უკრაინაში მოქმედ ბირთვულ რეაქტორებზე არსებული უსაფრთხოების მდგომარეობის მიმოხილვა

Ukraine war3

უკრაინის ბირთვული ელექტროსადგურების რუკა

წყარო: ენერგოატომი, მსოფლიოს ბირთვული სიახლეები.

უკრაინას ტერიტორიაზე ოპერირებს ოთხი ბირთვული ელექტროსადგური, სულ 15 რეაქტორით. ამჟამად უკრაინაში არსებული ბირთვული რეაქტორებიდან რვა დაკავშირებულია ქსელთან, მათ შორის ორი ზაპორიჟიეს ელექტროსადგურის ბირთვული რეაქტორი, სამი რივნეს ბირთვული რეაქტორი, ორი სამხრეთ უკრაინის ბირთვული რეაქტორი და ერთი ხმელნიცკის ბირთვული რეაქტორი. შვიდი სხვა რეაქტორი გამორთულია და ინყოფება რეგულარული ზედამხედველობის ქვეშ ან გადაყვანილია რეზერვში. ყველა ოთხ ბირთვულ ელექტროსადგურზე უსაფრთხოების სისტემები კვლავაც ფუნქციონირებს და ისინი ქსელში ელექტროენერგიის მიწოდებას განაგრძობენ.

უკრაინის ენერგოატომის განცხადების თანახმად, 2022 წლის ივნისის ბოლოს უკრაინაში მოქმედი ბირთვული ელექტროსადგურების სიმძლავრე საკმარისია მოსახლეობის მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, სამრეწველო ობიექტების ფუნქციონირებისთვის და თავდაცვის საჭიროებისთვის.

ზაპოროჟიეს ბირთვული ელექტროსადგური

2022 წლის 29 ივნისს ბირთვული ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) გენერალური დირექტორის, რაფაელ მარიანო გროსის, მოხსენებაში აღნიშნულია, რომ უკრაინის ბირთვული ელექტროსადგურებიდან, კერძოდ, ზაპოროჟიეს ბირთვული ელექტროსადგურიდან, მონაცემთა დისტანციური გადაცემა კვლავ შეჩერებულია - მეორედ გასულ თვეში. ივნისის დასაწყისიდან, IAEA და ზაპოროჟიეს ბირთვული ელექტროსადგურის უკრაინული ოპერატორი ერთად მუშაობდნენ, რათა აღედგინათ უსაფრთხოების მონაცემების დისტანციური გადაცემა IAEA-ს შტაბ-ბინაში თითქმის ორი კვირის ტექნიკური შეფერხების შემდეგ. მაგრამ ეს კავშირი კვლავ დაიკარგა 25 ივნისს, დაწესებულების საკომუნიკაციო სისტემების შეფერხების გამო.

გარდა ამისა, 2022 წ 24 ივნისს არსებული მდგომარეობით, IAEA-ს გენერალური დირექტორი, რაფაელ მარიანო გროსი, სულ უფრო მეტ შეშფოთებას გამოთქვამს უკრაინის ზაპორიჟიეს ბირთვული ელექტროსადგურის თანამშრომლების წინაშე არსებული გამოწვევების გამო. მედიაში და სხვა წყაროებში გაჟღერებული ბოლოდროინდელი ცნობები მიუთითებს ქვეყნის უდიდეს ბირთვულ ელექტროსადგურზე უკრაინელი პერსონალის მდგომარეობის გაუარესებაზე. ზაპოროჟიეს ბირთვული ელექტროსადგურის ტერიტორია რუსეთის შეიარაღებული ძალების კონტროლს ექვემდებარება და ობიექტს მართავს რუსეთის წარმომადგენელი.

IAEA-ს გენერალური დირექტორი აღნიშნავს, რომ ობიექტის უკრაინელი თანამშრომლები მუშაობენ უკიდურესად სტრესულ პირობებში და ცნობები მათი კეთილდღეობის შესახებ ძალიან შემაშფოთებელია. უკრაინაში ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის უზრუნველსაყოფად შვიდი შეუცვლელი საყრდენიდან, რომლებიც IAEA ოფიციალურად დაადასტურა სამხედრო კონფლიქტის დასაწყისში, ყურადღებას იმსახურებს ის, რომელშიც ნათქვამია, რომ ბირთვული ელექტროსადგურის თანამშრომლებს უნდა შეეძლოთ შეასრულონ „ობიექტის დაცვის და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მათზე დაკისრებული ვალდებულებები და მიიღონ გადაწყვეტილებები გარედან მიმართული ზეწოლის/წნეხის გარეშე“.

თანამშრომელთა მიმართ ზეწოლას ადასტურებს რუსეთის მიერ ოკუპირებული ქალაქ ენერგოდარის (ზაპორიჟიეს ოლქი) მერის, დმიტრო ორლოვის, 22 ივნისის ტვიტერში გაკეთებული განცხადება, რომლის თანახმადაც რუსული ჯარები ენერგოდარში მასობრივად იტაცებენ ხალხს და მაცხოვრებლებისა და ბირთვული ელექტროსადგურის თანამშრომლების გატაცებასთან დაკავშირებით სიტუაცია „კატასტროფული“ ხდება.

ასევე, უკრაინის ენერგოატომის მიერ ტელეგრამის საინფორმაციო ქსელში 29 ივნისს 2022 გავრცელებული ინფრომაციის მიხედვით, რუსები ემზადებიან სერიოზული პროვოკაციისთვის დროებით ოკუპირებულ ზაპორიჟიეს ბირთვულ ელექტროსადგურზე: ისინი აპირებენ დაადანაშაულონ უკრაინელი თანამშრომლები ელექტროსადგურის ადგილზე იარაღის შენახვაში. რუსეთის მხარემ უკვე დააკავა და აწამა რამდენიმე თანამშრომელი, რომ მათგან აღიარება მიეღო, უფრო სწორად, აეძულებინა ისინი, დაედანაშაულებინათ თავი იმაში, რომ მარტის თვეში მათ ჩაყარეს იარაღი - მათ შორის ასაფეთქებლები და ჭურვები - რეაქტორის გამაგრილებელი აუზების ბეტონის საცავებში.

ამ საბაბით ოკუპანტები დაჟინებით მოითხოვენ გამაგრილებელი აუზებიდან წყლის დრენაჟს - აუზების შემოწმებას და ტუმბოების გათიშვას, რომლებიც წყლით ამარაგებენ ენერგობლოკების უსაფრთხოების სისტემებს. ენერგოატომის შეფასებით, თუ ეს მოხდება, ევროპის უდიდესი ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოების სისტემები გაცივდება, რამაც შეიძლება სერიოზული საფრთხე შეუქმნას ბირთვულ უსაფრთხოებას. გარდა ამისა, ასეთი სამუშაოები არ უნდა ჩატარდეს ზაფხულში გადახურების და არასაკმარისი აღჭურვილობის რისკის გამო.

ამასთან აღსანიშნავია, რომ ამ პირობებში გადამწყვეტი საკითხია ოკუპანტების საქმიანობის ზედამხედველობა, რადგან „ინსპექტირების ჩატარების“ საფარქვეშ მათ შეუძლიათ ბეტონის აუზებში ჩააგდონ ყველაფერი: ასაფეთქებელი ნივთიერებები, აუფეთქებელი ჭურვები და სხვა იარაღი. შემდეგ მათ შეუძლიათ ამაში დაადანაშაულონ რეაქტორის თანამშრომლები ან მისი დაცვა, მოითხოვონ ოფიციალური შემოწმება IAEA-ის მიერ ამ „ფაქტების“ წარმოსაჩენად და პროპაგანდისტული რუსული მედიისთვის სურათის საჩვენებლად, თუ როგორ ზრუნავენ რუსები ჰესის უსაფრთხოებაზე და როგორ არღვევს მას უკრაინული პერსონალი.

უკრაინის ენერგოატომის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 2022 წლის 30 ივნისის 08:00 საათისთვის ზაპორიჟიეს ბირთვული სადგური მუშაობს ბირთვული, რადიაციული და გარემოსდაცვითი უსაფრთხოების სტანდარტების დაცვით.

სამხრეთ უკრაინის ბირთვული ელექტროსადგური

IAEA ივნისში აპირებს გააგზავნოს უსაფრთხოების დაცვის ინსპექტორები სამხრეთ უკრაინის ბირთვულ ელექტროსადგურზე. საერთაშორისო მისია შეისწავლის მდგომარეობას, განსაზღვრავს ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცვის გაძლიერების ღონისძიებებს ამ ობიექტზე, მათი ბირთვული ობიექტების ფიზიკურ მთლიანობას, უსაფრთხო ელექტროენერგიის მიწოდების პერსპექტივას და IAEA-ს უწყვეტი ლოჯისტიკური მიწოდების ჯაჭვების სანდოობას.

5 ივნისს უკრაინამ აცნობა IAEA -ს, რომ სამხრეთ უკრაინის ბირთვული ელექტროსადგურის თავზე დაფრინავდა საკრუიზო რაკეტა. „თუ რაკეტა ახლოს მიფრინავს ელექტროსადგურთან, მას შეუძლია სერიოზული გავლენა მოახდინოს მის ფიზიკურ მთლიანობაზე, რამაც შეიძლება მიგვიყვანოს ბირთვულ ავარიამდე“, თქვა IAEA-ს გენერალურმა დირექტორმა, რაფაელ მარიანო გროსიმ, და გამოხატა შეშფოთება, რომელიც მან ადრეც გამოთქვა მსგავს მოვლენებთან დაკავშირებით. უსაფრთხოებისა და დაცულობის შვიდი საყრდენიდან ერთ-ერთი ამბობს, რომ "ობიექტების ფიზიკური მთლიანობა - იქნება ეს რეაქტორები, საწვავის აუზები თუ რადიოაქტიური ნარჩენების საწყობები - უნდა შენარჩუნდეს".

IAEA-ს გენერალური დირექტორის შეხვედრისას უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან 26 აპრილს ჩამოყალიბდა დახმარების ყოვლისმომცველი პროგრამა, რომელიც შედგება ოთხი ნაწილისაგან: დისტანციური ტექნიკური დახმარება; ადგილზე ტექნიკური დახმარება; აღჭურვილობის მიწოდება; და მზადყოფნა, სასწრაფოდ გამოიყენოს დახმარება საჭიროების შემთხვევაში.

სხვა ბირთვული რეაქტორების უსაფრთხოება

IAEA-ს მონაცემებით, რომელსაც ადასტურებს უკრაინის ენერგოატომიც, 2022 წლის 30 ივნისის 08:00 საათისთვის ხმელნიცკის ბირთვული ელექტროსადგური ნორმალურად მუშაობს. ელექტროსადგურების უსაფრთხო მუშაობის პირობების დარღვევა არ შეინიშნება და დაკვირვების ზონაში რადიაციული, ხანძარსაწინააღმდეგო და გარემო პირობები არ შეცვლილა და ნორმის ფარგლებშია. აქტიური დაცვის ქვეშ იმყოფება ენერგობლოკების, შენობების, დაცული ტერიტორიების პერიმეტრის და მიმდებარე ტერიტორიების რეაქტორის განყოფილებები. ასევე, იგივე წყაროები მოწმობს, რომ 2022 წლის 30 ივნისის 08:00 საათიდან რივნეს ატომური ელექტროსადგური ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.

არ არის წუხილები არსებული ელექტროსადგურების ძირითადი აღჭურვილობის და პერსონალის მუშაობაზე. უსაფრთხოების საზღვრებისა და უსაფრთხოების პირობების დარღვევა არ დაფიქსირებულა. რადიაციული, სახანძრო და გარემო პირობები რეაქტორსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არ შეცვლილა და მოქმედი სტანდარტების ფარგლებშია.

ხარკოვის ბირთვული ობიექტი

უკრაინამ აცნობა ბირთვული ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA), რომ 25 ივნისს დაბომბვამ დამატებითი ზიანი მიაყენა ბირთვულ კვლევით ობიექტს ჩრდილო-აღმოსავლეთ ქალაქ ხარკოვში, მაგრამ რადიაციის დონე ადგილზე ნორმალური დარჩა. იმავე დღეს პორტატული დოზიმეტრით ჩატარებულმა გაზომვებმა აჩვენა, რომ ნეიტრონული წყაროს შენობის ექსპერიმენტულ დარბაზში რადიაციული ფონი იყო „სტანდარტული საზღვრების ფარგლებში”. დაბობმვის შედეგად დაზიანებულია ობიექტის ინფრასტრუქტურა, მათ შორის გაგრილების სისტემა და დიზელის გენერატორის შენობა. თუმცა, საჭიროების შემთხვევაში დიზელის გენერატორი ხელმისაწვდომი დარჩა. ინსტალაციის ბუნებაზე და ამ გაზომვებზე დაყრდნობით, IAEA-ს ექსპერტებმა შეაფასეს, რომ არ აღინიშნებოდა მნიშვნელოვანი ზეგავლენა მის უსაფრთხოებაზე.

აღნიშნულ დაწესებულებაში ტარდება კვლევითი სამუშაოები ისეთ სფეროებში, როგორიცაა ბირთვული ფიზიკა, რადიაციული მასალების მეცნიერება, ბიოლოგია და ქიმია - და რადიოიზოტოპების წარმოება სამედიცინო გამოყენებისთვის. მისი ბირთვული ანაკრები სუბკრიტიკულია და რადიოაქტიური მარაგი დაბალია. კონფლიქტამდე ობიექტი ექსპლუატაციაში იყო, მაგრამ ამჟამად არ ფუნქციონირებს. კვლევითი ობიექტი რუსეთის სამხედროების სამიზნე იყო მარტის თვეშიც, როდესაც მას გარე ელექტრომომარაგება შეუწყდა.

ასევე, 26 ივნისს უკრაინამ აცნობა IAEA-ს, რომ რაკეტამ გადაუფრინა სამხრეთ უკრაინის ბირთვულ ელექტროსადგურს. იმავე დღეს გენერალურმა დირექტორმა რაფაელ მარიანო გროსიმ, კიდევ ერთხელ გამოხატა სერიოზული შეშფოთება ბირთვული ობიექტების წინაშე არსებული სერიოზული რისკების შესახებ, როდესაც მის თავზე რაკეტები დაფრინავენ.

IAEA-ს მისია უკრაინაში

გასულ თვეებში IAEA-ს გენერალური დირექტორი ხელმძღვანელობდა ორ მისიას უკრაინაში, ერთს - სამხრეთ უკრაინის ბირთვულ ელექტროსადგურში და მეორეს - ჩერნობილის ბირთვული ელექტროსადგურის ზონაში, ტერიტორიიდან რუსული ჯარების გაყვანიდან რამდენიმე კვირაში. ამ მისიებმა მიაღწიეს რეალურ პროგრესს: მაგალითად, ჩერნობილში IAEA- მ აღადგინა უსაფრთხოების ინფორმაციის ნაკადი, გაზომა რადიაციის დონე, შეაფასა უკრაინის საჭიროებები და მიაწოდა ობიექტს აღჭურვილობის წინასწარი პარტია.

2022 წლის 3 ივნისს ბირთვული ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ (IAEA) დაასრულა მისია ჩერნობილის ბირთვულ ელექტროსადგურსა (NPP) და მიმდებარე ზონაში უსაფრთხოების და დაცულობის დაგეგმილი ღონისძიებების განსახორციელებლად.

ეს მისია იყო IAEA-ს მეორე მისია ჩერნობილის ობიექტზე ბოლო ექვსი კვირის განმავლობაში, რაც მიზნად ისახავდა ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის უზრუნვეყოფას მიმდინარე სამხედრო კონფლიქტის დროს.

ჩერნობილის ბირთვულ ელექტროსადგურსა და 1986 წლის ავარიის შემდეგ შექმნილ ჩერნობილის დახურულ ზონაში სამდღიანი დაკვირვების დროს IAEA-ს ექსპერტებმა უკრაინელ კოლეგებს დახმარება გაუწიეს რადიაციული დაცვის, ნარჩენების მართვის უსაფრთხოებისა და ბირთვული უსაფრთხოების საკითხებში, განაცხადა გენერალურმა დირექტორმა რაფაელ მარიანო გროსიმ. გარდა ამისა, IAEA-ს დაცვის თანამშრომლებმა ჩაატარეს ღონისძიებები, რომლებიც დაგეგმილი იყო სააგენტოს მიერ შედგენილი წლიური სამოქმედო გეგმის ფარგლებში, მას შემდეგ, რაც ჩერნობილის ბირთვული ელექტროსადგური დატოვეს რუსულმა ძალებმა 31 მარტს, რომლებიც აკონტროლებდნენ მას ხუთი კვირის განმავლობაში.

IAEA კონფლიქტის დასაწყისიდან იყო ორიენტირებული უკრაინისა და მისი ბირთვული ობიექტების ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველსაყოფაზე ქვეყნისთვის ამ უკიდურესად რთულ პერიოდში. გენერალურმა დირექტორმა რაფაელ მარიანო გროსიმ აღნიშნა, რომ „ეს იყო მესამე ასეთი მისია უკრაინაში კონფლიქტის დაწყების შემდეგ და მას სხვა მოჰყვება მომდევნო კვირებში და თვეებში“.

ამ კვირის მისია განახორციელა IAEA-ს შვიდი თანამშრომლისაგან შემდგარმა გუნდმა.

მისიის განმავლობაში IAEA-ს ბირთვული უსაფრთხოებისა და უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა:

  • მოინახულეს რადიოაქტიური ნარჩენების და დახარჯული საწვავის მართვის ძირითადი ობიექტები, რათა განეხილათ და შეეფასებინათ მათი სტატუსი იქაურ თანამშრომლებთან ერთად და განესაზღვრათ სამომავლო მხარდაჭერის სფეროები.
  • აპრილში ჩაატარეს IAEA-ს მიერ მიწოდებული რადიაციული მონიტორინგის აღჭურვილობის შესახებ ტრენინგი, გადაამოწმეს რადიაციული დაცვის პროგრამა ჩერნობილის ბირთვული ელექტროსადგურისა და ზონის ყველა ობიექტში და განსაზღვრეს ქმედებები შემდგომი გაუმჯობესებისთვის.
  • დააკვირდნენ იმავე ტერიტორიაზე მდებარე ბირთვული, დახარჯული საწვავის, ნარჩენების და რადიოაქტიური მასალების ობიექტებზე ფიზიკურ დაცვას და განსაზღვრეს თანამშრომლობის პოტენციური სფეროები.
  • დახმარება გაუწიეს საგანგებო სიტუაციებზე მზადყოფნასა და რეაგირებას და განიხილეს დამატებითი დახმარება, რომელიც შეიძლება უზრუნველყოფილი იყოს IAEA-ს რეაგირებისა და დახმარების ქსელის (RANET) მექანიზმის მეშვეობით.
  • განიხილეს რადიაციული მონიტორინგის ავტომატური სისტემის აღდგენის საკითხი და მიიღეს ინფორმაცია IAEA-ს რადიაციული მონიტორინგის საერთაშორისო საინფორმაციო სისტემასთან (IRMIS) ამ სისტემის მომავალი კავშირის შესახებ.

გარდა ამისა, IAEA-ს უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ:

  • შემოწმებულია დეკლარირებული ბირთვული მასალა და აქტივობები IAEA-ს მიერ შერჩეულ ობიექტებზე.
  • შემოწმებულია ჩერნობილის ბირთვული ელექტროსადგურიდან IAEA-ს შტაბ-ბინაში უსაფრთხოების დისტანციური უსაფრთხოების მონაცემთა გადაცემის ფუნქციონირება, რომელიც აღდგა აპრილის ბოლოს ორთვიანი შეფერხების შემდეგ.
  • განახლებულია დაინსტალირებული დისტანციური დაცვის მონაცემთა გადაცემის სისტემები.

გენერალური დირექტორი აგრძელებს ძალისხმევას, რათა მოაწყოს IAEA-ს მისია უკრაინის უმსხვილეს ბირთვულ ელექტროსადგურზე, რუსეთის მიერ კონტროლირებად ზაპორიჟიეში, და განახორციელოს ბირთვული უსაფრთხოების და დაცულობის აქტივობები ქვეყნის სამხრეთში.

გამოყენებული წყაროები: