისთვის და მათ სურთ, რომ შემცირდეს ვაშინგტონის გავლენა მათთვის მნიშნელოვან რეგიონებში. (Foreign Affairs, 2024, APRIL 23)
თავად ამ ქვეყნებს შორის კონკურენცია და არსებული განსხვავებები ხელს არ უშლის ერთიანობას, რომელიც ეფუძნება უნივერსალური ღირებულებების უარყოფას და დასავლეთის მიერ დემოკრატიის მხარდაჭერის დაგმობას. ეს ქვეყნები განმარტავენ დასავლეთის ამ მცდელობას, როგორც შიდა არასტაბილურობის ხელშეწყობას. ჩინეთი, რუსეთი, ირანი და ჩრდილოეთ კორეა ამტკიცებენ, რომ ცალკეულ სახელმწიფოებს აქვთ უფლება, თავად განსაზღვრონ, როგორი დემოკრატია სურთ. რუსეთი, ჩინეთი, ირანი და ჩრდილოეთ კორეა ეწინააღმდეგებიან გარე ჩარევას ქვეყნის შიდა საქმეებში, აშშ-ს ალიანსების გაფართოებას, ამერიკული ბირთვული იარაღის საზღვარგარეთ განთავსებას და იძულებითი სანქციების გამოყენებას. ამ წინააღმდეგობას ფორმალურად აფიქსირებენ გაეროს უშიშოების საბჭოს სხდომებზე და გენერალურ ასამბლეაზე ხმის მიცემის დროსაც.
მიუხედავად ასეთი მკვეთრად არტიკულირებული პოზიციისა, ჩინეთი, ირანი და ჩრდილოეთ კორეა ან იცავდნენ, ან ერიდებოდნენ მკაფიოდ დაეგმოთ რუსეთის შეჭრა უკრაინაში და მათ შეასრულეს კრემლის სურვილი დაედანაშაულებინათ ნატო ომის დაწყებაში. ამასთან, ის ფაქტი, რომ ჩინეთი უარს ამბობს, დაგმოს უკრაინაში რუსეთის შეჭრა - აფრიკის, ლათინური ამერიკისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს იგივეს გაკეთებას უადვილებს.
ამგვარად, პუტინის რუსეთი მიისწრაფვის გაანადგუროს არა მხოლოდ უკრაინა, არამედ გლობალური საერთაშორისო წესრიგიც. ფაქტებზე დაყრდნობით, დასავლეთის პოლიტიკოსები და ანალიტიკოსები ხაზს უსვამენ, რომ გლობალური წესრიგის მოწინააღმდეგ თანამოაზრე ქვეყნებმა თავისი მიზნების მისაღწევად საბრძოლო მასალა, დრონები, მიკროჩიპები და დახმარების სხვა ფორმები გაუგზავნეს სანქცირებულ რუსეთს. ამასთან, რაც უფრო მეტად ეყრდნობა კრემლი ამ ქვეყნებს, მით მეტი უნდა გასცეს სანაცვლოდ. პეკინი, ფხენიანი და თეირანი სარგებლობენ მოსკოვზე თავიანთი ბერკეტებით, რათა გააფართოვონ თავიანთი სამხედრო შესაძლებლობები და ეკონომიკური გავლენის ინსტრუმენტები.
- მოსკოვის სამხედრო დახმარება პეკინისთვის მიმართულია შეერთებული შტატების სამხედრო უპირატესობის შესასუსტებლად - რუსეთი ჩინეთს აწვდის იარაღს, ატარებს ერთობლივ სამხედრო წვრთნებს; ორი ქვეყანა განაგრძობს ერთობლივად იარაღის განვითარებასა და წარმოებას, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის სამხედრო აპლიკაციებს. თუმცა, მოსკოვი ინარჩუნებს უპირატესობას პეკინთან შედარებით სხვა საკვანძო სფეროებში, მათ შორისაა წყალქვეშა ტექნოლოგია, დისტანციური ზონდირების თანამგზავრები და თვითმფრინავების ძრავები.
- ანალოგიური დინამიკაა რუსეთის ურთიერთობებში ირანთან და ჩრდილოეთ კორეასთან. მოსკოვმა და თეირანმა შექმნეს ის, რასაც ბაიდენის ადმინისტრაციამ უწოდა "უპრეცედენტო თავდაცვითი პარტნიორობა", რომელიც აუმჯობესებს ირანის სამხედრო შესაძლებლობებს. რუსეთმა ირანს მიაწოდა მოწინავე თვითმფრინავები, საჰაერო თავდაცვა, დაზვერვა და კიბერ-შესაძლებლობები, რომლებიც დაეხმარებოდა თეირანს წინააღმდეგობის გაწევაში აშშ-ს ან ისრაელის პოტენციურ სამხედრო ოპერაციებში.
რუსეთის მხრიდან მზარდმა მხარდაჭერამ, სავარაუდოდ, ირანი აიძულა თავისი რეგიონალური მარიონეტები გაეაქტიურებინა და 2015 წლის ბირთვული შეთანხმება შორეულ წარსულში დარჩა. დღეს მოსკოვი და პეკინი ეხმარებიან თეირანს, წინააღმდეგობა გაუწიოს დასავლურ ზეწოლას, რაც ირანს გაუადვილებს გააგრძელოს ურანის გამდიდრება და უარყოს ვაშინგტონის ძალისხმევა ახალი ბირთვული შეთანხმების მოლაპარაკებაზე. - ჩრდილოეთ კორეის საბრძოლო მასალისა და რუსეთისთვის სხვა სამხედრო მხარდაჭერის სანაცვლოდ, ფხენიანი ელოდება მოწინავე კოსმოსურ, სარაკეტო და წყალქვეშა ტექნოლოგიების გადაცემას. ამით ჩრდილოეთ კორეა შეძლებს გააუმჯობესოს ბირთვული ტევადობის მქონე კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტების სიზუსტე და სიცოცხლისუნარიანობა და გამოიყენოს რუსული ატომური ძრავის ტექნოლოგია თავისი წყალქვეშა ნავების დიაპაზონისა და შესაძლებლობების გასაფართოებლად.
რუსეთთან თანამშრომლობის შედეგად ჩრდილოეთ კორეამ სრულად დაივიწყა პოლიტიკა სამხრეთ კორეასთან მშვიდობიანი გაერთიანების შესახებ და გააძლიერა მუქარა სეულის წინააღმდეგ. ის აგრძელებს ბირთვული შანტაჟის პოლიტიკას, აწყობს რაკეტის გამოცდებს და სულ უფრო ნაკლებ ინტერესს იჩენს აშშ-თან მოლაპარაკებების მიმართ.
ამ ქვეყნებისგან რუსეთისთვის მიწოდებული დახმარება ამცირებს ვაშინგტონის და მისი პარტნიორების მიერ რუსეთისთვის დაწესებული საერთაშორისო სანქციების ეფექტიანობას. ჩინეთის, ირანისა და ჩრდილოეთ კორეის მხარდაჭერით მცირდება დასავლური ექსპორტის კონტროლის სისტემის ეფექტურობა; იზრდება ჩინეთის წილი რუსეთის იმპორტში (20%-მდე 2023); ეს ქვეყნები ეკონომიკურ ტრანზაქციებს აშშ-ს აღსრულების ზომების გვერდის ავლით ახერხებენ, რაც ძირს უთხრის დასავლეთის სანქციების ეფექტიანობას, ასევე ანტიკორუფციულ და ფულის გათეთრების წინააღმდეგ მცდელობებს.
გარდა ამისა, ჩინეთს, ირანს, ჩრდილოეთ კორეას და რუსეთს, მათი საერთო საზღვრებისა და ზღვისპირა ზონების გამოყენებით, შეუძლიათ ააშენონ დამოუკიდებელი სავაჭრო და სატრანსპორტო ქსელები.
- ირანი, მაგალითად, უპილოტო თვითმფრინავებს და სხვა იარაღს რუსეთში აგზავნის კასპიის ზღვის გავლით, სადაც შეერთებულ შტატებს მცირე წვდომა აქვს ტრანსფერების შესაჩერებლად.
- რუსეთის მხრიდან ნავთობისა და გაზის სახმელეთო ექსპორტის ზრდა ჩინეთში ამცირებს ჩინეთის დამოკიდებულებას საზღვაო ენერგიის იმპორტზე, რომელიც აშშ-ს ძალებმა შეიძლება დაბლოკონ კონფლიქტის დროს.
- რუსეთმა, თავისი თავდაცვის ინდუსტრიული ბაზის დახმარებით, მოგვიანებით, შესაძლოა, მხარი დაუჭიროს ჩინეთის ომის მცდელობებს. ასეთი თანამშრომლობა ხელს შეუწყობს შეერთებული შტატების გეოპოლიტიკური გავლენის შესუსტებას.
ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა ბელარუსი, კუბა, ერითრეა, ნიკარაგუა და ვენესუელა - ყველა მათგანი ეწინააღმდეგება აშშ-ს ხელმძღვანელობით დასავლეთის დომინირების სისტემას - ასევე შეუძლიათ უფრო მჭიდრო თანამშრომლობა დაიწყონ ღერძთან. თუ ჯგუფი გაიზრდება და გაამკაცრებს კოორდინაციას, შეერთებულ შტატებსა და მის მოკავშირეებს უფრო გაუჭირდებათ აღიარებული წესრიგის დაცვა.
დასავლეთს შეუძლია არსებული პრობლემებზე ეფექტურად რეაგირება: მისი კომბინირებული ეკონომიკა გაცილებით დიდია, მისი სამხედრო ძალები მნიშვნელოვნად უფრო ძლიერია, მისი გეოგრაფია უფრო ხელსაყრელია, მისი ღირებულებები უფრო მიმზიდველია და მისი დემოკრატიული სისტემა უფრო სტაბილურია. შეერთებული შტატები და მისი პარტნიორები უნდა იყვნენ დარწმუნებულნი საკუთარ ძალებში, მიუხედავად იმისა, რომ ისინი აფასებენ ძალისხმევის მასშტაბებს, რომლებიც აუცილებელია ამ ანტიდასავლურ კოალიციასთან კონკურენციის მიზნით. ახალმა ღერძმა უკვე შეცვალა გეოპოლიტიკის სურათი - მაგრამ ვაშინგტონს და მის პარტნიორებს მაინც შეუძლიათ თავიდან აიცილონ საერთაშორისო წესრიგის რღვევა.
გამოყენებული წყაროები:
Kimball, Daryl G. "Russia’s War and the Specter of Nuclear Conflict. "Arms Control Today, June 2024. https://www.armscontrol.org/act/2024-06/focus/russias-war-and-specter-nuclear-conflict.
Andrea Kendall-Taylor and Richard Fontaine, "The Axis of Upheaval." Foreign Affairs, April 23, 2024. https://www.foreignaffairs.com/china/axis-upheaval-russia-iran-north-korea-taylor-fontaine.
Sure, here is the reference in Chicago style:
"Putin Warns West over Ukraine Armaments, Nuclear Arsenal." Al Jazeera, June 5, 2024. https://www.aljazeera.com/news/2024/6/5/putin-warns-west-over-ukraine-armaments-nuclear-arsenal-in-news-conference.