ევროკავშირის სანქციების ახალი პაკეტი რუსეთის წინაღმდეგ

Ukraine war23

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის დაწყებისთანავე აშშ, დიდი ბრიტანეთი, ევროკავშირის და G7-ის წევრი 40-ზე მეტი სახელმწიფო გაერთიანდა კოალიციაში 2014 წლიდან, უკრაინის ანექსიის შემდეგ, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამკაცრების მიზნით.

2022 წლის განმავლობაში აშშ-მ და ევროკავშირმა ყოველისმომცველი სანქციების რამდენიმე პაკეტი მიიღეს. სანქციები შეეხო სტრატეგიული და ფუფუნების საგნების/საქონლის იმპორტ-ექსპორტს რუსეთში და რუსეთიდან; სანქციები დაუწესდათ კონკრეტულ გავლენიან პოლიტიკოსებს და ბიზნესის მფლობელებს, ისევე როგორც ბიზნეს კომპანიებს. ამ სანქციების მიზანია, რუსეთს შეეზღუდოს სამხედრო შესაძლებლობების შემდგომი ზრდის და განვითარების პირობები და წვდომა კაპიტალზე და რესურსებზე, რომლებსაც ის იყენებს უკრაინაში ომის საწარმოებლად.

2023 წლის 23 თებერვლიდან მნიშვნელოვანი ცვლილებები იყო მიღებული აშშ და ევროკავშირის მიდგომებში. კერძოდ, აშშ მთავრობა, მისი იუსტიციის დეპარტამენტი, ვაჭრობის დეპარტამენტი და სახელმწიფო ხაზინის დეპარტამენტი აცხადებენ, რომ ამიერიდან მათი მიზანია, გამოავლინონ მესამე ქვეყნები, რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთს და ეხმარებიან ომის წარმოებაში. არ არის გამორიცხული მეორადი სანქციების დაწესდეს ასეთი ქვეყნების წარმომადგენლების თუ ამ ქვეყნებში დარეგისტრირებული ბიზნეს გაერთიანებების მიმართ.

ამასთან, სანქციების მხარდაჭერის განცხადებაში დასახელებულია ხუთი ქვეყანა, რომელიც მათი აზრით, ეხმარება რუსეთს სანქციების თავდან აცილებაში. ეს ქვეყნებია - ჩინეთი, თურქეთი, გაერთიანებული არაბეთის ემირატები, სომხეთი და უზბეკეთი. კერძოდ, აშშ იუსტიციის, საბაჟოსა და ხაზინის დეპარტამენტები აცხადებენ, რომ გამოავლინეს ამ ქვეყნებში დარეგისტრირებული კომპანიები, რომლებიც სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება რუსეთს.

ბიბისი-ს ელექტრონულ პლატფორმაზე 2023 წლის 25 მაისს გამოქვეყნდა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოკლე ჩამონათვალი, რაც წარმოდგენას ქმნის იმ შესაძლო გავლენაზე, რაც რუსეთის ეკონომიკას შეიძლება მიადგეს უახლოეს ხანებში.

  • რუსული ბანკები ამოიღეს საერთაშორისო ფინანსური შეტყობინებების სისტემიდან Swift
  • დასავლეთის ქვეყნებმა გაყინეს 350 მილიარდი დოლარი (275 მილიარდი ფუნტი) რუსეთის 604 მილიარდი დოლარის სავალუტო რეზერვიდან.
  • შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა აკრძალეს რუსული ნავთობისა და გაზის ნებისმიერი იმპორტი
  • გერმანიამ რუსეთიდან Nordstream 2 გაზსადენის გახსნა შეაჩერა
  • 2022 წლის დეკემბერში ევროკავშირმა და G7-მა დაადგინეს რუსეთის ნედლი ნავთობის მაქსიმალური ფასი - 60 დოლარი ბარელზე.
  • 1000-ზე მეტი რუსული ბიზნესი და ფიზიკური პირი აშშ-ს, ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთის და სხვა ქვეყნების სამიზნე გახდა.
  • აღარ არის მარტივი ნაოსნობა მეგა-იახტების სამყაროში
  • ამოღებულია 16 სუპერ-იახტა, რომლებიც დაკავშირებულია სანქცირებულ რუს ინდივიდებთან
  • 1000-ზე მეტმა საერთაშორისო კომპანიამ, მათ შორის McDonald's, PepsiCo, H&M და Adidas, შეწყვიტა მუშაობა რუსეთში.
  • აკრძალულია რუსეთში ფრენა აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის, ევროკავშირისა და კანადის საჰაერო სივრციდან
  • დიდი ბრიტანეთის, ევროკავშირისა და აშშ-ის მიერ ორმაგი დანიშნულების საქონლის - როგორც სამოქალაქო, ასევე სამხედრო დანიშნულების ნივთების - ექსპორტი აიკრძალა რუსეთში
  • ასევე, ფუფუნების საქონლის ექსპორტი აიკრძალა რუსეთში

მიუხედავად ამისა, საერთაშორისო სავალუტო ფონდს მიაჩნია, რომ რუსეთის ეკონომიკა 2023 წელს შეიძლება 0,7%-ით გაიზარდოს.

ამის მიზეზი კი შეიძლება იყოს ის, რომ რუსეთი ახორციელებს 8,3 მილიონი ბარელი ნავთობის ექსპორტს დღეში - ეს ყველაზე დიდი მოცულობაა 2020 წლის აპრილის შემდეგ, საერთაშორისო ენერგეტიკის სააგენტოს (IEA) მონაცემებით. ყველაზე დიდი იმპორტიორები არიან ინდოეთი და ჩინეთი. თუმცა, IEA ამბობს, რომ რუსეთის შემოსავალი ნავთობისა და გაზის ექსპორტიდან 2023 წლის აპრილში 18,2 მილიარდი ფუნტიდან (22,5 მილიარდი აშშ დოლარი).თვეში 6,5 მილიარდ ფუნტამდე (8,1 მილიარდი აშშ დოლარი) დაეცა დასავლეთის სანქციების გამო

აშშ თებერვლის სანქციების ახალი პაკეტის კვალდაკვალ, 2023 წლის 23 ივნისს ევროკავშირმა გამოაქვეყნა სანქციების ახალი, მე-11 პაკეტი. ევროკავშირის 23 ივნისის განცხადებაში ნათქვამია, რომ წინა სანქციების 10 პაკეტი ფოკუსირებული იყო რუსეთის სამხედრო მანქანის დასუსტებაზე, სამხედრო შესაძლებლობების შეზღუდვაზე უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის წარმოებისთვის (1) , ასევე რუსეთისათვის შემოსავლების შემცირებაზე, რომლითაც ის აფინანსებს ომს (2), და ომისათვის განკუთვნილი ხარჯების მნიშვნელოვან გაზრდაზე.

ახალი მე-11 პაკეტით დასავლეთი ცდილობს, შეებრძოლოს რუსეთის წინააღმდეგ დაკისრებული სანქციების გვერდის ავლა და აქცენტს აკეთებს მესამე ქვეყნების გამოსავლენაზე, რომლებიც მოსკოვს ეხმარებიან, თავი აარიდოს სავაჭრო ემბარგოს: გარდა ადრე დასახელებული რუსული და ირანული სუბიექტებისა, ახალი სანქციების პაკეტი მოიცავს ჩინეთში, უზბეკეთში, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, სირიასა და სომხეთში დარეგისტრირებულ სუბიექტებს.

სანქციების გვერდის ავლის მხარდამჭერი ქვეყნების ქსელის წინააღმდეგ მიღებული ზომები

აშშ და ევროკავშირი აქვეყნებს იმ ქვეყნების სიებს, სადაც დარეგისტრირებული კომპანიები ეხმარებიან რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში. სიები არ არის საბოლოო და მუდმივად განახლების პროცესშია. ივლისის თვეში აშშ-ს ჩამონათვალს ყირგიზეთიც შეემატა.

რა პრობლემების საფუძველზე გახდა შესაძლებელი ზემოთ აღნიშნული ქვეყნების სიების შექმნა?

როგორც ცნობილია, დასანქციებული ქვეყანაში მოქმედი ინდივიდუალური პირები და ბიზნეს სუბიექტები სხვადასხვა მეთოდებით და გზებით ცდილობს სანქციებით შექმნილი პრობლემების შემსუბუქებასა და მოგვარებას. კერძოდ:

  • ფიქტიური კომპანიების გამოყენება
  • საბოლოო მოხმარების დოკუმენტაციის და სხვა დოკუმენტების გაყალბება
  • ტვირთის გაყოფა ნაწილებად და სხვა სახელების გამოყენება
  • დაფინანსების, მფლობელის დაფარვა და მფლობელობის რთული სტრუქტურების გამოყენება
  • საკუთრების გამოყენების უფლების გადაცემა, ოჯახის წევრების და წარმომადგენლების გამოყენება
  • ინვესტიციები უძრავ ქონებაში და ფულის გათეთრება
  • შუამავლების გამოყენება
  • ტვირთის გადაზიდვა ალტერნატიული სავაჭრო კორიდორებით და მისი გადამისამართება
  • არსებობს კიდევ ერთი გზა - არალეგალური/კონტრაბანდული გადაზიდვების ხელშეწყობა და კრიმინალური ჯგუფების შექმნა შავ ბაზარზე გსაასვლელად.

2022 წლის განმავლობაში, უკრაინაში მოქმედმა „სირცხვილის სიების შემმუშავებელმა კომისიამ“ ევროკავშირის ქვეყნებში არაერთი ბიზნეს სუბიექტი და პიროვნება გამოავლინა როგორც რუსეთის, როგორც ტერორისტული სახელმწიფოს, და ომის ხელშემწყობი. თუმცა, ის ქვეყნები, სადაც ეს კომპანიები იყო დარეგისტრირებულები, აცხადებენ, რომ ისინი არ არღვევენ რუსეთის წინააღმდეგ მოქმედ სანქციებს, ასეთ ქვეყნებს შორის იყო თავად ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიც - მაგალითად, საბერძნეთი.

შექმნილი სიტუაციის გამო, ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა (გერმანია და სხვა ქვეყნები) არ ემხრობა სხვა ქვეყნებისკენ თითის გაშვერის/დასახელებისა და შერცხვენის პოლიტიკას და ერიდება ქვეყნების გამოცხადებას სანქციების გვერდის ავლის მხარდამჭერ ქვეყნებად. ევროპელები შიშობენ, რომ ასეთი მიდგომა დააზარალებს ქვეყანნებს შორის დიპლომატიურ ურთიერთობებს ან ხელს შეუწყობს დასახელებული ქვეყნების რუსეთისკენ ან ჩინეთისკენ შემოტრიალებას.

ამიტომ, მე-11 პაკეტის ფარგლებში, 2023 წლის 23 ივნისს ვროკავშირის წევრები შეთანხმდნენ, რომ, მაგალითად, ყაზახური ნავთობის გაგზავნა დრუჟბას მილსადენით ევროპაში კვლავ შესაძლებელია. ევროკავშირი სთავაზობს და სთხოვს მეზობლებს მჭიდრო თანამშრომლობას სანქციების შესრულების მიზნით. ის აცხადებს, რომ ზოგიერთი ძალიან სპეციფიკური პროდუქტის/ქვეყნის საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლები აშკარა მტკიცებულებაა იმისა, რომ რუსეთი აქტიურად ცდილობს სანქციების გვერდის ავლას.

ევროკავშირი სთავაზობს პარტნიორებს, გაითვალისწინონ სანქცირებული საქონლის პრიორიტეტული სია, რომელიც მესამე ქვეყნებმა არ უნდა გაიტანონ რუსეთში. გარდა ამისა, ევროკავშირმა გამოავლინა ეკონომიკურად კრიტიკული მნიშვნელობის საქონელი, რომლის მიმართაც ბიზნესი და მესამე ქვეყნები განსაკუთრებით მგრძნობიარე უნდა იყვნენ.

სანქციების გვერდის ავლის მხარდამჭერი პოსტ-საბჭოთა ქვეყნები

ნორვეგიული საკონსულტაციო კომპანიამ Corisk-მა შეაფასა 2022 წელს რუსეთის საგარეო ვაჭრობიდან მიღებული შემოსავლები და ის, თუ რა გზებით ახერხებდა რუსეთი სანქციების გვერდის ავლას და რომელი ქვეყნები ეხმარებოდნენ მას. კერძოდ, კომპანია Corisk-ის კვლევის შედეგის საუძველზე შეიძლება ითქვას, რომ რუსეთის მიერ ექსპორტის სანქციების გვერდის ავლის მოცულობამ 8.5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა 2022 წელს, რაც ნიშნავს, რომ რუსეთის მედეგობა სანქციების მიმართ ძალიან მაღალი აღმოჩნდა. – დასავლეთში წარმოებული პროდუქციის ექსპორტი რუსეთში გასამმაგდა 2022 წლის განმავლობაში, სანქციების გამოცხადების შემდეგ.

კონკრეტული მაგალითები მიანიშნებს იმ გზებზე, რომლებსაც რუსეთი იყენებს სანქციებისთვის გვერდის ასავლელად.

მაგალითად, გერმანიაში წარმოებული კონკრეტული მონაცემების დიზელის სატვირთო მანქანების ექსპორტი რუსეთში 2022 წლის მაისში უკვე სრულად აიკრძალა და პრაქტიკულად აღარ ხორციელდებოდა, თუმცა ამავე პერიოდში სომხეთში ამ მანქანებზე მოთხოვნა ექსპონენციალურად გაიზარდა: 2022 წლის სექტემბერში ხუთჯერ მეტი მოთხოვნა იყო სომხეთის მხრიდან, ვიდრე წინა წლის იმავე პერიოდში. სომხეთი იღებდა საქონელს გერმანიიდან, რომელიც შემდეგ რუსეთში გადიოდა.

ყაზახეთში გერმანიიდან შემოტანილ პოლიამიდებზე მოთხოვნამ 2022 წლის ოქტომბერში მაქსიმალურ ზღვარს მიაღწია, მაშინ, როცა 2022 წლის ივნისამდე ყაზახეთი თითქმის არ მოიხმარდა ამ ქიმიურ ნივთიერებას.

მნიშვნელოვანია, ასევე, რომ 2022 წელს რუსეთის ევროკავშირის წევრი მეზობლების - ლიეტუვას და ლატვიის - და ამ ქვეყნებში დარეგისტრირებული პირების და კომპანიების მხრიდან საეჭვოდ გაიზარდა მანქანების იმპორტი ბელარუსში. თავად ნორვეგიიდანაც შესამჩნევად და საეჭვოდ გაიზარდა მანქანის და თვითმფრინავის ნაწილების ექსპორტი რუსეთის მეზობელ ქვეყნებში, რაც, მკვლევრების აზრით, პირდაპირი მანიშნებელია, რომ რუსეთის ასეთი გზებით ცდილობს სანქციების გვერდის ავლას.

ცნობილი ხდება, ასევე, რომ სამხრეთ კავკასიაში ოპერირებს რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებული მრავალი საშუამავლო კომპანია, მათ შორის როგორც სანქცირებული, ისე არასანქცირებული კომპანიები. ისინი მუშაობენ როგორც მარკეტოლოგები, გადამზიდველები, ბანკები ან შუამავლები, რომელთაც საქმე აქვთ სენსიტიურ/სახიფათო საქონელთან. სხვადასხვა წყაროების ინფორმაციით, სულ მცირე, 10 რუსული გადამზიდავი ოპერირებს სამხრეთ კავკასიაში, რომლებიც 2017-2020 წლებში სომხეთსა და აზერბაიჯანს ამარაგებდნენ სამხედრო შეიარაღებით. სწორედ ამ შეიარაღების გამოყენებით გამწვავდა კონფლიქტი 2020 წელს ყარაბახში.

ასევე, აქტიურად მუშაობენ სამხრეთ კავკასიაში საერთაშორისო გადამზიდავი კომპანიებიც, რადგან რეგიონი მნიშვნელოვანი საერთაშორისო სატრანზიტო/გადატვირთვის მარშრუტია. მაგალითად, კომპანია Taco სომხური იმპორტიორი და გადამზიდავია, რომელიც ყიდულობს მაღალტექნოლოგიურ კომპონენტებს სანქცირებული რუსული თავდაცვის კომპანია Radioavtomatika-თვის. ეს კომპანია უკვე დასანქცირდა აშშ მთავრობის და ევროკავშირის მხრიდან.

მიუხედავად იმისა, რომ იმ ქვეყანათა ჩამონათვალში, სადაც რეგისტრირებული კომპანიები ან პირები დასანქცირდნენ, საქართველო არ მოხვდა, მხედველობაში არის მისაღები ის ფაქტიც, რომ აშშ-ს და ევროკავშირის მხრიდან ყურადღება მნიშვნელოვნად გაზრდილია და მუდმივი მონიტორინგი მიმდინარეობს იმაზე, თუ როგორ საქმიანობს საქართველო და როგორ ეხმარება დასავლეთს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ამოქმედებაში. ამაზე მოწმობს ის ვიზიტები და შეფასებები, რომლებიც კეთდება აშშ-ს, ევროკავშირის და დიდი ბრიტანეთის მთავრობების წარმომადგენლების მხრიდან.

საქართველო და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები

2023 წლის 27-28 ივნისს თბილისში ვიზიტით იმყოფებოდნენ აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელი ჯეიმს ო’ბრაიენმა და გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების გენერალური დირექტორი კუმარ აიერი. მათთან ერთად საქართველოს სტუმრობდა ასევე სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი დევიდ ო’სალივანი.

მედიასთან საუბარში აშშ, დიდი ბრიტანეთის და ევროკავშირის სანქციებზე მომუშავე მაღალი თანამდებობის პირებმა ხაზი გაუსვეს საქართველოს ხელისუფლების აქტიურ ძალისხმევას, შექმნას სანქციებით აკრძალული საქონლის გამოვლენის კომპლექსური სისტემა. ელჩმა ო’ბრაიენმა აღნიშნა: „მე არ ვაპირებ დისკუსიას შესაძლო სანქციებზე და სპეციფიკურ თემებზე. ჩვენ ვნახეთ, რომ საქართველოში ძალიან დიდი სამუშაო შესრულდა და არის შექმნილი კომპლექსური სისტემა. თუკი შექმნილი სისტემა გააგრძელებს მუშაობას, ეს ჩვენ მოგვცემს შესაძლებლობას, რომ მოვახდინოთ აკრძალული ნივთების იდენტიფიცირება... ეს ყველაფერი ახალია და ჩვენც, ჩვენს ქვეყნებშიც, ყოველდღიურად ვაუმჯობესებთ ამ სისტემებს.“

მან დაამატა, რომ 2023 წლამდე ელექტროსაქონლის უმეტესობით ვაჭრობა იყო ლეგალური, თუმცა 2023 წლის თებერვლის ბოლოდან ამ ელექტროსაქონლის დიდი ნაწილით რუსეთთან ვაჭრობა აშშ-მ, ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა აკრძალა. ამის გამო, აკრძალული საქონლით ვაჭრობის ინტენსივობა გაიზარდა რუსეთის მეზობელ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც. მისი განცხადების თანახმად, საქართველოში კონტროლის სისტემა არსებობს და რომ აშშ ძალისხმევას არ დაიშურებს, რომ ეს სისტემა იყოს ეფექტიანი. კერძოდ მან დაამატა: „ჩვენი [აშშ] და საქართველოს მთავრობის დისკუსიების მიზანია სრული მოკავშირეობა, რათა არცერთი იმ აკრძალული საქონლის დასახელებიდან არ მოხვდეს რუსეთში“.

პრესკონფერენციის დროს ელჩ ო’ბრაიენს დაუსვეს კითხვა Politico-ისთვის მიცემული ინტერვიუს შესახებ, სადაც მან საქართველო იმ ხუთ ქვეყანას შორის დაასახელა, რომლებიც რუსეთის სანქციებისთვის თავის არიდების კუთხით პრობლემას ქმნიან. ობრაიენმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა იცის, რომ რუსეთს განზრახული აქვს საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენოს სხვადასხვა ქვეყნები, მათ შორის საქართველოც. მისი თქმით, ამ პრობლემის მოსაგვარებლად აშშ აქტიურად მუშაობს საქართველოსთან და სხვა ქვეყნებთან, რომელთაც მნიშვნელოვანი ვაჭრობა აქვთ რუსეთთან.

სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი დევიდ ო’სალივანი დამოუკიდებლად შეხვდა ქართული მედიის წარმომადგენლებს. ერთის მხრივ, მან იმედგაცრუება გამოხატა საქართველოს გადაწყვეტილების გამო, არ შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს. ამავე დროს, მან აღნიშნა, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკაშიც სასურველია ევროკავშირთან შესაბამისობის მაღალი ხარისხის მიღწევა და რომ სანქციებმა არ უნდა შეაფერხოს მათი მჭიდრო ორმხრივი ურთიერთობების განვითარება

ასევე, დევიდ ო’სალივანმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს მიერ მიღებულ ზომებს სენსიტიური/სტრატეგიული პროდუქციის ექსპორტის კონტროლის კუთხით და აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველო არ მონაწილეობს სანქციებში, ხელისუფლება მზადაა, ხელი შეუწყოს ,რომ საქართველო არ იყოს გამოყენებული რუსეთისთვის სანქციების რეჟიმის დარღვევის პლატფორმად.

გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს საგარეო ვაჭრობის ბრუნვის სტატისტიკა მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთი და მისი მეზობლების ინტერესი სანქცირებული, ასევე არასანქცირებული პროდუქციით ვაჭრობაზე მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, რაც, როგორც ევროკავშირის მიერ გამოცემულ მე-11 პაკეტის ფორმატში იყო აღნიშნული, მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთი ცდილობს სანქციების გვერდის ავლას. ამას ადასტურებს იმ სანქცირებული ტვირთების მოცულობა, რომელიც გასულ პერიოდში - 2022 წლიდან იყო გამოვლენილი და შეჩერებული საქართველოს საზღვართან ან საბაჟო ტერმინალებში. მოსალოდნელია, რომ რუსეთის ინტერესი, გვერდი აუაროს სანქციებს და ამაში მეზობელი ქვეყნები გამოიყენოს, გაგრძელდება მომავალშიც, რადგანაც დასავლეთი არ აპირებს სანქციების შემსუბუქებას.

საქართველოს წინაშე არსებული ამოცანაა, გამოიყენოს საკუთარი გეოპოლიტიკური მდებარეობა და ხელი არ შეუშალოს მისი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და სატრანზიტო პოტენციალის ზრდას. თუმცა, ამავე დროს, აუცილებელია სატრანზიტო და საექსპორტო გადაზიდვების გაზრდილი მოცულობა მკაცრად გაკონტროლდეს სანქციების ეფექტური ადმინისტრირების გზით, რასაც ხელს შეუწყობს დასავლეთთან პარტნიორული თანამშრომლობის განმტკიცება.

თავად საქართველოში რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შესრულების საკითხი აქტიურად განიხილება მედიაში. ადგილობრივი მკვლევრების და ანალიტიკოსების აზრით, საქართველო მზად უნდა დახვდეს არსებულ გამოწვევებს, რომელთა რაოდენობაც ყოველდღიურად იზრდება. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ფორმალურად არ მიერთებია სანქციებს, ქვეყანა იზიარებს ვალდებულებას, რომ როგორც გლობალური ფინანსური სისტემის და სხვა საერთაშორისო უსაფრთხოებისა თუ ეკონომიკური რეჟიმების წევრმა ქვეყანამ, უნდა დაიცვას რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციები, მათ შორის სამხედრო, სტრატეგიულ და ორმაგი დანიშნულების პროდუქციაზე დაწესებული სავაჭრო შეზღუდვები. სხვა შემთხვევაში საქართველო იზოლირებული იქნება საერთაშორისო თანამეგობრობისაგან, დაშორდება ევროკავშირისა და ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივას, რაც მძიმე დარტყმას მიაყენებს როგორც მის ეკონომიკას, ისე მისი დემოკრატიული განვითარების პერსპექტივას, უსაფრთხოებას, დამოუკიდებლობას და ზოგადად, სახელმწიფოებრიობას. საქართველოსთვის დასავლეთის სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების და უსაფრთხოების სისტემების მხარდაჭერა მნიშვნელოვანი გარანტიაა სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად, სხვა შემთხვევაში საქართველო პირისპირ რჩება რუსეთის წინაშე. მისი სახელმწიფო ინტერესების დაცვა წარმოუდგენლია რუსეთის მხრიდან, რადგანაც რუსეთს უკვე საქართველოს 20% აქვს ოკუპირებული და ამ გავლენის ბერკეტების აქტიურად გამოყენებას აგრძელებს უკრაინასთან ომის პირობებშიც.

რუსეთმა უკვე გადადგა ნაბიჯები, რომ სავაჭრო ოპერაციები განახორციელოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების გამოყენებით, რაც დაეხმარება მას, სანქციებს გვერდი აუაროს. ეს სერიოზული გამოწვევაა საქართველოსთვის.

მაგალითად, 2023 წლის 5 აპრილს რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთმა დაიწყო საქონლის ექსპორტი თურქეთში საქართველოს ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონის გავლით - ტვირთი სოხუმში გადაიტანეს საკონტეინერო მატარებლით, შემდეგ კი - თურქეთში ანატოლიის გემით გაიგზავნა. ეს ინფორმაცია აფხაზეთის დე ფაქტო საბაჟო კომიტეტმა დაადასტურა.

ეს არ იყო ერთეული შემთხვევა. მომდევნო თვეებში განვითარებულმა მოვლენებმა დაადასტურა, რომ რუსეთის მხრიდან იზრდება ოკუპირებული ტერიტორიების გამოყენების ინტერესი. მაგალითად, მოსკოვსა და სოხუმს შორის 2023 წლის 16 ივნისს გაფორმდა ე.წ. სამთავრობო შეთანხმება, რომლის თანახმად ოკუპირებული აფხაზეთის ქალაქ სოხუმის აეროპორტი 49 წლის ვადით რუს ინვესტორზე გასხვისდა. რუსეთისთვის სოხუმის აეროპორტის ამოქმედება სანქციებისთვის გვერდის ავლის ახალი შესაძლებლობა იქნება.

აქამდე რუსეთი სოხუმის აეროპორტის განახლებაზე უარს ამბობდა, თუმცა ახლა, როდესაც სანქციები მკაცრდება და მათ მოხსნაზე ჯერ საუბარი არ არის, რუსეთს სჭირდება დამატებითი სატრანსპორტო კომუნიკაციები ე.წ. რუხ, უკონტროლო სივრცეში, რომელიც მსოფლიოს მიერ აღიარებული არაა. მოსალოდნელია, რომ რუსეთი შეეცდება, გამოიყენოს აფხაზეთში არსებული პორტიც და აეროპორტიც - ტვირთები მატარებლით ან თვითმფრინავებით შემოვა სოხუმში და სატრანსპორტო გემით გაიტანენ პორტიდან. შეიქმნება დამატებითი რესურსი სანქციების გვერდის ავლისთვის.

ერთის მხრივ ნათელია, რომ ამის საპასუხოდ საქართველოს არ აქვს რუსეთზე გავლენის მოხდენის ბერკეტი, თუმცა მან ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ თურქეთი არ იყოს ჩართული რაიმე სქემაში, რომელიც არღვევს სანქციებს ან წაახალისებს აფხაზეთში უკანონო ვაჭრობას. საქართველო ამ პრობლემას დამოუკიდებლად ვერ გაუმკლავდება და დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერას საჭიროებს. პარტნიორები სოხუმის აეროპორტს საქართველოს საჰაერო სივრცის ნაწილად მიიჩნევენ და ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა, როდესაც განაცხადა პრესკონფერენციაზე, რომ შეერთებული შტატები აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. აშშ, ისევე როგორც ევროკავშირი, მუდმივად მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება, გაიყვანოს ძალები კონფლიქტამდე პოზიციებზე, ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად.

აქედან გამომდინარე, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია თავადაც დააფიქსიროს მკაფიო და გადამწყვეტი პოზიცია პარტნიორების მხარდასაჭერად, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაცვასთან დაკავშირებით. განვითარებული მოვლენების საპასუხოდ, რამდენიმე გადაწყვეტილება ამ მიმართულებით იყო მიღებული ხელისუფლების მიერ 2023 ივლისის ბოლოს.

კერძოდ, აშშ-ს და ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების შესაბამისად, საქართველოს მთავრობა 1 აგვისტოდან კრძალავს საქართველოს ტერიტორიაზე აშშ-დან შემოყვანილი მანქანების რეექსპორტ/ექსპორტს რუსეთში და ბელარუსში. ასევე, 26 სექტემბრიდან იკრძალება საქართველოს ტერიტორიაზე ევროკავშირიდან შემოყვანილი მანქანების რეექსპორტი/ექსპორტი რუსეთში და ბელარუსში, როგორც ამას ითვალისწინებს დაწესებული სანქციების მე-11 პაკეტი.

ამასთან აღსანიშნავია, რომ 2023 წლის 6 თვეში საქართველოდან რუსეთში 3,786 ცალი ავტომობილი გავიდა (53 მლ დოლარის ღირებულების) და ექსპორტი წლიურად 274%-ით არის გაზრდილი. ასევე, გაზრდილია ავტომანქანების ექპორტი საქართველოდან სხვა მეზობელ ქვეყნებშიც. სტატისტიკა ასეთია:

  1. ყირგიზეთი - $236 მლნ, მანქანების რაოდენობა 5,840, ერთი მანქანის საშუალო ფასი $40.4 ათასი, ზრდის ტემპი 1673%
  2. ყაზახეთი - $236 მლნ, მანქანების რაოდენობა 13,916, ერთი მანქანის საშუალო ფასი $17 ათასი, ზრდის ტემპი 694%
  3. აზერბაიჯანი - $226 მლნ, მანქანების რაოდენობა 14,206, ერთი მანქანის საშუალო ფასი $16 ათასი, ზრდის ტემპი 75%
  4. სომხეთი - $185 მლნ, მანქანების რაოდენობა 10,235, ერთი მანქანის საშუალო ფასი $18 ათასი, ზრდის ტემპი 1159%
  5. რუსეთი - $53 მლნ, მანქანების რაოდენობა 3,786, ერთი მანქანის საშუალო ფასი $14 ათასი, ზრდის ტემპი 274%
  6. ტაჯიკეთი - $16 მლნ, მანქანების რაოდენობა 1,435, ერთი მანქანის საშუალო ფასი $11 ათასი, ზრდის ტემპი 307%
  7. ბელგია - $11 მლნ, მანქანების რაოდენობა 232, ერთი მანქანის საშუალო ფასი $48 ათასი, კლება წინა წელთან -24%
  8. უკრაინა - $7 მლნ, მანქანების რაოდენობა 519, ერთი მანქანის საშუალო ფასი $14 ათასი, კლება წინა წელთან -78%
  9. არაბთა გაერთიანებული საემიროები - $6 მლნ, მანქანების რაოდენობა 86, ერთი მანქანის საშუალო ფასი $75 ათასი, ზრდის ტემპი 6%
  10. თურქეთი - $4 მლნ, მანქანების რაოდენობა 219, ერთი მანქანის საშუალო ფასი $20 ათასი, ზრდის ტემპი 234%

არის კიდევ ერთი ახალი გამოწვევა, რომელიც საქართველოს წინაშე რუსეთის პრეზიდენტის მაისის თვის გადაწყვეტილებით გაჩნდა. 2023 წლის 11 მაისს რუსეთის ხელისუფლებამ საქართველოსთან საჰაერო მიმოსვლის აკრძალვა მოხსნა. ამის შესახებ ისაუბრა ივნისის ბოლოს თბილისში ვიზიტისას ბრიტანელმა ოფიციალურმა პირმა, კუმარ აიერმა - გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების გენერალური დირექტორმა. მან აღნიშნა, რომ რუსეთთან ფრენების აღდგენასა და სანქციებისთვის თავის არიდებას შორის შეიძლება არსებობდეს კავშირი და ხაზი გაუსვა ფრენების დროს ყოვლისმომცველი კონტროლის მნიშვნელობას. კუმარ აიერმა ასევე აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა მზადაა ქართველი კოლეგების ექსპერტიზის შესაძლებლობები გაზარდოს, კონტროლის მექანიზმის შემდგომი განვითარების მიზნით.

რუსეთთან სამოქალაქო დანიშნულების ფრენების აღდგენის შესაძლებლობას ასევე ეხმიანება ევროკავშირი, რომელიც მოუწოდებს საქართველოს, შეუერთდეს ევროკავშირს და სხვა ქვეყნებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებში საავიაციო სექტორში და შეინარჩუნოს სიფხიზლე.

ამას ერთვის კიდევ ერთი პრობლემა - გაერო-ს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (ICAO) შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის საჰაერო თვითმფრინავების პარკის უსაფრთხოების მდგომარეობასთან დაკავშირებით. ევროკავშირის განცხადებით, ევროკავშირის სანქციების გამო, რუსული თვითმფრინავების ფლოტის 95%-ს არ შეუძლია თავისი თვითმფრინავების განახლება, რაც აუცილებელია საერთაშორისო ტექნიკური და უსაფრთხოების სტანდარტების შესანარჩუნებლად, და საქართველომ არ უნდა დაუშვას არაუსაფრთხო რუსული თვითმფრინავები მის ტერიტორიაზე.

ამასთან დაკავშირებით საინტერესო მოსაზრებები გამოითქვა 2023 წლის 26 ივლისს აშშ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამართულ აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელის ჯიმ ობრაიენის მოსმენაზე, რომლის კანდიდატურაც ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის პოსტზე განიხილებოდა.

კითხვა-პასუხის სესიის დროს, როდესაც სენატორმა ჯინ შაჰინმა ობრაიენს თბილისში ვიზიტისა და რუსეთის სანქციებზე ქვეყნის პოზიციის შესახებ ჰკითხა, ობრაიენმა უპასუხა, რომ საქართველოს შესაბამისი უწყებები სათანადო ნაბიჯებს დგამენ, რათა შეზღუდონ საბრძოლო დანიშნულების პროდუქციის რუსეთში გადაზიდვა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საჭიროა სრული კონტროლი საქართველოს საჰაერო გზით თუ სახმელეთო საზღვრის გასწვრივ გადაადგილებაზე და განაცხადა, რომ ამ მიზნის მისაღწევად უწყვეტი სამუშაოა საჭირო, რომ რუსეთის მხრიდან სანქციებისგან თავის არიდების მცდელობები მომავალშიც იქნება, და ამ მიზნით აშშ დიდძალ დახმარებას აწვდის საქართველოს: „ისინი (საქართველოს ხელისფულება) კარგი პარტნიორები არიან, ისინი გამჭვირვალე არიან იმასთან დაკავშირებით, რასაც ხედავენ. ახლა საკითხავია, შეგვიძლია თუ არა უკეთესი მონაცემების მიღება მომავალში და შეგვიძლია თუ არა, მკაფიოდ ვადევნოთ თვალი იმას, რაც ხდება საქართველოსა და რუსეთს შორის ახლახანს განახლებულ ფრენებთან დაკავშირებით“.

ამის შემდეგ სენატორმა ჯინ შაჰინმა ჯიმ ო’ბრაიენს დაუსვა შეკითხვა, არის თუ არა ფრენების განახლება ის საკითხი, რომლის გამოც აშშ შეშფოთებულია, რადგან ის გააჩენს სანქციების გვერდის ავლის შესაძლებლობას, რაზედაც ჯიმ ო’ბრაიენმა უპასუხა: „არ ვიტყოდი, რომ შეშფოთებულები ვართ, მაგრამ აშკარად არის შესაძლებლობა და ჩვენ გვინდა დარწმუნებული ვიყოთ, რომ ვიცით, რა ხდება იმ თვითმფრინავებზე, რომლებიც რუსეთში ბრუნდებიან“.

ამგვარად, საქართველოს ხელისუფლება უახლოეს მომავალში ვალდებული იქნება მიიღოს გადაწყვეტილებები მის წინაშე არსებულ გამოწვევებზე საპასუხოდ სანქციების ადმინისტრირების გაუმჯობესების მიზნით, რაც დაარწმუნებს მის პარტნიორებს - აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს, ევროკავშირს და მის წევრ ქვეყნებს, რომ საქართველოს გავლით არ ხდება რუსეთში სანქცირებული პროდუქციის შეტანა.

გამოყენებული წყაროები:

Politico - New sanctions against Russia stuck in limbo over Greek-Hungarian protest, 26.05.2023. Available at: https://www.politico.eu/article/new-sanctions-against-russia-stuck-limbo-greece-hungary-protest-ukraine-war/

What are sanctions? BBC News Europe, 25.05.2023. Available at: https://www.bbc.com/news/world-europe-60125659

Department of Commerce, Department of the Treasury, and Department of Justice Tri‐Seal Compliance Note: Cracking Down on Third‐Party Intermediaries Used to Evade Russia‐Related Sanctions and Export Controls. 02 March 2023. Available at: https://www.justice.gov/file/1571336/download?utm_medium=email&utm_source=govdelivery

https://www.consilium.europa.eu/en/policies/sanctions/restrictive-measures-against-russia-over-ukraine/history-restrictive-measures-against-russia-over-ukraine/

Sanctions on Russia may not be working, we now know why. Opinion paper written by representatives of Norwegian Helsinki Committee Berit Lindeman and Ivar Dale, Aljazeera, 05.06.2023 . Available at: https://www.aljazeera.com/opinions/2023/6/5/sanctions-on-russia-may-not-be-working-we-now-know-why

Foreign Relations Committee, US Senate, NOMINATION HEARING, July 26th, 2023. Available at: https://www.foreign.senate.gov/hearings/nominations-07-26-2023?fbclid=IwAR16Z_PFTWOnVyDSHjOQ4WoWp07MRrdeW53ZL1sDDOWEbydW_YhB0AyFPUY

საქართველოს მედია წყაროები, 28 ივნის 2023. თბილისში ვიზიტად მყოფი აშშ, დიდი ბრიტანეთის და ევროკავშირის წარმომადგენლების პრესკონფერენციის შესახებ.

https://civil.ge/ka/archives/549958

https://www.interpressnews.ge/ka/article/765138-jim-obraieni-gamamxnevebeli-siaxlea-rom-sakartvelo-dgams-realur-nabijebs-rata-shezgudon-akrzaluli-sakonlis-rusetshi-gadazidva-magram-gvinda-darcmunebuli-viqot-rom-vicit-ra-xdeba-im-tvitmprinavebze-romlebic-rusetshi-brundebian

https://mediacritic.ge/article/ra-tkves-stumrebma-da-ra-gvitkhres-zhurnalistebma?fbclid=IwAR2t0FGhw8NBT8ISRrAfDKCinMKcR4w9yUdLAKIciCrb53ACBdTRl-VsY_8

საქართველოს მედია წყაროები 27-28 ივლისი 2023. აშშ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში 26 ივლისს 2023 გამართული აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელის ჯიმ ობრაიენის მოსმენა.

https://civil.ge/ka/archives/553405

https://www.amerikiskhma.com/a/7199953.html?fbclid=IwAR24gCKoc-RBljf4XwPVu1tDlcBH6R8jEa-hZipULwrBUHr0fMmjuUqU6wQ

საქართველოდან რუსეთში ამერიკული ავტომობილების ექსპორტი აიკრძალა - შემოსავლების სამსახური, Business Media, 02.08.2023. Available at: https://bm.ge/news/saqartvelodan-rusetshi-amerikuli-manqanebis-eqsporti-aikrdzala-shemosavlebis-samsakhuri?fbclid=IwAR1oEKSlaqdHRYiwBj5jBLQv0Eo5uOU1IdFrLVxg48qwJtRYkDX6USnphiY

აშშ სოხუმის აეროპორტს საქართველოს საჰაერო სივრცის ნაწილად მიიჩნევს - სახდეპი . Business Media, 02.08.2023. Available at: https://bm.ge/news/ashsh-sokhumis-aeroports-saqartvelos-sahaero-sivrtsis-natsilad-miichnevs-sakhdepi?fbclid=IwAR08oCrERV87Qg55cBiF4PZy_ALZ2ZY8a5HOnMUrQemKh6adZzUaMdCzwIA