რუსეთის ბირთვული შეკავება: ბირთვული მუქარა და წითელი ხაზები
Russian Offensive Campaign Assessment, September 24, 2024, Critical Threats, A Project of the American Enterprise Institute. Available at: https://www.criticalthreats.org/analysis/russian-offensive-campaign-assessment-september-24-2024
1. რუსეთის ბირთვული შეკავება: ბირთვული მუქარა და წითელი ხაზები
ბირთვული ესკალაციის საფრთხე და ბირთვული მუქარა
დასავლეთის ლიდერები არ უნდა შეუშინდნენ კრემლის მუქარას ბირთვული ესკალაციის შესახებ, განაცხადა 2024 წლის 7 სექტემბერს CIA-ს ხელმძღვანელმა ბილ ბერნსმა დებატების დროს, რომელიც ეხებოდა ბრიტანეთის და საფრანგეთის მიერ უკრაინისთვის Storm Shadow რაკეტების რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების უფლების მიცემის საკითხს. (Storm Shadow რაკეტის დაფარვის რადიუსი მინიმუმ 190 მილია.) დღემდე თეთრი სახლი და ნატოს წევრი ქვეყნები ყოყმანობს რუსეთში Storm Shadow-ის და სხვა შორი დისტანციური რაკეტების გამოყენების დაშვების საკითხზე; ასევე შეზღუდვები ეხება ამერიკული წარმოების Atacms-ს, მიუხედავად უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის არაერთგზის თხოვნისა.
ბილ ბერნსმა ლონდონში ვიზიტისას თქვა, რომ მოსკოვის მუქარა ყოველთვის არ უნდა იქნას აღქმული სიტყვასიტყვით. თუმცა მან ისიც აღნიშნა, რომ ესკალაციის რისკი არც მსუბუქად უნდა იყოს აღქმული, რადგან არ არის გამორიცხული, რომ რუსეთმა გამოიყენოს ტაქტიკური ბირთვული იარაღი უკრაინის ბრძოლის ველზე.
რუსეთის მიერ ბირთვული შანტაჟის გამოყენება თავიდანვე მიუღებლად მიიჩნიეს დასავლეთის ქვეყნებმა, თუმცა კრემლის ბირთვულმა მუქარამ აშკარად იმოქმედა დასავლეთის ქვეყნების გადაწყვეტილებებზე. ერთის მხრივ, მუქარამ შეაკავა მათი მზადყოფნა სამხედრო საშუალებებით სწრაფად დაეჭირათ მხარი უკრაინისათვის. მეორე მხრივ, ყოველი მსგავსი მუქარის შემდეგ, რომელიც რუსეთის მხრიდან შეკავების პოლიტიკის ნაწილია, სამხედრო დახმარება უკრაინის მიმართ შედარებით ნელი ტემპებით, თუმცა მაინც გაგრძელდა ახალი, უფრო ფართე მოქმედების იარაღის გადაცემით.
საბოლოოდ, რუსეთის უკმაყოფილება დასავლეთის ქვეყნების მხრიდან უკრაინის მხარდაჭერის პოლიტიკით აისახა კრემლის გადაწყვეტილებაზე, გადახედოს მის ბირთვულ დოქტრინას. 2024 წლის 1 სექტემბერს მიცემულ ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა დაადასტურა, რომ რუსეთი ბირთვული იარაღის გამოყენების დოქტრინის შესწორების პროცესშია და დასავლეთს უკრაინასთან ომის "ესკალაციაში" ადანაშაულებს.
რუსეთის მოქმედი ბირთვული დოქტრინა ჩამოყალიბდა ვლადიმერ პუტინის მიერ 2020 წელს. მასში ნათქვამია, რომ რუსეთის ფედერაცია იტოვებს უფლებას, გამოიყენოს ბირთვული იარაღი ბირთვული თავდასხმის საპასუხოდ ან თუ „სახელმწიფოს არსებობა საფრთხის ქვეშაა“. ~
მიუხედავად მოქმედი დოქტრინის დებულებებისა, უკრაინაში რუსეთის მიერ აგრესიული ომის წარმოებისას უკრაინამ დასავლეთის სამხედრო მხარდაჭერის ფონზე რამდენჯერმე გადაკვეთა კრემლის „წითელი ხაზები“, რამაც გაზარდა რისკები ბირთვული ესკალაციის მიმართ. ასეთ „წითელ ხაზებს“ შორისაა შემდეგი მოქმედებები:
1) 2022 წლის დასაწყისიდან უკრაინამ დასავლეთისგან მიიღო ახალი და უფრო ძლიერი იარაღი ომის საწარმოებლად.
2) 2022 წლის ბოლოს პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინის პროვინციის დედაქალაქი ხერსონი "სამუდამოდ შეუერთდა რუსეთს". რამდენიმე კვირის შემდეგ უკრაინის სამხედრო ძალებმა გაათავისუფლა ქალაქი. ბირთვული ღილაკისთვის ხელის მოკიდების ნაცვლად, რუსმა მმართველმა მის დამარცხებულ ჯარებს მდინარე დნიპროს უკან დახევის ბრძანება გასცა.
3) 2023 წლიდან კიევი იყენებს საკუთარ დრონებს რუსეთის აეროდრომებზე და სხვა სამხედრო საწარმოების ტერიტორიაზე განთავსებული სამხედრო ინფრასტრუქტურის გასანადგურებლად, დრონების მოქმედება მისწვდა კრემლსაც.
4) ანალოგიურად, უკრაინამ უგულებელყო მოსკოვის მრავალი გაფრთხილება და ჩაძირა ან სერიოზულად დააზიანა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის დაახლოებით ერთი მესამედი. ამან არ გამოიწვია მესამე მსოფლიო ომი; პირიქით, პუტინმა ჩუმად დაავალა თავის დარჩენილ სამხედრო ხომალდებს გასულიყვნენ ყირიმიდან შედარებით უსაფრთხო რუსულ პორტებში.
5) ყველაზე სერიოზულად უკრაინამ რუსეთის წითელი ხაზები დაარღვია 2024 წ. აგვისტოში უკრაინის სამხედრო ძალების შეტევით რუსეთის კურსკის ოლქში. ამის პასუხად რუსეთმა უარი თქვა ესკალაციაზე. უკრაინის შეჭრა და კურსკის ოლქის ტერიტორიის დაკავება რუსეთმა მოიხსენია როგორც „პროვოკაცია“, რითაც მსოფლიოს აჩვენა, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ რუსეთის ტერიტორიის პირველ უცხოურ ოკუპაციაში არაფერია უჩვეულო.
ამგვარად, მიუხედავად შეკავების პოლიტიკის ერთგვარი გავლენისა დასავლეთის სახელმწიფოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე, რამაც შეანელა უკრაინისათვის სამხედრო იარაღის მიწოდება, კურსკის შეტევის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ დასავლეთის ლიდერებს მოუწოდა მოხსნან ყველა შეზღუდვა დასავლური იარაღის გამოყენებაზე რუსეთის ტერიტორიის შიგნით. ამის საპასუხოდ რუსეთის პოლიტიკური ელიტა აცხადებს, რომ აპირებს რუსეთის ბირთვული დოქტრინის გადახედვას. სავარაუდოდ, დღეს ვაშინგტონი და ნატოს წევრი სახელმწიფოები ითვალისწინებს რუსეთის მუქარას და თავს იკავებს უკრაინისათვის რუსეთის ტერიტორიაზე მაღალი სიზუსტის და შორის მანძილის რაკეტების გამოყენების ნებართვის გაცემაზე.
რუსეთის ახალი ბირთვული დოქტრინის პროექტი
რუსეთის უშიშროების საბჭოს სატელევიზიო სხდომაზე, 2024 წლის 25 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის ბირთვული დოქტრინის ცვლილებების პროექტი აფართოებს იმ სახელმწიფოებისა და სამხედრო ალიანსების კატეგორიას, რომლებთან დაკავშირებითაც ძალაშია რუსეთის ბირთვული შეკავების პოლიტიკა და დამატებით მოიცავს სამხედრო საფრთხეების ჩამონათვალს, რის საფუძელზეც რუსეთი ბირთვული იარაღის გამოყენებას გამართლებად მიიჩნევს.
პუტინმა გააფრთხილა დასავლეთის ქვეყნები, რომ ნებისმიერი თავდასხმა რუსეთის წინააღმდეგ არაბირთვული სახელმწიფოს მხრიდან თუნდაც კონვენციური იარაღით, რომელიც განხორციელდება ბირთული სახელმწიფოების მონაწილეობით ან მხარდაჭერით, ჩაითვლება ბირთვულ სახელმწიფოსთან ერთად განხორციელებულ თავდასხმად. ამასთან მსგავსი შეტევა ჩაითვლება, როგორც კრიტიკული საფრთხე რუსეთის სუვერენიტეტისათვის.
პუტინმა ასევე განაცხადა, რომ ბრიტანული და ფრანგული საკრუიზო რაკეტები და აშშ-ს წარმოების ATACMS ბალისტიკური რაკეტების გამოყენება განსხვავებულად იქნება აღქმული რუსეთის მიერ ადრე გაცხადებული წითელი ხაზის სცენარისგან, რადგან, მისი თქმით, ასეთი იარაღი ძალიან დახვეწილია და ამდენად, უკრაინულ მხარეს დასჭირდება ნატოს პრაქტიკული დახმარება, სატელიტური დამიზნება და ხელმძღვანელობა, რათა ეფექტურად განახორციელონ შორ მანძილზე დამიზნებული დარტყმები რუსეთის შიგნით.
„ეს ნიშნავს, რომ ნატოს ქვეყნები - შეერთებული შტატები და ევროპის ქვეყნები - ომში არიან რუსეთთან. და თუ ეს ასეა, მაშინ, კონფლიქტის არსის ცვლილების გათვალისწინებით, ჩვენ მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებებს საფრთხეების საპასუხოდ“, - განაცხადა პუტინმა.
დასავლეთის ანალისტიკოსებისათვის ჯერჯერობით გაურკვეველია, რას უპასუხებს კრემლი ვითარების ასეთ გაუარესებას. ზომიერ ნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა ნატოს იმ ქვეყნებთან, რომელსაც მოსკოვი ყველაზე მტრულად განიხილავს, მაგალითად, გაერთიანებულ სამეფოსთან. სხვა განვითარება იქნება ბირთვული იარაღის საჩვენებელი გამოცდის მოწყობა, რაც რუსეთს არ გაუკეთებია 1990 წლის შემდეგ. ზოგიერთი ცნობით, ძველი საბჭოთა არქტიკული ბირთვული საცდელი პოლიგონი ნოვაია ზემლიაში უკვე მომზადებულია ამ სცენარისათვის.
ზოგიერთი რუსი ანალიტიკოსი თვლის, რომ უფრო ძლიერი პასუხი შეიძლება იყოს ნატოს აეროდრომებზე თავდასხმა პოლონეთსა და რუმინეთში, სადაც, რუსეთი ფიქრობს, რომ უკრაინული F-16-ებია დაფუძნებული. სავარაუდოდ, ეს თვითმფრინავები იქნება გამოყენებული ნატოს რაკეტების გაშვებისას რუსეთის მიმართულებით; ამიტომ რუსეთი მათ ლეგიტიმურ სამიზნეებად მიიჩნევს.
რუსეთის უსაფრთხოების ერთ-ერთმა მთავარმა ექსპერტმა, ალექსეი არბატოვმა, გაზეთ „ნეზავისიმაია გაზეტას“ განუცხადა 2024 წლის 23 სექტემბრის კვირაში, რომ მოვლენები შეიძლება განვითარდეს საშიში მიმართულებით, რადგან დასავლეთში გავრცელებულია რწმენა, რომ რუსეთი არასოდეს გამოიყენებს ბირთვულ იარაღს. ”ეს არის ძალიან სერიოზული მცდარი წარმოდგენა: რაღაც მომენტში ბირთვული იარაღი იქნება გამოყენებული, მიუხედავად ესკალაციისა და ზოგადი კატასტროფის რისკისა”, - თქვა მან.
მსგავს მოლოდინებს ასევე ადასტურებს ჩატარებული კვლევები, რომლის თანახმად, რუსეთის მუქარის იგნორირება ან უარყოფა საშიში და გულუბრყვილო იქნება. ეს კვლევები აჩვენებს, რომ რუსული ბირთვული საფრთხეების განმეორებითობა სიტუაციას უფრო და არა ნაკლებ შემაშფოთებელს ხდის. ეს რიტორიკა არ არის მხოლოდ დასავლური სენტიმენტების სტრატეგიული მანიპულირება, არამედ მოსკოვის ისეთი მაღალი შფოთვის გამოვლენა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სარისკო გადაწყვეტილებების მიღება, მიუხედავად იმისა, ბირთვული ხასიათისაა ის თუ არა.
ბირთვული დოქტრინის პროექტის წარდგენისას პუტინმა ასევე თქვა, რომ მოსკოვი იტოვებს უფლებას გამოიყენოს ბირთვული იარაღი ბელარუსზე თავდასხმის შემთხვევაში, რადგან ის რუსეთთან "საკავშირო სახელმწიფოს" - მეზობლებსა და მოკავშირეებს შორის განსაკუთრებული პარტნიორობის - ნაწილია. ეს მოიცავს შემთხვევებს, როდესაც მტერი ჩვეულებრივი იარაღის გამოყენებით „უქმნის კრიტიკულ საფრთხეს ჩვენს სუვერენიტეტს“, თქვა პუტინმა.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 2024 წლის 25-28 სექტემბერს იმყოფებოდა შეერთებულ შტატებში, დაესწრო გაეროში გამართულ მსოფლიო ლიდერების სამიტს, შეხვდა პრეზიდენტ ბაიდენს, აშშ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე საპრეზიდენტო კანდიდატებს - დონალდ ტრამპსა და ვიცე-პრეზიდენტ ქამალა ჰარისს. პრეზიდენტი ზელენსკი შეეცადა მოეპოვებინა გრძელვადიანი მხადაჭერა საპრეზიდენტო არჩევნების წინ და მოქმედ პრეზიდენტს, ასევე საპრეზიდენტო კანდიდატებს მიმართა თხოვნით, მისცენ კიევს ნებართვა გამოიყენოს შორი მანძილის რაკეტები და მიზანში ამოიღოს რუსეთის ტერიტორიაზე განთავსებული სამხედრო ობიექტები - რასაც შეუძლია შეცვალოს 2022 წლის თებერვალში დაწყებულ ომის ბედი.
„ჩვენ გვაქვს შორი მოქმედების იარაღი. მაგრამ არა იმ რაოდენობით, რაც ჩვენ გვჭირდება. მიუხედავად ამისა, ჩვენ გვაქვს [შორი დისტანციური რაკეტების] ეს პაკეტი - Storm Shadow, ATACMS, SCALP. მაგრამ არც ამერიკამ და არც დიდმა ბრიტანეთმა მოგვცეს ამ იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების ნებართვა - ნებისმიერი მიზნით, ნებისმიერ მანძილზე. ჩვენ არ გამოგვიყენებია შორი მოქმედების იარაღი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე“, - განუცხადა ზელენსკიმ ჟურნალისტებს
2024 წლის 29 სექტემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა გაეროს გენერალური ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ დასავლეთის ქვეყნები უკრაინის იყენებენ მოსკოვის სტრატეგიულად „დამარცხების“ ინსტრუმენტად. გენერალურ ასამბლეაზე ლავროვმა ასევე თქვა, რომ ნატოს გეოპოლიტიკური და სამხედრო გაფართოება სამხრეთ კავკასიაში, ცენტრალურ აზიაში პირდაპირ საფრთხეს უქმნის რუსეთს: „ახლა კი იგივე ხდება აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში, სადაც ნატოს ინფრასტრუქტურა შემოიჭრა ჩინეთისა და რუსეთის შეკავების მიზნით“, - განუცხადა მან ასამბლეას.
2. ბირთვული უსაფრთხოება უკრაინის ტერიტორიაზე მადებარე ბირთვულ ელექტროსადგურებზე
ზაპორიჟიის ბირთვული ელექტროსადგური
უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ 2024 წლის 25 სექტემბერს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთი გეგმავს უფრო ღრმა თავდასხმებს მისი ქვეყნის ბირთვულ ელექტროსადგურებზე და გააფრთხილა მსოფლიო შესაძლო "ბირთვული კატასტროფის" შესახებ.
მისი თქმით, უკრაინის დაზვერვის მონაცემებით, მოსკოვი სხვა ქვეყნების მიერ მოწოდებულ თანამგზავრებს უკრაინის ბირთვული ინფრასტრუქტურის შესახებ ინფორმაციის მოსაგროვებლად იყენებს.
ზელენსკიმ დაადასტურა, რომ რუსეთი უმიზნებს ბირთვულ ელექტროსადგურებს უკრაინაში და რომ უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ისინი უსაფრთხოდ იყვნენ. მან თქვა, რომ რუსეთმა გაანადგურა უკრაინის ყველა თბოელექტროსადგური და მისი ჰიდროელექტრო სიმძლავრის დიდი ნაწილი, რაც ზამთრის წინ უკრაინელებისათვის ძალიან მძიმეა.
ზაპორიჟიის ბირთული ელექტროსადგურის ობიექტი რუსულმა ძალებმა ომის დასაწყისში დაიპყრეს და დღესაც განმეორებითად ხორციელდება მის წინააღმდეგ სამხედრო თავდასხმები, რაშიც ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებს.
2024 წლის სექტემბრის ბოლოს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) გენერალურმა დირექტორმა რაფაელ მარიანო გროსიმ გაეროში შეკრებილ მსოფლიო ლიდერებს მიმართა. მან აცნობა აუდიტორიას სააგენტოს საქმიანობის შესახებ უწყვეტ რეჟიმში უკრაინის დასახმარებლად: სააგენტოს ექსპერტთა ჯგუფები ეხმარებიან უკრაინას სამხედრო კონფლიქტის დროს ბირთვული ავარიის თავიდან აცილებაში; განაგრძობენ დაკვირვებას უკრაინაში მდებარე ბირთვულ ელექტროსადგურებზე და ამზადებენ მოხსენებას ბირთვული ობიექტების გარშემო არსებული უსაფრთხოების სიტუაციის, მათ მიერ აღმოჩენილი უპილოტო თვითმფრინავების და სხვა სამხედრო მოქმედებების შესახებ.
არსებული საფრთხეების შესამცირდებლად, IAEA-მ შექმნა მხარდაჭერისა და დახმარების მისიები უკრაინის ყველა ბირთვულ ელექტროსადგურზე, მათ შორის ზაპორიჟიას ატომურ ელექტროსადგურზე, რომელიც მდებარეობს ფრონტის ხაზზე, ასევე ჩერნობილის ობიექტზე.
უკრაინაში მოქმედი IAEA-ს ექსპერტთა ჯგუფების მოხსენებები ცხადყოფს, რომ ბირთვული უსაფრთხოებისა და უსაფრთხოების ვითარება გასულ თვეებშიც საეჭვო იყო, იყო შემთხვევა, როდესაც ექსპერტები თავშესაფარს ეძებდნენ რაიონში დრონების არსებობის გამო, მეორე ჯგუფმა დაინახა საზენიტო ცეცხლი და გაიგო დიდი აფეთქებ. ხმა.
21 სექტემბერს ZNPP-მ აცნობა გუნდს სავარაუდო საჰაერო შეტევის შესახებ, რომელიც მოხდა 35/6 კილოვოლტ (კვ) ქვესადგურზე ქარხნიდან დაახლოებით 300 მეტრში. ეს ქვესადგური ელექტროენერგიას აწვდის ZNPP-ის არაუსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ობიექტებს, მათ შორის ქსელის წყლის სატუმბ სადგურს, წყლის მართვის ქარხანას და გარე საწყობებს.
თავდასხმის მომდევნო დღეს დაზარალებული ადგილის მონახულებისას, IAEA-ს გუნდმა დააფიქსირა გარკვეული ზემოქმედება ქვესადგურის ორი ტრანსფორმატორიდან ერთ-ერთის ტერიტორიაზე ასევე აღმოაჩინეს სავარაუდო დრონის ელემენტების ნარჩენები და ლითონის ნაწილები. ქარხანაში განაცხადეს, რომ სარემონტო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.
ხმელნიცკის, რივნესა და სამხრეთ უკრაინის ატომურ ელექტროსადგურებზე და ჩერნობილის ობიექტზე დამკვირვებელმა IAEA-ს ექსპერტთა ჯგუფებმა განაცხადეს, რომ ბირთვული უსაფრთხოება და დაცულობის მოთხოვნები შენარჩუნებულია, მიუხედავად მიმდინარე კონფლიქტის შედეგებისა, მათ შორის საჰაერო თავდასხმის განგაშის არსებობის ფონზე გასული კვირის რამდენიმე დღის განმავლობაში.
სექტემბრის თვეში, სამხრეთ უკრაინის ატომური ელექტროსადგურის მე-2 განყოფილება გადაიყვანეს ცივ გამორთვაში, რათა შეკეთდეს მისი ერთ-ერთი მთავარი გაგრილების ტუმბოს ელექტროძრავა, რომელიც დაზიანდა აფეთქების შედეგად.
ასევე, IAEA-ს გუნდმა განაგრძო ZNPP-ის ტერიტორიის დათვალიერება, განიხილა ტექნიკური და სხვა აქტივობები, რომლებიც მნიშვნელოვანია ქარხნის ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობისათვის თუმცა, გუშინ ZNPP-მა შეატყობინა გუნდს, რომ მას არ მიეცა უფლება დაეთვალიერებინა გარე საწყობები და დიზელის საწვავის საწყობი, სამხედრო მოქმედებების საფრთხის გამო.
ხმელნიცკის, რივნესა და სამხრეთ უკრაინის ატომურ ელექტროსადგურებზე და ჩერნობილის ობიექტზე დამკვირვებელმა IAEA-ს ექსპერტების გუნდებმა განაცხადეს, რომ ბირთვული უსაფრთხოება და უსაფრთხოება შენარჩუნებულია, მიუხედავად მიმდინარე კონფლიქტის შედეგებისა, მათ შორის საჰაერო თავდასხმის განგაშისა გასული კვირის რამდენიმე დღის განმავლობაში.
სამხრეთ უკრაინის ატომური ელექტროსადგურის მე-2 ბლოკი (SUNPP) სექტემბერში დაუბრუნდა ფუნქციონირებას მას შემდეგ, რაც 26 აგვისტოს სამხედრო თავდასხმით გამოწვეული შედეგების გამო გადაყვანილი იყო ცივ გამორთვაში მისი ერთ-ერთი მთავარი გაგრილების ტუმბოს ელექტროძრავის შეკეთების მიზნით. აღდგა ქარხნის კავშირი ორ მიმდებარე ელექტროგადამცემ ხაზთან, რომლებიც გათიშული იყო გასული თვის თავდასხმების შემდეგ.
18 სექტემბრის ღამეს, IAEA-ს გუნდს სამხრეთ უკრაინის ბირთვულ ელექტროსადგურში დასჭირდათ თავშესაფარი იმის გამო, რომ ახლომდებარე ტერიტორიას დრონებმა გადაუფრინეს. IAEA-ს შემდგომში საწარმოდან აცნობეს, რომ 22 თვითმფრინავმა გადაუფრინა ტერიტორიას, მათ შორის ერთმა ბირთვული ობიექტის თავზე გადაიფრინა, ხოლო სხვები დაფიქსირდა ობიექტიდან დაახლოებით 1,5 კილომეტრში. კიდევ 15 დრონი დაფიქსირდა უბნის მახლობლად მომდევნო ღამით. 20 და 21 სექტემბრის ღამეს, IAEA-ს უკრაინის სახელმწიფო ბირთვული მარეგულირებელი ინსპექციისგან (SNRIU) აცნობეს, რომ ტერიტორიაზე, შესაბამისად, ორი და რვა დრონი გაფრინდა.
ხმელნიცკის ატომურ ელექტროსადგურზე (KhNPP) IAEA-ს გუნდმა 22 სექტემბერს დილით ადრე გამოაცხადა საჰაერო თავდასხმის განგაში, რომლის დროსაც IAEA ექსპერტების ჯგუფმა გაიგო საზენიტო ცეცხლის და დიდი აფეთქების ხმა. ჯგუფს აცნობეს, რომ დრონი KhNPP-დან დაახლოებით 3,4 კილომეტრში აღმოაჩინეს. სქტემბრის ბოლოს ღამის საათებში, IAEA-ს ექსპერტთა ჯგუფმა რამოდენიმეჯერ მოითხოვა თავშესაფარი ადგილზე საჰაერო თავდასხმის განგაშის გამო.
გამოყენებული წყაროები:
Holly Ellyatt, Putin reveals new rules on nuclear weapons in Russia’s latest warning to the West, CNBC News, Sep 26 2024. Available ta: https://www.cnbc.com/2024/09/26/putin-reveals-new-rules-on-nuclear-weapons-in-russias-latest-threat.html 26 Sept 2024
Putin outlines new rules for Russian use of vast nuclear arsenal, Aljazeera, 26 Sep 2024. Available at: https://www.aljazeera.com/news/2024/9/26/putin-outlines-new-rules-for-russian-use-of-vast-nuclear-arsenal 26 Sept 2024
Peter Dickinson, Moscow escalates nuclear threats as Ukraine erases Russia’s red lines, UkraineAlert, September 3, 2024. Available at: https://www.atlanticcouncil.org/blogs/ukrainealert/moscow-escalates-nuclear-threats-as-ukraine-erases-russias-red-lines
Fred Weir, Why Putin’s nuclear saber-rattling on Ukraine sounds different this time, The Christian Science Monitor, 19 September 2024, Available at: https://www.csmonitor.com/World/Europe/2024/0919/putin-ukraine-war-russia-nuclear-war-ww3
Lauren Sukin, Rattling the Nuclear Saber: What Russia’s Nuclear Threats Really Mean. Carnegie Endowment for International Peace, 4 May 2024. Available at: https://carnegieendowment.org/research/2023/05/rattling-the-nuclear-saber-what-russias-nuclear-threats-really-mean?lang=en 2023
Why Russia Keeps Rattling the Nuclear Saber, Commentary by Heather Williams, Center for Structegic and International Studies, 20 May 2024. Available at: https://www.csis.org/analysis/why-russia-keeps-rattling-nuclear-saber 20 May 2024
Russia invokes its nuclear capacity in a UN speech that’s full of bile toward the West, Edith M. Leder and Jennifer Peltz, AP, 29 September 2024. Available at: https://apnews.com/article/un-general-assembly-russia-lavrov-afcacc29ab63ccd6d60aef16e27d7887
Update 251 – IAEA Director General Statement on Situation in Ukraine, 26 September 2024. Available at: https://www.iaea.org/newscenter/pressreleases/update-251-iaea-director-general-statement-on-situation-in-ukraine
Russia planning to target nuclear plants, James Gregory. BBC News.25 September 2024. Available at: https://www.bbc.com/news/articles/c20mz0l36gjo