რუსეთის ბირთვული მუქარა უკრაინის ომში და საერთაშორისო უსაფრთხოება
მას შემდეგ, რაც ბირთვული იარაღი შეიქმნა, რუსეთი პირველი სახელმწიფო აღმოჩნდა, რომელმაც გამოიყენა ბირთვული მუქარა სამხედრო დაპირისპირებაში. შედეგად, მსოფლიოში მნიშვნელოვნად გაიზარდა ბირთვული ომის რისკი.
2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში ომის დაწყებიდან რუსეთი არაერთხელ დაემუქრა უკრაინას და მსოფლიოს ბირთვული იარაღის გამოყენებით, რითაც ხაზი გაუსვა მის სტრატეგიულ უპირატესობას უკრაინასთან წარმოებულ ომში. მუქარის სფუძველზე რუსეთის მიზანი იყო დასავლეთის - ნატოს წევრი ქვეყნების - შეკავება: მათ უარი უნდა ეთქვათ, ჩართულიყვნენ სამხედრო კონფლიქტში და უკრაინისათვის გაეწიათ პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო დახმარება.
ბოლო მუქარა გაჟღერდა 2022 წლის 6 ივლისს, როდესაც რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა დასაშვებად მიიჩნია ბირთვული ომის შესაძლებლობა, თუ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო (ICC) გადაწყვეტს მოსკოვის დასჯას უკრაინაში სავარაუდო დანაშაულისთვის. „იდეა, დაისაჯოს ქვეყანა, რომელსაც აქვს უდიდესი ბირთვული არსენალი, თავისთავად აბსურდულია და პოტენციურად ქმნის საფრთხეს კაცობრიობისათვის" - განაცხადა მედვედევმა, რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, მესიჯების აპლიკაცია Telegram-ზე.
საპასუხოდ, აშშ პრეზიდენტს არ გაუმწვავებია ბირთვული დაპირისპირების საფრთხე და დღემდე არ გაუზრდია განგაშის დონე აშშ ბირთვული ძალებისათვის, თუმცა ესკალაციის რისკი კვლავ ნარჩუნდება.
როგორც არაერთი დასავლეთის ანალიტიკოსი აღნიშნავს, რუსეთი ნაწილობრივ წარმატებული აღმოჩნდა მიზნის მიღწევაში - აშშ-მ და ნატომ თავი შეიკავეს, პირდაპირ მიეღოთ მონაწილეობა ომში, უარი თქვეს უკრაინის ცაზე არასაფრენი სივრცის გამოცხადებაზე, და, ასევე, ომის საწყის ეტაპზე შეზღუდეს უკრაინისთვის გარკვეული სამხედრო დახმარების გაცემა.
მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანული BBC-ის 1 ივლისის 2022 ინფორმაციით, ომის დაწყებიდან 6 თვის თავზე, 30-ზე მეტმა ქვეყანამ გაუწია დახმარება უკრაინას სამხედრო იარაღით, მძიმე შეიარაღების მიწოდება მაინც ნელი ტემპით მიმდინარეობს.
დახმარებიდან განსაკუთრებული მნიშვნელობით გამოირჩევა შემდეგი შეიარაღება:
- 10 ერთეული შორი მანძილის სარაკეტო გამსროლი მოწყობილობა (აშშ, გაერთიანებული სამეფო, გერმანია): ე.წ. ჰაიმარსები (70 კმ რადიუსის; M142 High Mobility Artillery Rocket System or Himars, M270, MLRS).
- ასევე, 100 ერთეულზე მეტი M777 ჰაუბიცა და 300,000 ერთეული 155 მმ რაკეტები - ავსტრალია, კანადა, აშშ-დან.
- დაახლოებით 5,000-მდე ერთეული მსუბუქი ანტი-სატანკო შეიარაღება
- 230 ტანკი T-72 ყოფილი ვარშავის პაქტის ქვეყნებიდან - პოლონეთიდან და ჩეხეთიდან.
- დორნები - ბაირაქტარ TB2 drone - თურქეთიდან - ვერტმფრენების, საზღვაო გემების და სარაკეტო სისტემების გასანადგურებლად.
- საჰაერო თავდაცვისათვის აშშ გადასცემს უკრაინას ხმელეთ-ჰაერის ტიპის სარაკეტო სისტემებს NASAM; სლოვაკეთმა გადასცა S-300 საჰაერო თავდაცვის სისტემა.
დასავლეთში აღიარებული სამხედრო პროფესიონალები - დარგის მცოდნე ექსპერტები, მიმომხილველები, სამხედრო სფეროს მკვლევარები აღნიშნავენ, რომ გაწეული მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, თუმცა არასაკმარისი, და აუცილებლად ვერ გამოიწვევს გამარჯვებას - ბრძოლის ველზე წარმატება მოითხოვს შეიარაღების უზარმაზარ სპექტრს, ასევე წვრთნას, სათადარიგო ნაწილებს და სხვა მხარდაჭერას. უკრაინის გამარჯვების მისაღწევად აშშ, კანადა, დიდი ბრიტანეთი და ნატოს წევრი სხვა ქვეყნები განაგრძობენ უკრაინისათის წვრთნისა და აღჭურვის პროგრამებს. თუმცა, ამავე დროს, 2022 წლის 7 ივლისს საგარეო ურთიერთობების ევროპული საბჭოს (European Council on Foreign Relations, www.ecfr.eu) საიტზე გამოქვეყნებულ სტატიაში ავტორი გუსტავ გრესელი (Gustav Gressel) ადასტურებს, რომ კერძო საუბრებში არაერთი ევროპული ქვეყნისგან მოუსმენია, რომ რუსეთი აუცილებლად გამოიყენებს ბირთვულ იარაღს, თუ ის დაინახავს, რომ შეიძლება უკრაინაში დამარცხდეს. მოსალოდნელია, რომ სწორედ ამ საფრთხის შეგრძნება ზღუდავს ევროპულ ქვეყნებს, გაუწიონ უკრაინას უფრო ყოველისმომცველი სამხედრო დახმარება.
ამგვარად, რუსეთი პირველი სახელმწიფო აღმოჩნდა, რომელმაც გამოიყენა ბირთვული მუქარა სამხედრო აგრესიის დროს, რომელიც ამ შემთხვევაში მიზნად ისახავს მისი საზღვრების გაფართოებას, ექსპანსიას. 1960-იან წლებში ყველაზე მრვალმხრივ და მნიშვნელოვან გაუვრცელებლობის ხელშეკრულებაზე - NPT - მოლაპარაკებების დროს, არცერთ მხარეს - დასავლეთის ქვეყნებს, სსრკ-ს, თუ მიუმხრობელი ქვეყნების წარმომადგენლებს, აზრად არ მოუვიდოდათ, რომ ბირთვულ სახელმწიფოს შეეძლო გამოეყენებინა ბირთვული მუქარა არაბირთვული ქვეყნის ტერიტორიის შემოერთების მიზნით, ექსპანსიურ ომში.
დასავლეთის პოლიტიკის მკვლევარების და მეცნიერების აზრით, მეორე მსოფლიოს ომის შემდეგ წარმოებულ ომებში მსგავსი მუქარა არ გაჟღერებულა არც საფრანგეთის (ალჟირელი ნაციონალისტების წინააღმდეგ), არც დიდი ბრიტანეთის (არგენტინის ფოლკლენდის კუნძულების გარშემო) არც საბჭოთა კავშირის მიერ ავღანეთში და არც აშშ-ს მიერ ვიეტნამში, ერაყში, ან კორეაში წარმოებული ომების დროს. ასევე, ბირთვული ომის საფრთხე ასეთი სიმძაფრით არ დამდგარა არც 1962 წელს კუბის კრიზისის 13 დღიანი დაპირისპირების დროს სსრკ-ს და აშშ-ს შორის.
რუსეთის მუქარა არღვევს ბირთვული გაუვრცელებლობის ხელშეკრულების საფუძვლებს, რის გამოც, მაგალითად, ირანს ექმნება წინაპირობა იმისა, რომ ბირთვული იარაღის მნიშნელობა გადაიაზროს და მის სასწრაფოდ შექმნაზე მიიღოს გადაწყვეტილება, რაც ეწინააღმდეგება გაუვრცელებლობის ხელშეკრულების მოთხოვნებს და, ასევე, ირანთან მოლაპარაკებების ძირითად დაშვებებს.
მართლაც, 2022 წლის 17 ივლისს ალ ჯაზირასთვის მიცემულ ინტერვიუში ირანის ატომური ენერგიის ხელმძღვანელის უფროსი მრჩეველი, ქემალ ხარაზი, აცხადებს, რომ ქვეყანას უკვე აქვს შესაძლებლობა, შექმნას ბირთვული იარაღი, მაგრამ არ აპირებს ამას. იგივე დაადასტურა მედიაში ატომური ენერგიის ხელმძღვანელმაც, მოჰამედ ესლამმა. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მიერ 2022 წლის მაისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ირანს აქვს 43.1 კგ 60%-მდე გამდიდრებული ურანი, და დაახლოებით 90%-იანი გამდიდრების 25 კგ ურანია საჭირო იმისათვის, რომ ირანმა შექმნას ბირთვული იარაღი.
ამგვარად, ამჟამად ირანის მხრიდან ბირთვული იარაღის შექმნის გადავადება მხოლოდ მის ნებაზეა დამოკიდებული, მით უმეტეს, რომ ირანსა და აშშ-ს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები, რაც მიზნად ისახავს ირანის მხირდან ბირთვული იარაღის შექმნისგან თავის შეკავებას და 2015 წლის ერთობლივი საყოველთაო სამოქმედო გეგმის (JCPOA) განახლებას, ჯერჯერობით უშედეგოდ მიმდინარეობს.
ბირთვული ქვეყნები და მათ მიერ აღებული ვალდებულებები ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ
საერთაშორისო სამართლის მთელი რიგი დოკუმენტები დაუშვებლად მიიჩნევს ბირთვული ქვეყნების მიერ ბირთვული მუქარის განხორციელებას, მაგალითად,
- 1996 წელს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებულ სარეკომენდაციო მოსაზრებაში განისაზღვრა, რომ ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ მუქარა ეწინააღმდეგება საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს, და, ასევე, არღვევს გაეროს წესდებას; 2021 წლიდან კი, იგივე აკრძალულია ბირთვული იარაღის აკრძალვის ხელშეკრულებითაც.
- პუტინის მუქარა ასევე ეწინააღმდეგება 1973 წელს სსრკ-სა და აშშ-ს შორის დადებულ ორმხრივ ხელშეკრულებას ბირთვული ომის თავიდან აცილების შესახებ, სადაც მხარეებმა განაცხადეს, რომ თავს შეიკავებდნენ ერთმანეთის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენებით, ასევე, მოკავშირეების და სხვა სახელმწიფოების დაშინებისგან იმ პირობებში, რომელიც საფრთხეს უქმნის საერთაშორისო მშვიდობას და უსფართხოებას.
რუსეთის და აშშ-ს სამხედრო სტრატეგიები არ გამორიცხავს ბირთვული იარაღის გამოყენებას არაბირთვული საფრთხეების წინააღმდეგ. ამიტომ, რუსეთის ომში უკრაინის წინააღმდეგ იზრდება რისკი, რომ ომი შეიძლება ძალიან მალე გადაიზარდოს ბირთვულ კონფლიქტში, თუნდაც ახლო-მანძილიანი „ტაქტიკური“ იარაღის გამოყენებით.
ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში, მთავარი პრობლემა ისაა, რომ იარაღის გამოყენების შემდეგ შუძლებელია იწინასწარმეტყველო მისი შედეგები: არ არსებობს გარანტია, რომ ბირთვული ცეცხლი არ გავრცელდეს სხვა გეოგრაფიულ არეალშიც და მთელ დედამიწაზე. როგორც კი ბირთვული იარაღი იქნება გამოყენებული, შეუძლებელი იქნება მისი გამოყენების შეზღუდვა კონფლიქტის მონაწილე ან სხვა მხარეებისთვის, რის შედეგადაც კონფლიქტი „გლობალურ ბირთვულ ომში“ გადაიზრდება.
ამასთან დაკავშირებით, სერიოზული ეჭვები ჩნდება რეალისტების ხედვის მართებულობაზე იმის შესახებ, რომ ბირთვული იარაღი ხელს უშლის ფართომასშტაბიანი ომების დაწყებას. რუსეთ-უკრაინის ომმა აჩვენა, რომ
- ბირთვული იარაღი ახალისებს ბირთვულ ქვეყანას, განახორციელოს სამხედრო აგრესია.
- ბირთვული ქვეყნების მიერ წარმოებული ომები ბევრად უფრო დამანგრეველი და არაჰუმანურია არაბირთვული ქვეყნების მიერ წარმოებულ სამხედრო კონფლიქტებთან შედარებით.
- ბირთვული ქვეყნები მზად არიან, ადვილად თქვან უარი მათ მიერ მიღებულ უვადო შეთანხმებებზე (როგორიცაა ABM, INF, US-Russian “Strategic Stability Dialogue”, New START (ძალაშია 2026 წლის თებერვლამდე)).
- ბირთვული ქვეყნები არ ამბობენ უარს ბირთვული შეიარაღების გაზრდაზე და შეუძლიათ კვლავ გადავიდნენ გამალებული შეიარაღების ეტაპზე, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ბირთვული დაპირიპირების რისკებს.
დღეს ბირთვული შეკავების პოლიტიკა დიდი რისკის წინაშეა; ბირთვული იარაღის გამოყენების და ახალი ბირთვული გამალებული შეიარაღების საფრთხე იზრდება. ასევე, მოსალოდნელია, რომ უახლოეს პერიოდში საუბარი შეწყდება სრულ ბირთვულ განიარაღებაზეც, რაც უპირველეს ყოვლისა, ნიშნავს ბირთვული გაუვრცელებლობის ხელშეკრულების -Nuclear Nonproliferation Treaty (NPT)- VI მუხლის შესრულების აუცილებლობაზე უარის თქმას (ვალდებულება აღებული აქვთ უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრ ბირთვულ სახელმწიფოებს - P5); და, ასევე, 2021 წელს ძალაში შესული საერთაშორისო ხელშეკრულების, ბირთვული იარაღის აკრძალვის ხელშეკრულების (The Treaty on the Prohibition of Nuclear Weapons (TPNW)) ვალდებულებების შესრულებაზე უარს (მსოფლიოში ჯერ მხოლოდ 86 სახელმწიფომ ხელი მოაწერა და 66 სახელმწიფოს პარლამენტმა მოახდინა ამ ხელშეკრულების რატიფიცირება)
გაეროს ყოფილი გენერალური მდივანი, ბან კი მუნი, მიმართავს 2022 წლის 1-26 აგვისტოს გაუვრცელებლობის ხელშეკრულების (NPT) მიმოხილვის კონფერენციის მონაწილეებს, სადაც საუბრობს ბირთვულ საფრთხეზე, რომელიც დედამიწაზე სიცოცხლისთვის შეიძლება იყოს უფრო დიდი საფრთხე, ვიდრე კლიმატის ცვლილება. ამიტომ ბირთვული იარაღის რისკების შემცირება გადამწყვეტი პრიორიტეტი უნდა იყოს. აქამდე, 52-წლიანი NPT ხელშეკრულების იდეოლოგიის შესაბამისად, ბირთვულმა სახელმწიფოებმა აშკარად ვერ შეასრულეს თავიანთი განიარაღების პასუხისმგებლობა და 2022 წლის აგვისტოში მათ მიეცემათ შესაძლებლობა, მიიღონ რადიკალური ზომები ბირთვული მარაგებისა და რისკების შესამცირებლად, დაძაბულობის დეესკალაციისა და თავიანთი პასუხისმგებლობის სრულად შესასრულებლად.
სტოკჰოლმის საერთაშორისო მშვიდობის კვლევის ინსტიტუტის თანახმად, დაახლოებით 13,000 ბირთვული ქობინი ჯერ კიდევ არსებობს და, მიუხედავად იმისა, რომ ეს რიცხვი შემცირდა 1986 წელს 70,000 ქობინის პიკის შემდეგ, პირველად ათწლეულების განმავლობაში, ის სავარაუდოდ გაიზრდება უახლოეს წლებში. მაგალითად, ჩინეთი - ერთადერთი P5 ქვეყანა, რომელსაც აქვს პოლიტიკა "ბირთვული იარაღი პირველი გამოყენების გარეშე", და ამასთან, როგორც ჩანს, ზრდის თავის ბირთვულ არსენალს; ასევე, გასულ წელს გაერთიანებულმა სამეფომ საჯაროდ გამოაცხადა თავისი განზრახვა გაზარდოს ბირთვული ქობინების რიცხვი.
2022 წლის იანვარში იმედის ნაპერწკალი გაჩნდა, როდესაც P5-ის ყველა ქვეყანამ საბოლოოდ დაადასტურა აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის რონალდ რეიგანის და საბჭოთა კავშირის ყოფილი ლიდერის მიხეილ გორბაჩოვის პრინციპი, რომ „ბირთვულ ომს ვერ მოიგებ და არ უნდა იბრძოლო“. მაგრამ სულ რამდენიმე კვირის შემდეგ რუსული ძალები შეიჭრნენ უკრაინაში და პუტინმა გააჟღერა ბირთვული მუქარა, ხოლო თებერვლის ბოლოს განაცხადა, რომ ის რუსეთის ბირთვულ ძალებს "განსაკუთრებულ მზადყოფნაში" აყენებდა.
გამოყენებული წყაროები:
Gustav Gressel, Shadow of the bomb: Russia’s nuclear threats, European Council on Foreign Relations, 7 July 2022. Available at: https://ecfr.eu/article/shadow-of-the-bomb-russias-nuclear-threats/
Russia's Medvedev warns United States: messing with a nuclear power is folly, Reuters, 6 July 2022 . Available at: https://www.reuters.com/world/russias-medvedev-warns-united-states-messing-with-nuclear-power-is-folly-2022-07-06/
David Brown, Jake Horton & Tural Ahmedzade, Ukraine weapons: What military equipment is the world giving?, BBC News,1 July 2022. . Available at: https://www.bbc.com/news/world-europe-62002218
Raffi Berg, Iran's atomic energy chief says country could build a bomb but has no plan to, BBC News, 1August 2022. .Available at: https://www.bbc.com/news/world-middle-east-62372366
Negative Security Assurances After Russia’s Invasion of Ukraine, ARMS CONTROL TODAY, July/August 2022. Available at: https://www.armscontrol.org/act/2022-07/features/negative-security-assurances-after-russias-invasion-ukraine
Remarks by Daryl G. Kimball, Executive Director, Vienna Conference on Humanitarian Impact of Nuclear Wealons, Arms Control Association, June 20, 2022. Available at: https://www.armscontrol.org/events/2022-06/nuclear-risk-dimension-war-ukraine
Ban Ki-moon, the former secretary-general of the United Nations and a deputy chair of The Elders.Our Nuclear Fatalism Must End, The upcoming Non-Proliferation Treaty Review Conference is the time to tackle it. Foreign Policy, 26 July 2022. Available at: https://foreignpolicy.com/2022/07/26/nuclear-weapons-ban-ki-moon-fatalism-war-nonproliferation-treaty/?fbclid=IwAR2h_d2itzx9KJ28UXNeD6dsZhXF6wS3ILeDRFKbu-m7-IRy_EkZC4reecg